"სად ქართველი და სად მარიხუანა?.. როგორც ჩანს, სურთ დასავლეთს აჩვენონ ქართველი საზოგადოების დემოკრატიულობა" - კვირის პალიტრა

"სად ქართველი და სად მარიხუანა?.. როგორც ჩანს, სურთ დასავლეთს აჩვენონ ქართველი საზოგადოების დემოკრატიულობა"

"უფროსი თაობის ადამიანები ახალგაზრდებში სიგარეტის მოწევასაც კი არ იწონებენ, არათუ მარიხუანას მოხმარებას"

რუსულმა გამოცემამ "Московский комсомолец» სეპციალური სტატია მიუძღვნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მარიხუანის მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი გაუქმდა.

"სად ქართველი და სად მარიხუანა?" - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორიც სვეტლანა ოსიპოვაა, ვკითხულობთ:

"ძნელი სათქმელია, თუ რამდენად ოცნებობდნენ ქართველები ამ ნანატრი დღის დადგომაზე. შეიძლება საერთოდაც არ ფიქრობდნენ, მაგრამ ეს დღე მაინც დადგა: ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ ნება დართო მოქალაქეებს ისევე თავისუფლად გააბოლონ მარიხუანა, როგორც აქამდე თამბაქოს აბოლებდნენ.

ამით დაკმაყოფილდა ოპოზიციური პარტიის "გირჩის" წევრების - ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ. ამიერიდან საქართველოში მარიხუანას მწევლებისათვის ყველა სანქცია ანტიკონსტიტუციურად ითვლება. რა თქმა უნდა, სასამართლომ იქვე აღნიშნა, რომ მარიხუანას მოწევის აკრძალვა ძალაში რჩება საზოგადოებრივ ადგილებში, აღმზრდელობით და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მაგრამ საერთოდ, თუ პირადი მიზან-სურვილის დაკმაყოფილებლად ეწევი და არავის სთავაზობ, არავის აცდუნებ, მოწიე, რამდენიც გინდაო.

როგორ უნდა შეფასდეს მანტიამოსხმული ბატონების ამგვარი ექსცენტრიული ნაბიჯი, რომელიც უპრეცედენტოა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში? დასავლეთისადმი გაკეთებული რევერენსი თუ ქართული ტოლერანტული საზოგადოების იდუმალ სურვილთა რეალიზება?

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის, პოლიტოლოგ ისმაილ აღაკიშევის აზრით, საეჭვოა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება ქართველთა მენტალიტეტს შეესაბამებოდეს.

"არ ვარ დარწმუნებული, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტს საქართველოს მთელ მოსახლეობაში დადებითი გამოძახილი ექნება", - ამბობს "მოსკოვსკი კომსომოლეცთან" საუბრის დროს პოლიტოლოგი, - "უფროსი თაობა ძალიან ნეგატიურადაა განწყობილი და გმობს მარიხუანას მოხმარებას ახალგაზრდების მიერ. არავის სურს, რომ მისი ვაჟი ან გოგონა სიგარეტს ეწეოდეს, ნარკოტიკის მოხმარებაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. როგორც ჩანს, ქვეყნის ხელისუფლებას ამით სურს დასავლეთს აჩვენოს ქართველი საზოგადოების დემოკრატიულობა. თუმცა, ჩემი აზრით, ეს უფრო პოპულისტური ხასიათის ნაბიჯს წარმოადგენს".

რაში გამოიხატება ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქართველების კულტურული ტრადიციები და ჩვეულებები? ცეკვაში, სიმღერაში, ღვინის დამზადებაში, საპატარძლოს რაინდულ მოტაცებაში ქორწინებამდე... მარიხუანას მოწევა კი თანამედროვე ქართული საზოგადოების ახალი კაპრიზია, ე.წ. "პიროვნების თავისუფალი განვითარების" მოტივით.

"დღეს, როცა ყველანაირი ტექნოლოგიური პროცესები გავლენას ახდენენ კულტურულ წარმოდგენებზე, ამ დროს ის თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი, ერთმანეთშია არეული", - ამბობს "მოსკოვსკი კომსომოლეცთან" საუბარში მემკვიდრეობის ინსტიტუტის დირექტორი ევგენი ბახრევსკი, - "ჩვენ პოსტმოდერნიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა კარგსა და ცუდს შორის ზღვარი იშლება. რასაკვირველია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ მოცემულ სიტუაციაში პროევროპული რეფორმისაკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. გარდა ამისა, ქართულ საზოგადოებაში თანდათან ინერგება აზრი, რომ მსუბუქი ნარკოტიკი არაყზე და ღვინოზე უარესი არ არის. თუმცა ასევე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ზოგიერთი ხალხში სპირტიან-ალკოჰოლიანი სასმელების ტრადიციები დიდი ხანია არსებობს. იგივე ითქმის მარიხუანას მოხმარებაზეც, რომელიც ამერიკის კონტინენტზე მცხოვრები აცტეკებისა და ინდიელების ისტორიის ნაწილია, კავკასიის მოსახლეობისათვის კი ეს ნარკოტიკი ბოლო საუკუნეებამდე ცნობილი არ იყო". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ