რამდენად უსაფრთხოა დღეს მშენებლობა?! - კვირის პალიტრა

რამდენად უსაფრთხოა დღეს მშენებლობა?!

მაკონტროლებელს გაკონტროლების უფლება ჩამორთმეული აქვს

"წელს სხვადასხვა მშენებლობაზე რამდენიმე მუშა დაიღუპა. რას უნდა დავაბრალოთ ეს. იქნებ იმას, რომ უსაფრთხოების ნორმებს მშენებლები უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან. როგორც ამბობენ, ბოლო წლებში საქართველოში მშენებლობისთვის ლიცენზიაც არ ყოფილა საჭირო. მაინტერესებს, "უტარებენ" კი ექსპერტიზას მშენებლობებს ან რამდენად საიმედოა ახალაშენებული კორპუსები.

პატივისცემით მუხრან კალანდარიშვილი, თბილისი".

"კვირის პალიტრა" ევროკავშირის ექსპერტს, მშენებელ ექსპერტთა საქართველოს ასოციაციის ხელმძღვანელ მალხაზ ბედიაშვილს ესაუბრა: - მშენებლობის დარგი იმხელა ყურადღებას საჭიროებს, რომ აუცილებლად სჭირდება ხელმძღვანელი გუნდი, სამინისტრო ან სპეციალიზებული დეპარტამენტი. დღეს კი ამ საქმეს ხელმძღვანელი არა ჰყავს.

ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროში არის პატარა ჯგუფი, რომელიც კი არ ხელმძღვანელობს მშენებლობის დარგს, არამედ მინისტრისა და მისი მოადგილეებისთვის მხოლოდ საინფორმაციო მასალას აგროვებს. ეს საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მშენებლობის დარგში არსებული პრობლემები აღმოიფხვრას. პრობლემები კი თავზე საყრელია: დაუშვებელია ულიცენზიოდ შენება.

მსოფლიოს თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ მისცემენ შენების უფლებას 8-9-ბალიან სეისმურ რაიონებში ულიცენზიო და არაპროფესიონალ პირს. საქართველოში კი ეს რატომღაც დაშვებულია. არადა, მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ უფლება, იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში. შესაბამისად, სახელმწიფო უნდა იყოს მათი სიცოცხლის დაცვის გარანტია, სახელმწიფომ კი ლიცენზია იმ მოტივით გააუქმა, რომ თურმე ქრთამით გაიცემოდა და კორუფციის გავრცელებას უწყობდა ხელს.

- როგორც ამბობენ, მაკონტროლებელ სამსახურებს მშენებლობების გაკონტროლების უფლებები შეზღუდული აქვთ.

- სამწუხაროდ, ასეა.

ზედამხედველს უფლება არა აქვს, სასამართლოს უნებართვოდ აიძულოს მშენებელი უხარისხოდ ნაგები კვანძი ან კონსტრუქცია გაასწოროს. სასამართლოს კი საქმის წარმოებისთვის დრო სჭირდება, რითაც უხარისხო მშენებელი სარგებლობს და თავის დანაშაულს ბეტონით ისე გადაასწორებს, რომ მერე მაკონტროლებელს შენიშვნის მართებულობის დადასტურება უჭირს.

ამიტომაც წუნი აღმოჩენისთანავე უნდა გასწორდეს.

მაკონტროლებელს უნდა ჰქონდეს გაკონტროლების უფლება, ნებისმიერ დროს უნდა შევიდეს ობიექტზე და შეამოწმოს ყველა კვანძი, რომელთაც საეჭვოდ ჩათვლის. ამისათვის მაკონტროლებელი უნდა იყოს მაღალკვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი. ჩვენთან მაკონტროლებელს არც რიგიანი ხელფასი და არც უფლებები აქვს. ამიტომაც საზედამხედველო ორგანოების მუშაობა უფრო კურიოზულია, ვიდრე საქმიანი.

- ამბობენ, რომ მშენებლობის პროცესში ზოგჯერ დოკუმენტში სხვა ხარისხის სამშენებლო მასალაა მითითებული, სინამდვილეში კი ბევრად უხარისხოს იყენებენ.

-  ასეც ხდება. ზოგჯერ პროექტში წერია, რომ გამოიყენება 300 მარკის ბეტონი, სინამდვილეში კი 200-ითაა ნაშენი.

თუ მაკონტროლებელი არ შევა ობიექტზე, ამას ვერავინ შეამჩნევს. აუცილებელია ბეტონის მარკების შემოწმება. მანამდე მშენებელმა უნდა შეამოწმოს, რომელი მარკის ცემენტს ყიდულობს. შეიძლება სერტიფიკატში მითითებული იყოს სხვა და ტომარაში სხვა ხარისხის მასალა იყოს. დღეს კანონით, სერტიფიკატის წარმოდგენაც კი არ არის საჭირო.(!) არადა, როდესაც ცემენტს ვყიდულობ, ხომ უნდა ვიცოდე, კარგია თუ ცუდი? ამას დოკუმენტი უნდა მიდასტურებდეს.

- გამოდის, ზოგჯერ დოკუმენტს ქარხანაშივე აყალბებენ?

- ასე რომ არ მოხდეს, მშენებელმა უნდა შეამოწმოს, მშენებელს კი, თავის მხრივ, ექსპერტი უნდა ამოწმებდეს.

20-25 წლის წინ, როდესაც ჩემი კონსტრუქციებით შენდებოდა ყველა საზოგადოებრივი ნაგებობა, 16-სართულიანი სახლისთვის მშენებელმა რუსთავიდან ჩამოიტანა არმატურა, რომელიც გადმოტვირთვის დროს ძირს დავარდა და გატყდა.(!) წარმოგიდგენიათ, 20-25-მილიმეტრიანი არმატურა გატყდა? მშენებელმა მყისვე ზავრიევის სახელობის ინსტიტუტს მიაშურა.

იმ დროს ინსტიტუტის დირექტორმა, ბატონმა შალვა ჯაბუამ ჯოხი დაარტყა წუნიან არმატურას და გატეხა. ასე რომ, ყველაფერი ხდება ტექნოლოგიური პროცესების დარღვევის გამო. ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის არის საჭირო ცხრა ყური და თვალი და ექსპერტიზა.

- უცხოურ სამშენებლო მასალებს აქვს ხარისხის სერტიფიკატი?

- აქვს, მაგრამ საკითხავი ის არის, შეესაბამება თუ არა მასალების ხარისხი სერტიფიკატს. ამიტომაც უცხოეთშივე, შემოტანამდე უნდა შემოწმდეს მასალა. ასევე აუცილებელია სამშენებლო პროექტების შემოწმება. ამჟამად მხოლოდ ხუთ სართულზე მაღალი შენობების პროექტების ექსპერტიზაა სავალდებულო. არადა, დაბალსართულიანის მშენებლობის სტანდარტი და ხარისხიც უნდა მოწმდებოდეს. ჰაიტიზე და ჩილეში მიწისძვრის დროს სწორედ დაბალსართულიანი სახლები დაინგრა.

საყურადღებოა ისიც, რომ თითქმის ყველა მაღლივი სახლი ჩვენთან ძველი ტექნიკური მეთოდებით შენდება. თბილისში აშენებული 200-ზე მეტი მაღლივი სახლის ავტორი ვარ. ყავლაშვილისა და სხვა ცნობილი არქიტექტორების სახლები ჩემი კონსტრუქციებით შენდებოდა და რა ტექნოლოგიებსაც ვიყენებდი 20-25 წლის წინ, იმავეს იყენებენ ახლაც.

არადა, მსოფლიოში მშენებლობის დარგში დიდი ტექნოლოგიური პროგრესია. იაპონიაში ყველა მშენებლობაში სეისმოჩამხშობი ტექნოლოგიები ინერგება. იაპონიაში ასეთ მაგალითს გვიყვებოდნენ: მაღლივი შენობების ერთ უბანში ორი სახლი უახლესი სეისმოდამცავი ტექნოლოგიით იყო აშენებული, ორი კი ამის გარეშე. იმ შენობებში, სადაც არ გამოუყენებიათ სეისმოდამცავი ტექნოლოგია, მიწისძვრის დროს პანიკა ატყდა, ახალი ტექნოლოგიით აშენებულში კი ვერც გაიგეს, რომ მიწისძვრა იყო.

ბათუმში სასტუმრო "შერატონს" ექსპერტიზა ჩავუტარე. ბევრი შენიშვნა გვქონდა, წუნი რომ არ გაესწორებინათ, უსიამოვნება არ აგვცდებოდა. რატომ უნდა აშენებულიყო ნაგებობა სეისმოდამცავი ღონისძიებების გატარების გარეშე? სამწუხაროდ, უცხოელი ინვესტორები, არაბი და თურქი მშენებლები ახალ ტექნოლოგიებს უგულებელყოფენ და ახლაც იმავე მეთოდებით მუშაობენ, რასაც ჩვენ ვიყენებდით კომუნისტური რეჟიმის დროს.

ექსპერტი ლათინური სიტყვაა და "გამოცდილს" ნიშნავს. გამოცდილებას კი დამადასტურებელი დოკუმენტი სჭირდება. ისევე, როგორც მშენებელს ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ახალი თაობის მშენებლები დიდი ცოდნით ვერ დაიკვეხნიან. ამიტომაც შევქმენით მშენებელმა ექსპერტებმა ასოციაცია და სპეციალური პროგრამა მშენებლებისა და ექსპერტების მოსამზადებლად. თუმცა, თუ კანონი არ შეიცვალა, მარტო ჩვენი ძალისხმევა საქმეს ვერ უშველის.