"სამწუხაროდ, ყველას ავიწყდება, რომ მარიხუანა ნარკოტიკია" - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ, ყველას ავიწყდება, რომ მარიხუანა ნარკოტიკია"

მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ კანონის აღსრულებისთვის ბერკეტი გამოგვაცალა, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ზოიძემ აღნიშნა, უმჯობესი იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს არა მარიხუანაზე, არამედ სხვა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე ემსჯელა, რადგან მარიხუანას მოხმარებაზე საპატიმრო სასჯელი უკვე გაუქმებული იყო.

"ჩვენი, 5 დეპუტატის მიერ ინიცირებულ ნარკოპოლიტიკის რეფორმის პაკეტში ჩადებული იყო ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია, გარდა მარიხუანასი, რადგან მარიხუანა უკვე დეკრიმინალიზებული იყო, საპატიმრო სასჯელი უკვე გაუქმებული იყო. შესაბამისად, ჯობდა საკონსტიტუციო სასამართლოს ემსჯელა სხვა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე და არა მარიხუანასთან დაკავშირებით ასეთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც საკანონმდებლო ბერკეტებს გვართმევს იმისათვის, რომ ვარეგულიროთ ამ ნარკოტიკის მოხმარება ქვეყანაში. ის, რომ მარიხუანა ნარკოტიკია, სამწუხაროდ, ყველას ავიწყდება. მისი რეგულარული მომხმარებლების 20% აქვს ფსიქოზური გვერდითი მოვლენები.

მე პირადად მომხრე ვარ, რომ ამ ახალი გადაწყვეტილების ფარგლებში მაქსიმალური შეზღუდვები და აკრძალვები გამოვიყენოთ მარიხუანასთან მიმართებაში. მასზე უნდა გავრცელდეს ის შეზღუდვები, რაც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონით გვაქვს. გარდა ამისა, ღია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც შესაძლოა, რომ იყვნენ ბავშვები, მაგალითად სკვერები, სტადიონები და ა.შ. ჩემი აზრით, უნდა გავრცელდეს ანალოგიური რეგულაცია. ასევე მომხრე ვარ, რომ შეზღუდვები დაწესდეს ასაკის მიხედვითაც. მე პირადად მომხრე ვარ, რომ მარიხუანას მოხმარების აკრძალვა გავრცელდეს 21 წლამდე," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

როგორც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ის მომხრეა, რომ შეზღუდვები შეეხოს იმ პროფესიებსაც, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან არის დაკავშირებული.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი, მემანქანე, პილოტი, ექიმი, მასწავლებელი, საჯარო მოხელე და ა.შ. - ამ პროფესიებშიც მაქსიმალური შეზღუდვები უნდა იყოს. რომ შევაჯამოთ, მე ვარ უმკაცრესი რეგულაციების მომხრე.

ნარკოპოლიტიკის ძირითადი ამოცანაა როგორც მარიხუანას, ასევე დანარჩენი ნარკოტიკული საშუალებების შემცირება. ამისათვის აუცილებელია დეკრიმინალიზაცია. ანუ ყველა ნარკოტიკის არალეგალურად დატოვება, აკრძალვა, ოღონდ საპატიმრო სასჯელის ჩანაცვლება მკურნალობით, ზრუნვით და დახმარებით," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

იხილეთ ასევე: "შვილს რა ვუთხრა, ბიჭო, კარგია მარიხუანა, მოსწევ და გამოქლიავდები-მეთქი?"

"ინტერპრესნიუსი"