"დირექტორის თვალწინ მოვიკლავ თავს" - კვირის პალიტრა

"დირექტორის თვალწინ მოვიკლავ თავს"

რედაქციაში რამდენჯერმე დარეკეს ხაშურის მე-9 საჯარო სკოლის პედაგოგებმა, - ჩვენთან ჩამობრძანდით, სკოლაში უამრავი დარღვევა და  იმდენი უსამართლობაა, აჯობებს, ყველაფერი თავად ნახოთ და მოისმინოთო. სკოლაში დღეს ორი ბანაკია - სკოლიდან დასათხოვნებისა და სკოლაში დარჩენილების. ორივე ბანაკს თავისი არგუმენტები აქვს. ჭეშმარიტება კი, როგორც ყოველთვის, ალბათ, სადღაც შუაშია საძებნი.

"ვითარებაში გარკვევა" სკოლიდან დასათხოვნებთან შეხვედრით დავიწყე.

ლუიზა ჭელიძე, სკოლის ბიბლიოთეკარი: - სრულ განაკვეთზე ვმუშაობდი და ნახევარი განაკვეთის ხელფასს, 70 ლარს ვიღებდი, თავად დირექტორმა კი ხელფასი 899 ლარამდე გაიზარდა. გვეუბნება, თანამშრომლების შემცირებას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ითხოვს, თუ ხელს ჩემკენ გამოიშვერთ, სამსახურს დატოვებთო.

ვალია კუჭაძე, ბიოლოგიის მასწავლებელი: "ბატონი მურად მთვარელიძე ლოტოტრონით დაინიშნა ჩვენს სკოლაში. ხაშურში ყოფნისას მაშინდელ მინისტრ კახა ლომაიას მასწავლებლებმა შესჩივლეს, როგორ აიძულა პორტფოლიოების ყიდვა მთვარელიძემ 5 ლარად, როდესაც მათი ფასი 1 ლარი და 20 თეთრი იყო. მინისტრი ხაშურელ პედაგოგებს დაჰპირდა, ხვალიდან მთვარელიძე რესურსცენტრის უფროსი აღარ იქნებაო. მართლაც გაათავისუფლეს პირადი განცხადების საფუძველზე, მაგრამ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და სასწავლო ნაწილის მაშინდელი გამგის წყალობით მაინც მოვიდა ჩვენს სკოლაში და მაშინვე დაიწყო რეპრესიები.

რამდენიმე მასწავლებელი მისი მოსვლისთანავე წავიდა სკოლიდან. გარდა იმისა, რომ ბიოლოგიას ვასწავლიდი, სამეურვეო საბჭოს საფინანსო კომისიის წევრიც ვიყავი. ერთხელ მთვარელიძემ მითხრა, მაგ სკამსაც დაგატოვებინებ და სხვასაცო. იცოდა, მის კანდიდატურას რომ არ ვემხრობოდი - კენჭისყრისას ხმა არ მივეცი. ვიფიქრე, რამეში არ მომედავოს-მეთქი და სამეურვეო საბჭო დავტოვე. მაგრამ მასწავლებლობაზე უარის თქმას არ ვაპირებ. სკოლაში ჩემზე ასაკიანებს ტოვებენ და მე რატომ უნდა წამოვიდე?

მთვარელიძეს სკოლაში 40-მდე "მკვდარი სული" ჰყავდა, რომ ვაუჩერები "მოეტეხა" სახელმწიფოსთვის (ყველა მოსწავლეს სკოლაში ვაუჩერი, ანუ  350-ლარიანი დაფინანსება აქვს). ორ ცეცხლს შუა ვიყავი. "მკვდარ სულებს" "არა" რომ დავუწერო, ვაითუ, დირექტორს ეწყინოს-მეთქი, არ დამეწერა და ყულფში ვყოფდი თავს. ამიტომაც იმ კლასებში გაკვეთილის ჩატარებაზე, სადაც "მკვდარი სულები" ჰყავდათ, უარი ვთქვი და 4 საათი დავიკელი.

საღამოს კლასებში, სადაც სამოცამდე მოსწავლე ირიცხებოდა, გაკვეთილები არ ტარდებოდა, მასწავლებლები კი ფულს იღებდნენ. მერე მთვარელიძემ საღამოს კლასის მოსწავლეების ნაწილი დღის კლასებში გადაიყვანა, ზოგიც სკოლიდან გაუშვა. დარღვევებზე გენინსპექციასაც მივწერე და პრეზიდენტსაც, მაგრამ თავიანთი დანაშაული რომ დაეფარათ, ჟურნალებიდან ამოხიეს ძველი ფურცლები  და სხვა ჩააწებეს.

დირექტორი ჩემზე ამბობს, უდისციპლინოაო. არადა, უდისციპლინო თვითონ მთვარელიძე და სასწავლო ნაწილის გამგე ჟუჟუნა კაციტაძეა, რომელიც სკოლაში ბიჟუტერიის გაყიდვას უნდება და მოსწავლეებს ამზადებს სამასწავლებლოში".

ნათელა აბაშიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: "ზამთარში მოსწავლეებისგან სკოლის გასათბობად ფული იკრიბებოდა. ჩემს კლასში საკმარისი თანხა ვერ შეგროვდა და ამის გამოც დამაკლეს ქულა. როგორ მოვთხოვო მოსწავლეს ფული, როდესაც ვიცი, რომ მის ოჯახს უკიდურესად უჭირს? ისეთ მდგომარეობაში ვარ, დირექტორის თვალწინ მოვიკლავ თავს".

ლუდმილა ანდერსონი-მეტრეველი, რუსული ენის მასწავლებელი: "ბავშვებისგან აკრებილი ფულით ვყიდულობდით ფარდებს, საკიდებს, ვიხდიდით გათბობის ფულს. მშობლები უკმაყოფილებას ვეღარ მალავენ. ვისაც მეტი ფული ჰქონდა აკრებილი, ის მოწინავე კლასი იყო. მაგიდაზე მუშტების ბრახუნით აიძულებდნენ ბავშვებს ფულის მოტანას".

დათხოვნილი პედაგოგების შემდეგ მე-9 სკოლისკენ გავემართე, ხაშურის გარეუბანში. ისეთი მოწყობილი აღმოჩნდა, თბილისის ბევრ სკოლას რომ შეშურდება.

KvirisPalitra.Geმურად მთვარელიძე, მე-9 სკოლის დირექტორი: "ორი მეთერთმეტე კლასი გაერთიანდა და საათების შემცირება ამან გამოიწვია. ხაშურში მკაცრი ზამთარი იცის, ზოგჯერ ოქტომბერშიც გვიწევს გათბობის ჩართვა.

ამას დიდი თანხა სჭირდება. აქამდე სახელმწიფო გვეხმარებოდა, მაგრამ ახლა გვითხრეს, თანხების ისეთი აკუმულირება მოახდინეთ, რომ ჩვენთვის არ გქონდეთ ფული სათხოვნელიო, ამიტომ  გადავწყვიტეთ ადმინისტრაციის და პედაგოგების  შემცირებაც. სულ 6 პედაგოგი დავითხოვეთ. როგორც პედაგოგი, მეც შევმცირდი. ძველი დირექტორი ჩემი მეგობარია და მისი მომხრეებისადმი შურისძიების გრძნობა სულაც არ მამოძრავებს.

თუ შურისძიება მინდოდა, 3 წელი გავაჩერებდი სკოლაში? პედაგოგის ასაკს მნიშვნელობა არა აქვს. გვყავს 77 წლის პედაგოგი, რომელსაც კატეგორიულად არ ვათავისუფლებ, რადგან მოსწავლეებს უყვართ და მაღალრეიტინგულია. ამ სკოლაში რომ შემოვედი, იატაკში ფეხი მივარდებოდა. რასაც ხედავთ, ყველაფერი ჩემი გაკეთებულია, მაგრამ არიან პედაგოგები, რომელთაც დანგრეული სკოლა მოსწონდათ.

- ბატონო მურად, როგორც მითხრეს, სკოლაში "მკვდარი სულები" გყოლიათ, რომ საღამოს ჯგუფებში გაკვეთილები არ ტარდებოდა და მასწავლებლები ხელფასს იღებდნენ.

-  საღამოს ჯგუფებში თითო-ოროლა ბავშვი მოდიოდა, ამიტომაც გავაუქმე. მასწავლებლებს ეს არ მოეწონათ, რადგან უნდოდათ, მეტი საათები და ხელფასი ჰქონოდათ.

- ამბობენ, რომ სკოლაში ფული ძალდატანებით გროვდებოდა.

- დაამტკიცონ, რომ მოსწავლეებს ძალდატანებით მოჰქონდათ, შემოწირულობა კი სკოლაში არ არის აკრძალული. ასეთ რაღაცებს მხოლოდ ოთხი განაწყენებული მასწავლებელი ამბობს, ჯგუფი, რომელიც სიახლეებს ვერ ეგუება.

- დამიკონკრეტეთ, პედაგოგებს სამინისტროს ბრძანებით ათავისუფლებთ თუ პირადი ინიციატივით?

- რესურსცენტრში განგვიცხადეს, დაგეგმეთ საშტატო განრიგი ისე, რომ გათბობის ფული ჩვენთვის სათხოვნელი არ გაგიხდეთო. სკოლაში 500 მოსწავლე გვყავს და მეტ შტატს ვერ დავტოვებ.

- სკოლაში რეპეტიტორობაც კანონით არის დაშვებული?

- არ შეიძლება მასწავლებელმა მოამზადოს აბიტურიენტი, რომელიც მისი მოსწავლე არ არის? ასეთი მოსწავლეები მე არა მყავს და არც მომხვედრია თვალში, რომ რომელიმე პედაგოგი სკოლაში რეპეტიტორობდეს. სკოლიდან გათავისუფლებულები კარდაკარ დადიან, მშობლები შეცდომაში შეჰყავთ და ჩემს საწინააღმდეგო ხელმოწერებს აგროვებენ.

კაცი ფეხზე ვეღარ ვდგავარ და ამდენი უმადურობა აღარ შეიძლება. ეზოს მოწყობა მინდოდა, მაგრამ ხალისი დამეკარგა".

დირექტორის შემდეგ მე-9 სკოლის პედაგოგებსაც შევხვდი, რომლებიც მიუხედავად შვებულებისა, სკოლაში დამხვდნენ.

ყველაზე მეტად ერთი პედაგოგის ნათქვამი დამამახსოვრდა: "აქამდე ყველაფერი მოსწონდათ და ახლა აღარ მოსწონთ?"