ქართველმა სიკვდილის შემდეგ თურქეთის ხუთ მოქალაქეს სიცოცხლე აჩუქა - კვირის პალიტრა

ქართველმა სიკვდილის შემდეგ თურქეთის ხუთ მოქალაქეს სიცოცხლე აჩუქა

თურქეთში გარდაცვლილმა 24 წლის საქართველოს მოქალაქემ თავისი ორგანოების გადანერგვით თურქეთის ხუთ მოქალაქეს სიცოცხლე აჩუქა - ამის შესახებ საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გია თომაძემ გვიამბო:

- დღეს მსოფლიოში, ძირითადად, ექვსი ორგანოს გადანერგვის ოპერაციები ტარდება. ეს ორგანოებია: თირკმელი, ღვიძლი, გული, ფილტვი, პანკრეასი და ნაწლავი. საქართველოში მხოლოდ ორი ორგანოს გადანერგვა ხდება - თირკმლისა და ღვიძლის.

გადასანერგი ორგანოების ორი წყარო არსებობს: დონორი შეიძლება იყოს ცოცხალი ან გარდაცვლილი. საქართველოში გვამური დონაცია არ წარმოებს და ამას თავისი მიზეზები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კანონმდებლობით გარდაცვლილის ორგანოების გამოყენება დასაშვებია, საბოლოოდ მაინც გარდაცვლილის ოჯახმა უნდა განაცხადოს თანხმობა, ამ საკითხის მიმართ კი ჩვენი მოსახლეობის განწყობა არც ისეთი პოზიტიურია.

23-25 ივლისს სტამბოლში ორგანოთა ტრანსპლანტაციასა და დონაციასთან დაკავშირებული საერთაშორისო სემინარი ჩატარდა, რომელზეც ლექტორის სტატუსით ვიყავი მიწვეული. მკითხეს, რატომ არ ხდება საქართველოში გვამური დონაციაო? ვუთხარი, ერთ-ერთი პრობლემა ფინანსებია, მეორე კი - მოსახლეობის განწყობა-მეთქი. ამის შემდეგ შეკითხვის ავტორმა მამცნო, რომ აპრილში თურქეთში ავტოავარიის შედეგად 24 წლის საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილა (ვინაობის გამხელა არ შეიძლება. დონორის ახლობლები და რეციპიენტი ერთმანეთს არ უნდა იცნობდნენ სხვადასხვა მოსაზრების გამო). მისი გარდაცვალება თავის ტვინის სიკვდილმა გამოიწვია, ამ შემთხვევაში კი გულისცემა გარკვეული ხნით შენარჩუნებულია და თავის ტვინის გარდა, სისხლი სხვა ორგანოებს მიეწოდება. შესაბამისად, გადასანერგად უფრო ვარგისია, ვიდრე გულისცემაშეწყვეტილი ადამიანისგან ამოღებული ორგანოები. თურქული კლინიკა დაუკავშირდა გარდაცვლილის ოჯახს საქართველოში და სტამბოლში მიიწვია. თავდაპირველად ოჯახის წევრებმა გვამურ დონაციაზე უარი განაცხადეს, მაგრამ მას მერე, რაც მათ აუხსნეს, რომ თანხმობის შემთხვევაში ხუთ ადამიანს შეუნარჩუნებდნენ სიცოცხლეს, დათანხმდნენ. შედეგად, თურქეთის ხუთ მოქალაქეს გადაენერგა საქართველოს მოქალაქის გული, ფილტვი, ორი თირკმელი და ღვიძლი.

საქართველოში არის რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელთაც გაცხადებული აქვთ, რომ სიკვდილის შემთხვევაში თანახმა არიან, მათი ორგანოები გამოიყენონ გადასანერგად, თუმცა, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ოჯახის წევრების მისაღებია.

- როდესაც საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრები გარდაცვლილის დონორობაზე დაითანხმეს, მათ თანხა შესთავაზეს? - დონორობისთვის თანხას არ იხდიან.

- "ვყიდი თირკმელს, რადგან მჭირდება ფული" - ეს ხუმრობაა თუ... - ეს სამწუხარო რეალობაა. მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში ორგანოებით ვაჭრობა გაიგივებულია ტრეფიკინგთან. ჩვენი კანონმდებლობით, ორგანოებით ვაჭრობა 8-დან 15 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს. ოჯახის წევრის ან ახლობლის შემთხვევაში (ასეთი გადანერგვა ცოცხალი დონორისგან წარმოებს) დონაცია უანგარო უნდა იყოს.

- რა ღირს ორგანოების გადანერგვა? - თირკმლის გადანერგვის ოპერაციები საქართველოში 1995 წლიდან დაიწყო, ხოლო ღვიძლის პირველი გადანერგვა 2014 წლის დეკემბერში ჩატარდა. თირკმლის გადანერგვა 25.000 ლარია, ღვიძლის - 120.000 ლარი. საქართველოს მოქალაქისთვის თირკმლის გადანერგვას სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, ღვიძლის გადანერგვა კი ჯერჯერობით ნაწილობრივ ფინანსდება.

საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს თირკმლის გადანერგვა. ამჟამად აღრიცხვაზე მყოფი ორგანოგადანერგილი პაციენტების 2/3-მა ოპერაცია საქართველოში გაიკეთა. ვისაც გვამისგან აქვთ გადანერგილი ორგანო, მათ საზღვარგარეთ ჩაუტარდათ ოპერაციები, უმეტესწილად, თურქეთში, ბელორუსიაში, რუსეთსა და აზერბაიჯანში. ღვიძლის გადანერგვა თურქეთში 90.000 დოლარი ჯდება, ზოგან - 100.000, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კი - 150.000 ევროც. ყველაზე ძვირი გულის გადანერგვაა და 300.000 ევრომდე ჯდება.

დღეს საქართველოში გადაუდებელი პრობლემაა გვამური დონაციის ამოქმედების პროგრამა. ჩვენმა ასოციაციამ შექმნა დარგის განვითარების ნაციონალური პროგრამა, რომელიც მეცნიერებათა აკადემიამ განიხილა და ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს დონეზეა გაჩერებული. გვამურ დონაციას ჯერ სპეციალური იმუნოლოგიური ლაბორატორიის შექმნა სჭირდება, რათა მომლოდინე პაციენტებს ჩაუტარდეთ იმუნოლოგიური სკრინინგი. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ სწორად შეირჩეს დონორის შესაფერისი რეციპიენტი. აუცილებელია მასმედიის მხარდაჭერაც მოსახლეობაში ამ საკითხისადმი პოზიტიური განწყობის შესაქმნელად.

ორგანოთა გადანერგვის პირველი ოპერაციები

სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ყოველწლიურად 120 000 ახალი ორგანოს გადანერგვა ხდება. ყველაზე ხშირი თირკმლის ტრანსპლანტაციაა, შემდეგ მოდის ღვიძლი, პანკრეასი და გული.

თირკმლის გადანერგვის პირველი ოპერაცია 1954 წელს აშშ-ში ჩატარდა, გადანერგვა ტყუპებს შორის მოხდა და იმუნოლოგიური კონფლიქტი არ არსებობდა, ამიტომ ეს ოპერაცია შედეგიანად დასრულდა. მანამდე თირკმლის პირველი წარუმატებელი გადანერგვა 1933 წელს ჩატარდა უკრაინაში. მაშინ იმუნოლოგიურმა კონფლიქტმა იჩინა თავი და უცნობი იყო მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები.

1963 წელს ღვიძლის გადანერგვა პირველად აშშ-ში მოხდა. გულის გადანერგვის პირველი ოპერაცია 1967 წელს სამხრეთაფრიკელმა ექიმმა ქრისტიან ბარნარმა ჩაატარა აფრიკის ქალაქ ქეიფთაუნის კლინიკაში. პანკრეასის პირველი წარმატებული ოპერაცია 1966 წელს აშშ-ის მინესოტის შტატში განხორციელდა.

ეკა სალაღაია