კატოს ზღაპარი მამიკოს
კატოს ზღაპარი მამიკოს
"ჰოდა, ერთხელ ნიტა წავიდა და კრეფდა­ ყვავილებს"... ასე იწყება 3 წლის კატო რუსიშვილის მამის თხოვნით ძილის წინI სახელდახელოდ გამოგონილი ზღაპარი. მამამ კატოს ნაამბობი მალულად ჩაიწერა, ცოტა ხნის შემდეგ კი ამ ზღაპარზე ორწუთიანი მულტფილმი გადაიღო და კატოს ხმით გაახმოვანა, მერე კი ეს ვიდეო ინტერნეტით გამოაქვეყნა და მრავალათასიანი მოწონება და გამოხმაურებაც დაიმსახურა. არ ვიცი, ასეთი რამ სადმე, სხვა ქვეყანაში თუ მომხდარა, მაგრამ საქართველოში ნამდვილად პირველია. პირველი მამა, რომელმაც ყველაზე ორიგინალურად გამოხატა მამაშვილური
სიყვარული, თან ისე, რომ ემოცია გადამდები ყოფილიყო.
ჩვენ კი დიდი სიამოვნებით გაგაცნობთ ცოტნე რუსიშვილს.

- პროფესიით იურისტი ვარ და ამ სფეროშივე ვსაქმიანობ. ანიმ­აცი­ის კეთება­ ორი წლის წინ დავიწყე. თავდაპირველად ეს იყო ჰობი, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩემი საქმიანობის მეორე სფეროდ იქცა. ამჟამად სტუდია "ველოსიპედთან" ვთანამშრომლობ და
ჟირაფ ჟოზეს სერიებს ვქმნი. ერთ დღეს დრო მქონდა შეკვეთებს შორის და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, კატოს ზღაპრის მიხედვით მულტფილმი შემექმნა.

- ზღაპარი როდის და როგორ დაწერა?
- როგორც ყველა პატარა, კატოც მთხოვს ხოლმე, ძილის წინ ზღაპარი მოვუყვე და მეც ვუყვები სახელდახელოდ მოგონილ ზღაპრებს, რომელთა გმირი ან თვითონ არის, ან მისი მეგობრები. ერთხელ ვთხოვე, ახლა შენ მომიყევი, სულ მე რომ მაყოლებ-მეთქი. რომ დაიწყო, ძალიან საყვარლად გამოსდიოდა და სასწრაფოდ ტელეფონში ჩავიწერე მისი ხმა. მერე დროდადრო ჩემთვის ვუსმენდი... ერთხელაც იდეა მომივიდა, გადამეღო მულტფილმი და მთხრობელი კატოს ხმა ყოფილიყო. ასე შევქმენი მულტფილმი, რომელიც 10 დღეში 24 000-ჯერ ნახეს და ყველას ძალიან მოეწონა. სიმართლე გითხრათ, ასეთ რეაქციას არ ველოდი...

- კატომ რა თქვა, როცა მულტფილმი ნახა?
- თავისი ხმა რომ გაიგონა და მულტფილმის მონაწილედ აღიქვა თავი, გადაირია სიხარულით. ეს ზღაპარი მის მეგობარ ნიტაზე იყო. ახლა მეუბნება, კიდევ გადაიღე მულტფილმი, ოღონდ ისეთი, რომ მთავარი გმირი მე ვიყოო.

- შეიძლება, თქვენი ექსპერიმენტი მნიშვნე­ლ­­ოვან წამოწყებად იქცეს და მამა-შვილი სხვა მულტფილ­მების ავტორადაც მოგვევლინოთ?
- არ ვიცი, ამ საკითხზე ვფიქრობ და ვმუშაობ. ვეცდები...

- კატო დედისერთაა?
- არა, ხუთი თვის ანდრიაც გვყავს.­ მამობამ მთლად შემცვალა. პასუხისმგებლობის გრძნობა დამემატა, მოტივაცია გამეზარდა. ათას იდეაზე ვფიქრ­ობ, უფრო შემართული ვარ, სხვადასხვა მიმართულებით უფრო თამამად ვცდი ძალებს. მინდა, შვილებთან დიდი დრო გავატარო - გასეირნება, ღამისთევა... ამ ყველაფერს მე და ჩემი მეუღლე შეძლებისდაგვარად ვინაწილებთ. ბედნიერებაა, იყო მამა.

- ახლა სად არის კატო?
- მე ვმუშაობ, ცოლ-შვილი კი დასასვენებლად არის. ტელეფონით ყოველდღე მელაპარაკება - მომენატრე, მალე ჩამოდი. სამსახურიდან რომ მოხვალ, სულ ჩემთან იყავი და მერე გვიან წადი სამუშაოდო. არ უყვარს ჩემი სამსახური. კატოსთან ურთიერთობისას ხშირად ვამჩნევ, როგორ ვიმეორებ შვილების მიმართ მამაჩემის დამოკიდებულებას. იმ მამაშვილურ სიყვარულს ახლა მე ვუზიარებ ჩემს შვილებს.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები