"მიდი, ძმაო, გააბოლე... ხალხის გამოთაყვანება უნდათ"
18-08-2018
"მიდი, ძმაო, გააბოლე... ხალხის გამოთაყვანება უნდათ"
მარიხუანას მოხმა­რებაზე სანქციების გაუქმების გადაწყვეტილებას საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება­ მოჰყვა.

"თუ მოხმარება ლეგალიზებულია, მიწოდებას რა ვუყოთ?"


კოტე ჯანდიერი, მწერალი: "ადამიანები არც სხვა ნარკოტიკების მოხმარებისთვის უნდა იხდიდნენ საპატიმრო სასჯელს და ქვეყანაში უნდა არსებობდეს ნარკოტიკული დამოკიდებულებისაგან მკურნალობისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა. რაც შეეხება მარიხუანას მოხმარების სრულ დეკრიმინალიზაციას, მით უმეტეს - ლეგალიზაციას, დაუშვებლად მიმაჩნია. ის ფაქტი, რომ მოხმარებას შესაძლოა არასაპატიმრო, მაგრამ თუნდაც რაიმე­ სახ
ის სასჯელი მოჰყვეს, მაინც შემაკავებელი ეფექტის მქონეა. ცხადია, ვისაც ძალიან უნდა, ის მაინც მოიხმარს. ლაპარაკია იმათზე, ვისაც დიდი სურვილი არ აქვს, მაგრამ სხვათა მიბაძვის, მოდის თუ, არ ვიცი, კიდევ რის გამო ხანდახან ხელი წაუცდება ხოლმე. ასეთი კატეგორიის ადამიანები ჩვენი ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილია. რას ვეუბნებით მათ - მიდი, ძმაო, გააბოლე, ჩვენს ქვეყანაში ეს ისეთივე ნორმაა, როგორიც ლუდის
დალევა?

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ყოვლად უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ჩვენთან მისი ლეგალიზება გამოიწვევს­ იმას, რაც კალიფორნიაში მოხდა: პლანის მომხმარებელთა უწყვეტი ნაკადი მთელი რეგიონიდან, კრიმინალის კატასტროფული ზრდა, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ხარჯების გაათმაგება და ა.შ. გარდა ამისა, ჩნდება კითხვა: თუ ქვეყანაში მოხმარება ლეგალიზებულია, მიწოდებას რა ვუყოთ? ლოგიკა ხომ მოითხოვს, რომ ნარკოტიკის შემოტანა, შენახვა, კულტივირება და რეალიზაციაც ლეგალიზებული იყოს? წარმოგიდგენიათ, ეს რას გამოიწვევს?!"

"მარიხუანადან სხვა, უფრო მძიმე ნარკოტიკზე გადადიან"


ილო ბეროშვილი, ტელეწამყვანი:
"ორი უკიდურესობაა. ერთ ნაწილს ჰგონია, რომ ასეთი რეფორმებით ყველა დაიწყებს მოწევას, გეგონება, მანამდე არ ეწეოდნენ; მეორე მხარე კი ფიქრობს, რომ უფრო მეტად ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს. ამსტ­ერდამში რომ დაუშვეს ასეთი რამ, იქამდე­ ეტაპები გაიარა ქვეყანამ. ჩვენ სხვა რესურსი გვაქვს, სხვა ისტორია და მენტალიტეტი. უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ერთი რამ ავიწყდებათ - როგორც წესი, მარიხუანადან გადადიან სხვა, უფრო მძიმე ნარკოტიკებზე. მარიხუანა მსუბუქ ნარკოტიკად ითვლება, მას ახალგაზრდა რომ მოსწევს, ამით საკუთარ თავში რაღაც ბარიერს ლახავს­ და შემდეგ სხვა რაღაცებიც მოუნდება. ამიტომ საჭიროა, საკითხის შესწავლაში ჩაერთონ პროფესიონალი ექიმები და ფსიქოლოგები... მე ორი შვილი მყავს და ვერ ვუყურებ ამას გულგრილად. მოკლედ, დეკრიმინალიზაცია აუცილებელი იყო, ახლა მსჯელობა და კომპეტენტური ხალხის ჩართულობაა საჭირო ამ საკითხის გადაწყვეტაში".

"გვაჯობეს ლობებმა!"


ლადო კახაძე, ექიმი:
"გვაჯობა იმ ხალხმა, ვისაც ამ საკითხის ლობირება ევალება. მე დეკრიმინალიზაციის მომხრე ვარ, თორემ ლეგალიზაცია კატასტროფაა! ჩემთვის ნარკომანი არის ავადმყოფი და მასზე­ ძალადობა - მკრეხელობა. მათ სჭირდებათ სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში მოხვედრა, ციხეში ჩასმა კი არა. დარწმუნებული ვარ, ლეგალიზაციას პატლამენტი არ მიიღებს. რომ გაიყიდოს, ბრუნვაში შემოვიდეს, მაშინ დავიღუპეთ!"
"ეს არის ეროვნული დანაშაული"

ბუბა ხოტივარი, რეჟისორი:
"ეს არის ეროვნული დანაშაული. პარლამენტმა სექტემბერში აუცილებლად უნდა დააზუსტოს ყველაფერი. პრეზიდენტმა უნდა გააუქმოს, მაგრამ რას გააუქმებს, თვითონ არის ერთ-ერთი სტიმულატორი ამ საშინელების. მე ვარ რადიკალურად წინააღმდეგი! რაც შეეხება კონსტიტუციურ სასამართლოს, ნუ იმართლებენ თავს იმით, რომ ზეწოლა იყო. რისი სასამართლო ხარ, თუ ზეწოლას ვერ უძლებ?! თქვან მაშინ, ვისი ზეწოლა იყო, თუ იყო საერთოდ. იქნებ ქრთამი იყო?!"

"ხალხის გამოთაყვანება უნდათ"


ჟანრი ლოლაშვილი, მსახიობი:
"დასავლეთის მოდელებზე არიან გადამხტარი. იქ საშინელებები ხდება, მაგრამ ეს კურსი აქვთ და მორჩა! რადგან დაუშვეს, ეს ხრიკია - რაც უფრო მეტი გამოშტერდება, უკეთესია. ხომ ხედავთ, იმასაც გვტენიან, რომ კაცმა კაცთან ხელი მოაწეროს. რაც კაცობრიობა არსებობს, ჰომოსექსუალებიც იყვნენ, მაგრამ ჩემ თვალწინ რატომ უნდათ ამის დღესასწაულად ქცევა? გეუბნებით, დასავლეთის მატრიცები და კალკები სიკეთეს არ მოგვიტანს!"

"ლეგალიზაციას არ ვემხრობი"


გაგა ნიჟარაძე, ფსიქოლოგი:
"მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ვეთანხმები, ლეგალიზაციას - არა. არგუმენტი ასეთია: ალკოჰოლზე ნაკლებად მავნებელიაო. მაგრამ სასარგებლოც ხომ არ არის? ბევრ შხამიან გველს შორის ნაკლებად შხამიანები რომ შემოგესევიან, უკეთესობას იგრძნობ?"

ეკა სალაღაია

რედაქტორის რჩევით