წითელი მტვრის საშიში ზონა?! - კვირის პალიტრა

წითელი მტვრის საშიში ზონა?!

ცოტა ხნის წინ ზესტაფონში ვიყავი და შევნიშნე, ფეროშენადნობი ქარხნიდან წითელი კვამლი ამოდიოდა. ვიფიქრე, ხანძარია-მეთქი, მაგრამ თურმე მომწამვლელი გამონაბოლქვი ყოფილა. კვამლი წარმოების პროცესში გამოიყოფა და დამცავი საშუალებების გაუმართაობის ან არარსებობის გამო ჰაერში იფანტებაო, - ამიხსნა მასპინძელმა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქარხანაში მიმდინარე ამ და სხვა საწარმოო პროცესების გამო უკვე ათეული წლებია ქალაქი და მთელი რაიონი ეკოლოგიური კატასტროფის ზონაში ცხოვრობს, რის გამოც მოსახლეობაში ონკოლოგიურმა და გულის დაავადებებმა იმატა.

იმ დღეს ფეროს მუშებთან გასაუბრება ამაოდ ვცადე. ზოგი შორიდან მომძახოდა, გადაიღეთ, რაც ხდება, იქნებ ჩვენს შვილებს მაინც რამე ეშველოს. ეს შხამიანი მტვერი წამლავს ყველას, ვინც აქ ცხოვრობსო.

როგორც ირკვევა, გაზგამწმენდი სისტემა გამართულად არ მუშაობს და წითელი მომწამლავი აირი და მტვერი დროდადრო იფრქვევა. ქარხნის ეზოც სავსეა მომწამლავი ნივთიერებებით სავსე გორებით, საიდანაც ქარი მიმდებარე სოფლებს შხამიანი მტვრით "ამარაგებს".

"თითქმის ყველა ოჯახიდან თითო კაცი მაინც არის დასაქმებული ფეროში და პურს ამით ვჭამთ, მაგრამ ზიანი გაცილებით დიდია, ეს ფული წამლებში არ გვყოფნის. გამწოვი სისტემის მოწესრიგება ხარჯებს საჭიროებს, უფროსობა კი ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე აკეთებს ეკონომიას. ვის აინტერესებს ხალხი? რამდენჯერაც გამოაფრქვევენ შხამიან მტვერსა და კვამლს, თავს ტექნიკური ავარიით იმართლებენ. შეიძლება სულ ავარია იყოს და პრობლემა არასდროს გვარდებოდეს?" - ამბობენ ზესტაფონელები. ფეროს, ისევე როგორც ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს, ამერიკული ჰოლდინგ "ჯორჯიან ემერიქენ ელოის" შემადგენელი კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" განაგებს, რომელიც წლების განმავლობაში ორივე საწარმოდან გარემოზე მავნე ზემოქმედების გამო არაერთხელ დაჯარიმდა. მასალები შს სამინისტროსაც გაეგზავნა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამო.

ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ გარემოსთვის მიყენებული მილიონობით ლარის ზარალის გამო 2017 წლის მაისში სასამართლოს მიმართა, მაგრამ "ჯორჯიან მანგანეზისთვის" ლიცენზიის გაუქმების საკითხი კი არ დასვა, კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა მოითხოვა, რომელსაც 2020 წლამდე ჭიათურასა და ზესტაფონში ეკოლოგიური პრობლემებიც უნდა მოეგვარებინა და დავალიანებაც გაესტუმრებინა.

სპეციალურ მმართველად დაინიშნა ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომელსაც, სამინისტროს განცხადებით, ფეროშენადნობ ქარხანაში"მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონია და "ჯორჯიან მანგანეზში" არსებულ პრობლემებსაც კარგად იცნობს. სამინისტრო განცხადებაშივე იმედოვნებს, რომ ჩიქოვანი მალევე შეძლებს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის ეტაპობრივად გამოსწორებას. თუმცა ეს""მალე" გარემოს დაცვის სამინისტროსგან ოფიციალურად მიცემული სამი წელია.

ზესტაფონში მდგომარეობა სპეციალური მმართველის მისვლის შემდეგაც არ შეცვლილა. ამასთან, ვერსად ვნახე კვლევები, რა ზიანი მიაყენა კომპანიის საქმიანობამ მოსახლეობის ჯანმრთელობას. ხალხი ამბობს, რომ ონკოლოგიური დაავადებები მომრავლდა, თუმცა კიბოს სკრინინგის მონაცემების შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მიპასუხეს, რომ ონკოლოგიური ფონი მთელ ქვეყანაშია მომატებული და ზესტაფონი განსაკუთრებული მაჩვენებლით არ გამოირჩევა.

ზესტაფონელებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს მოთხოვნით, შეწყდეს ფეროსთვის მსხვერპლშეწირვა. აქციების ორგანიზატორი გიორგი მიქაშავიძე ამბობს, რომ მოთმინების ფიალა მას შემდეგ აევსო, რაც ორი მეზობელი სიმსივნით დაეღუპა: "მერე რა, რომ ქარხანა გიგანტია და ბიუჯეტში ფული შეაქვს, ეს ჩვენი მსხვერპლშეწირვის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლე. შარშან მივმართეთ გარემოს დაცვის სამინისტროს, სანამ ყველა არ დავიხოცებით, იქნებ რეაგირება მოახდინოთ-მეთქი. გასაოცარი რამ გვკითხეს, დარწმუნებული ხართ, რომ ფეროდან მოდის პრობლემა, იქნებ პატარა, კერძო საამქროები სცოდავენო.

3 500 კაცის ხელმოწერილი განცხადებით მივმართეთ გამგეობას, ჯანდაცვას, გარემოს დაცვას, პარლამენტს და ვითხოვდით, ფეროს ორთქლის მტვერი და კვამლი გაეფილტრა, მავნე ნარჩენები დაემარხა და ქარსაცავი ზოლი აღედგინა, ამასთან, ფეროს მიერ გადახდილი ჯარიმები ზესტაფონის ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას მოხმარებოდა. გვიპასუხეს, საქმეში ექსპერტების დასკვნის არქონის გამო პრობლემებს ვერ ვხედავთო. ფეროდან ისიც კი შემოგვითვალეს, ჰაერს ყოველდღე ვზომავთ და ყველაფერი ზღვრულ ნორმებშიაო.

მეორე აქციის წინადღეს მოვიდა ჩიქოვანი და გვთხოვა, დაიშალეთ, თქვენს მოთხოვნებს დავაკმაყოფილებთო, მაგრამ ხალხთან ლაპარაკი იუარა. ამიტომაც ჩავთვალეთ, რომ იცრუა და დაიგეგმა მესამე აქცია, რის შემდეგაც ქარხნის დათვალიერება შემოგვთავაზეს. პირველ საამქროში გამწოვი სისტემა ნამდვილად ჰქონდათ, მაგრამ ასეთ გამწოვს საჭიროებს ყველა ღუმელი. შეგვპირდნენ მტვრის გორების მწვანე საფრით დაფარვას, ასევე მტვერი, ჯანმრთელობისთვის საზიანოა თუ არა, ამის შესახებ დასკვნის გონივრულ ვადაში მოწოდებას. ქარსაცავი ზოლის აღდგენას ჩიქოვანი პირველივე შეხვედრაზე დათანხმდა და პირობა მოგვცა, სამუშაოებს თქვენი დაკვირვებით ვაწარმოებთო. ვეჭვობთ, რომ ეს მხოლოდ დაპირებაა, რადგან ვადებს არ გვიკონკრეტებენ".

"კვირის პალიტრასთან" ზესტაფონის ფეროში არსებულ უმძიმეს ტექნიკურ და ეკოლოგიურ პირობებს არ უარყოფს "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციაც. გვიდასტურებენ, პრობლემები არის, მაგრამ ეტაპობრივად ვაგვარებთო. სტატიაზე მუშაობის დროს გარემოს ზედამხედველობის სამსახურისგან კომენტარზე გაურკვეველი მიზეზით უარი მივიღეთ. ათდღიანი ლოდინის მიუხედავად, კონტაქტი არ შედგა. პრესსამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, პასუხისმგებელმა პირმა რატომღაც ვერ მოიცალა სალაპარაკოდ.

ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივამ" გამოაქვეყნა ანგარიში: "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველი - საწარმოს გაჯანსაღების თუ წილების გადანაწილების მორიგი მცდელობა?"

ნინო გუჯარაიძე, "მწვანე ალტერნატივა": "2017 წლის ივნისში "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის მიერ შემუშავებული და სამინისტროს მოწონებული გეგმის თანახმად, ზესტაფონის ფეროში მხოლოდ ერთი ქმედება - 2019 წლის 1-ლ ივნისამდე ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის მომზადებაა გათვალისწინებული. ეს ნიშნავს, რომ 3-წლიან ვადაში რაიმეს გამოსწორების ვალდებულება მმართველს პრაქტიკულად არა აქვს - გეგმა მხოლოდ 2 წლის შემდეგ მომზადებული აუდიტის ანგარიშის საფუძველზე უნდა გაიწეროს, ხოლო მისი შესრულება უკვე სპეციალური მმართველის გეგმის ფარგლებს სცდება(?!). ეს, ერთი მხრივ, ზესტაფონის ფეროში არსებული საგანგაშო მდგომარეობის მიმართ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს, მეორე მხრივ კი აძლიერებს ეჭვს, რომ "ჯორჯიან მანგანეზში" სპეციალური მმართველის დანიშვნა საწარმოში გავლენებისა და წილების გადანაწილების მიზნით მოხდა".

"კვირის პალიტრამ" ზესტაფონში ჰაერის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისთვის გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა. გვიპასუხეს, რომ ზესტაფონში ჰაერის დაბინძურებას რეგულარულად აკვირდებიან და განსაზღვრავენ შემდეგ დამაბინძურებლების არსებობას: მტვრის, გოგირდის დიოქსიდის, ნახშირჟანგის, აზოტისა და მანგანუმის დიოქსიდის შემცველობებს. პერიოდულად ფიქსირდება მხოლოდ მტვრისა და მანგანუმის დიოქსიდის ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევები.

ონკოლოგები და ტოქსიკოლოგები მანგანუმის დიოქსიდის სიჭარბეს სიცოცხლისთვის საშიშად მიიჩნევენ.

ლადო კუჭავა, ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი: "მანგანუმის დიოქსიდის დოზა თუ ძალიან მომწამვლელი არ არის, მაშინვე არ კლავს, მაგრამ დროთა განმავლობაში საშიშ პათოლოგიებს იწვევს".

სოსო კუტუბიძე, ტოქსიკოლოგი: "თუ მოწამვლის ხარისხი მაღალია, შესაძლოა ლეტალურად დასრულდეს. ვინც იქ ცხოვრობს, ყველას ექნება სასუნთქი გზების დაავადებები. ძალიან დიდია მანგანუმით ქრონიკული მოწამვლის საფრთხე, რაც შესაძლოა გახდეს დასაბამი ბევრი სხვა პათოლოგიისა, მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა სისტემაც დააზიანოს". პ.ს. თუ ტყიბულის შახტი თვალხილულ სასაკლაოდ იქცა, ზესტაფონში "გამოცხადებული სიკვდილის" მსხვერპლნი შეუმჩნევლად ხდებიან. ხალხი იბრძვის, აპროტესტებს, თუმცა მათი ხმა არავის ესმის.

"ვერავინ იტყვის, რომელიმე ქარხანა გაფრქვევის გარეშე მუშაობსო..."

კითხვაზე, ნორმალურად მიაჩნიათ თუ არა, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე მუშაობს, მაშინ, როდესაც სპეციალური მმართველი სწორედ ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად დანიშნეს, "ჯორჯიან მანგანეზის" გარემოს დაცვის დირექტორმა ირაკლი ნოზაძემ გვიპასუხა:

- მმართველის დანიშვნის შემდეგ, სამინისტროსთან შემუშავდა სპეციალური სამოქმედო გრაფიკი - გეგმა, რომელშიც გაიწერა კონკრეტული აქტივობები და ვადები, მათ შორის, როდის მზადდება გარემოს ზემოქმედების ნებართვა. ამ დოკუმენტის მისაღებად, არ კმარა მხოლოდ კეთილი ნება. რთული პროექტი სპეციალურმა საპროექტო ორგანიზაციამ უნდა მოამზადოს, რაც მოცულობითი პროცესია და თავის თავში ყველა ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის კონკრეტული გზების მოძიებას გულისხმობს. შემდგომ პროექტმა სამინისტროში უნდა გაიაროს რთული პროცესი. დედლაინი 2019 წლის პირველი ივნისისთვის გვაქვს, სწორედ ამ დრომდე მიეცათ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ასაღებად მუშაობა მსგავს ქარხნებს, რომელთაც საქმიანობა დაწყებული ჰქონდათ 2010 წლამდე და ეს ნებართვა არ გააჩნიათ.

რაც შეეხება კითხვას, მორალურად აქვს თუ არა ქარხანას უფლება მძიმე ეკოლოგიური დაბინძურების მიუხედავად იმუშაოს, გააჩნია როგორ შევხედავთ საკითხს, ყველა ქარხანა გარემოზე ზემოქმედებაა და, რა თქმა უნდა, უარყოფითი, ამიტომაც დგინდება გარემოზე ზემოქმედების ნორმატივები. ფერო არც ისე შორს არის დასაშვები ნორმებისგან. გაფრქვევაც ნორმალური პროცესია და ვერავინ იტყვის, რომელიმე ქარხანა გაფრქვევის გარეშე მუშაობსო. სწორედ შესაბამისი ნორმატივის მისაღწევად, სპეციალური მმართველის მოსვლის შემდეგ ფეროში ძალიან ხშირად ცვლიან ფილტრებს. არავინ ამბობს, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ეკოლოგიური პრობლემები არა აქვს. რომ არ ჰქონდეს, არც სპეციალური მმართველი დაინიშნებოდა და არც გარემოზე ზემოქმედების ნებართვის აღება იქნებოდა რთული პროცესი. პრობლემები ნელ-ნელა გვარდება. მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ ქარხანა ქალაქის ცენტრშია აშენებული, არადა, საერთაშორისო ნორმატივებით, თუ ქარხანა პირველი მოსახლიდან 25 კმ-ით მოშორებულია, თუნდაც დიდი მოცულობით ფერადი მტვერი რომ აფრქვიოს, ნორმატივი დაკმაყოფილებული იქნება. რამდენი ხანი დასჭირდება იმას, რომ ფეროდან ფერადი კვამლი არ გაიფრქვეს და მტვრის გორები დაიფაროს? ეს არ არის ერთი ხელის მოსმით მოგვარებადი პროცესი, რაც უნდა ფული ხარჯო. ამიტომ ჩვენ მივყვებით უკვე განმარტებულ გეგმა-გრაფიკს და ასე განვაგრძობთ მუშაობას.

ეკა ლომიძე