მლაშის ტყის "მეეზოვე" - კვირის პალიტრა

მლაშის ტყის "მეეზოვე"

ახლახან შევხვდი ადამიანს, რომელსაც თავისი ქვეყანა ნამდვილად უყვარს - 25 წლის ბიჭმა თხოვნაზე ხელი ჩაიქნია და მარტოდმარტო შეუდგა ბავშვობის დროინდელი ოცნების ასრულებას. ეს ოცნება კი სოფელ მლაშის ტყის დასუფთავება იყო. აქ ნაგვის გორები იმ დროს იდგმებოდა, როცა მოსახლეობა სამშენებლო თუ საყოფაცხოვრებო ნაგავს ყრიდა, რის გამოც ერთ დროს ულამაზესი ტყე მკვდარ ზონად იქცა. თავისი პატარა სახლის აივანზე გამოსულ გიორგის ეს ისე აწუხებდა, მზად იყო, შიშველი ხელებით მარტოს გაეწმინდა, მაგრამ სამუშაო მეტისმეტად დიდი იყო. მერე დრო გავიდა, გიორგიმ განათლების მიღება უცხოეთში გააგრძელა, მაგრამ დაბრუნდა და თავისი ტყე ისევ დარდად შემოაწვა. იმასაც მიხვდა, დახმარების სათხოვნელად აქეთ-იქით სირბილს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ იფიქრა, იფიქრა და კარგი რამ მოიფიქრა - უცხოელ მეგობრებს მისწერა, მიშველეთ, რაიმე მირჩიეთო.

გიორგი ბასილაძე: - თბილისელი ვარ. როდესაც მშობლებმა მლაშეში პატარა სახლი იყიდეს, ისე შემიყვარდა, ვეღარც ვშორდებოდი. ტყეშიც ბევრჯერ მირბენია, მაგრამ ნაგვის დანახვაზე საშინელ ხასიათზე ვდგებოდი. ახლა, ამდენი წლის შემდეგ, ისევ მლაშეში დავბრუნდი. რადგან აქ ბუნებრივი აირი არ არის, ზამთრობით თბილისში ვარ, რაზეც ხუმრობით ვამბობ ხოლმე, საუბედუროდ-მეთქი. განა თბილისი არ მიყვარს, მაგრამ მლაშეს სულ სხვა სიყვარული მაქვს, ამიტომაც თავი "ვიმტვრიე", სანამ არ მოვიფიქრე, ეს კარგი საქმე როგორ გამეკეთებინა. უცხოური საიტი არსებობს, რომელზეც ადამიანები ერთმანეთს თავიანთ ფიქრებს უზიარებენ, ხანდახან დახმარებასაც სთხოვენ. ჰოდა, მეც იქ დავწერე, ჩემი ტყის გასუფთავება მინდა ნაგვისგან-მეთქი და წარმოიდგინეთ, გამომეხმაურნენ და ჩამოვიდნენ კიდეც.

- საოცარია უცხო ქვეყანაში, სხვისი ტყის დასალაგებლად კაცის წასვლა. - ეს ტყე მარტო ჩემი და ჩემი სოფლის, ან მარტო ჩემი ქვეყნის ხომ არ არის? ის დედამიწასაც ეკუთვნის! ერთი პატარა წერტილივით კია, მაგრამ მაინც. ეს ხალხი დედამიწის ამ წერტილის დასალაგებლად ჩამოვიდა, თან მეგობრები გაიჩინეს, თან საქართველო ნახეს და ეს პატარა ტყე გადაარჩინეს. სახლი პატარა გვაქვს და ფართობი რომ არ გვეყო, ეზოში კარვები გავშალეთ.

- რა თქვეს, ამდენი ნაგავი რომ დაინახეს? - გაგიჟდნენ, რა საშინელებაა, ეს რა გიქნიათო! ჰოდა, ტყეში მრავალფეროვანი დელეგაცია შევედით დასუფთავების "მისიით". ერთ დღესაც მოვიხედე და დავინახე, რომ ქართველი, შოტლანდიელი, ბელგიელი და ინგლისელი ერთად ვშრომობდით!

- სოფელი როგორ შეხვდა ამ ამბავს? - ბიჭები მოვიდნენ და დაგვეხმარნენ. აი, ნაგვის გასატანი მანქანის გამოძახებაზე კი გავმწარდი! ხან დუშეთის მუნიციპალიტეტში ვრეკავდი, ხან - გარემოს დაცვის სამინისტროში, მაგრამ ამაოდ. ზოგმა თქვა, ნაგვის გატანა ჩვენს გეგმაში არ არისო, ზოგმა - მანქანის გამოსაგზავნად ფინანსები არ გვაქვსო. Mმაგრამ გულმხურვალე ხალხიც არსებობს: ბოლოს და ბოლოს, დუშეთიდან მოგვივიდა მანქანა და ნაგავიც გავზიდეთ. ჩვენი ტყიდან ნაგვის გასაზიდად მრავალი გზობის გაკეთება მოუხდათ მძღოლებს, მაგრამ სანაცვლოდ იმ ბედნიერებას დავიბრუნებთ, რომ ტყიდან გამოქცევა აღარ მოგვინდება.

- ალბათ, ისიც გაგიხარდება, შენს კარგ საქმეზე დაწერილს რომ წაიკითხავ... - განსაკუთრებული არაფერი გამიკეთEებია, მხოლოდ ის, რაც ყველამ უნდა გავაკეთოთ.

ეთერ ერაძე