კანონის ძალით ჩადენილი უკანონობა - კვირის პალიტრა

კანონის ძალით ჩადენილი უკანონობა

2000-ლარიანი მიწები "აუცილებელი საჭიროებისათვის" 67 ლარად

სილამაზე მსხვერპლს აუცილებლად მოითხოვს?!

იმისთვის, რომ ბათუმში ახალი ბულვარი ყოფილიყო, 80-მა ოჯახმა სახლ-კარი კანონის ძალით დატოვა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2009-2010 წლებში სამჯერ მოაწერა ხელი სხვადასხვა ბრძანებულებას, რომელთა მიხედვითაც ბათუმის მერიას მიეცა საშუალება სოფელ ადლიაში მცხოვრები სხვადასხვა ოჯახი კვადრატული მეტრი მიწიდან სულ რაღაც 67 ლარით გაესტუმრებინა.

გასულ წელს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, მაგრამ ექსპროპრიაციის ადგილას ახლა უკვე არაბი ინვესტორის მიერ გამოგზავნილი პალმები ხარობენ, ქუჩას მისივე სახელი დაერქვა, "აუცილებელი საჭიროებისთვის" ჩამორთმეული 67-ლარიანი მიწები კი ათასებად არაერთხელ გაიყიდა და ახალ ბულვარში ახალი ბიზნესის სუნი დატრიალდა.

ახალი ბულვარის ბოლოს ნასოფლარის გავერანებული გზა გრძელდება. აქ კიდევ რამდენიმე ოჯახი ელოდება ექსპროპრიაციას, ამჯერად მიზეზი საავტომობილო გზის გაყვანაა. მართალია, გზა უკვე ისეა გაყვანილი, რამდენიმე ოჯახის საკარმიდამო არ გადაუკვეთია, მაგრამ მათ ჭიშკრებთან მაინც ჩნდებიან მერიის წარმომადგენლები შემდეგი შეტყობინებით: - აი, საჯარო რეესტრის მონაცემები, თქვენი სახლიც უკვე ჩვენია, 10 დღეში თუ არ დაცლით, პოლიცია გამოგასახლებთ!

ახალ ბულვართან ახლოს მცხოვრებთ ბევრი რამის თქმა შეუძლიათ, ოღონდ "ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოს პრინციპით".

- ისე გვასახლებენ, არაფერს გვეკითხებიან, - მიყვება ერთ-ერთი მცხოვრები,

მერიის ამსახლებლებმა მითხრეს, ჟურნალისტებთან თუ დააღებ პირს, დარჩები პირდაფჩენილი, 67 ლარიც მოგენატრებაო. მართალია, სახლის ნაცვლად, ბინებსაც გვთავაზობენ, მაგრამ მშენებარეს. ვინ იცის, როდის დასრულდება! თანაც, იქნებ ისევ აქ მინდა, ზღვის პირას?..

ჩამოირბენს მერიის უფროსობა და შიშით ხალხი რაზე აწერს ხელს, ისიც არ იცის.

- ჟურნალისტი მოსულაო, - თავს იყრიან ჩემი თანამოსაუბრის მეზობლებიც. მთავარი მოთხოვნაა: - სურათს თუ არ გიდიმიღებ და მთავრობას არ გადარევთ, გეტყვით!

ძია ლადომაც პირობის მიღების შემდეგ გვითხრა:

- დემოკრატიასა და საბაზრო ეკონომიკაზე რომ გველაპარაკებიან, ზღვის პირას მიწა 67 ლარად ვის გაუგონია? აბა, ნახეთ ის რესტორანი, მესაკუთრე უკვე თურქი ბიზნესმენია. 2.000 დოლარად უყიდია კვადრატული მიწა ჩვენი მთავრობისგან.

- ახალი ბულვარი დასრულდა და ჩვენც მოგვადგნენ, - ამბობს თალიკო (გვარს არ ასახელებს), - რისთვის უნდა დაგვინგრიონ ოფლით ნაგები სახლ-კარი? იმიტომ ხომ არა, რომ პერსპექტიული ადგილია და მთავრობამ მილიონები ჩვენს ხარჯზე იშოვოს?

ახალგაყვანილ გზას მივუყვები. გზის პირას ერთი სახლია. სახლის ერთი მხარე ზღვას მიუსაკუთრებია, ამ სახლის ბინადრები - ისმაილ დოლიძე და ესმა ბეჟანიძე ამბობენ, რომ რაც დარჩათ, იმასაც მთავრობა წაიღებს.

- ყველაფერს ვიტყვი. რაღა უნდა დამმართონ ამაზე მეტი? - მითხრა თვალცრემლიანმა ესმა ბებიამ და მეუღლეს გასძახა, სტუმარი გვყავსო, - 85 წელიწადია, აქ ვცხოვრობ. აქაურობას ზღვა უტევს. ხომ ხედავთ, რაფერაა გამოფუტრული ჩემი სახლი? რაფერც იქნა, თავრობამ დეიწყო ლაპარაკი ნაპირების გამაგრებაზე, მაგრამ თურმე ისევ მისთვინ ზრუნავენ ჩინოვნიკები. თუ თვის ბოლომდე არ დაგიცლია სახლი, ძალით გამოგიყვანთ შენივე ეზოდანო, - ამას მერიის ადმინისტრაციის უფროსი გელა მახარაძე მეუბნება.

- რას გთავაზობთ მერია სანაცვლოდ?

- კვადრატულ მეტრ მიწაში 67 ლარს და საცხოვრებელ ბინას მშენებარეში, მარა რაფერ ვიარო მე-13 სართულზე, ხომ მოვიგუდები იმ ბინაში?

ომში ვიბრძოდი. ეს რომ მერიის ხალხს ვუთხარი, მომიბრუნდნენ და მითხრეს, ვინ დაგავალა, მერე რომ იბრძოდიო... წამოდით, გადარჩენილი მიწა უნდა გაჩვენოთ! - მეუბნება ბაბუა ისმაილი და ჩამონგრეული სახლის გვერდით მართლაც ზღვასა და მეზობელი სახლების ნანგრევებს გადარჩენილ რამდენიმე გოჯ მიწას მაჩვენებს:

- ეს ჩემი საბახჩეა. აქედან ვერსად წავალ! - ამაყად დგას მიწაზე ბაბუა ისმაილი და განაგრძობს, - მემუქრებიან, პოლიციის ძალით გაგყრით აქედანო. ნახონ ერთი, რაფერია ჩვენი აქიდან მოშორება. ისე გვექცევიან, თითქოს დამნაშავეები ვიყოთ. ჰოდა, თუ დამნაშავე ვარ, ჩემს მიწაზე გამასამართლონ და აქვე დამხვრიტონ!

მოხუცებს ვემშვიდობები. ისინი იმ ეზოში დგანან, რომელსაც ჯერ კიდევ მათი დაღვარჭნილი ხელების სუნი ასდის. ეზოში ქათმებიც დასეირნობენ, მიწა და სახლი კი საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით უკვე მერიის საკუთრებაა.

KvirisPalitra.Geწინ - კაკო და ეკატერინე ნინიძეების ყოფილი საკუთრებაა.

კაკო ნინიძე: - მაინცდამაინც თურქი უნდა ვიყო, რომ არ შემეხონ? თურქების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეს ამბავი ერთ ჩემს თურქ მეგობარს რომ ვუთხარი, გაგიჟდა, ამას რას გიკეთებენ, გადმოგეფორმებინა ჩემს სახელზე და ვეღარ გაბედავდნენო. როგორ-მეთქი და ამიხსნა, - ჩვენ თუ შეგვეხებიან, საკონსულოს ვაცნობებთ, საკონსულო კი პირდაპირ თურქეთის პრემიერ-მინისტრს აყენებს საქმის კურსში, ამიტომაცაა კარგი საქართველოში ბიზნესის კეთებაო. ევროპის სასამართლომდეც რომ ჩავიდე, მაინც ვიპოვი სამართალს და არავის დავანებებ ჩემი ლამაზი კარ-მიდამოს განადგურებას.

P.S. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსს გელა მახარაძეს სატელევიზიო გამოსვლებში არაერთხელ უთქვამს, - მაჩვენეთ უკმაყოფილო მოქალაქე, ყველასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და ყველაფერი კარგად დასრულდებაო! ბატონ გელასთან დასაკავშირებლად მივმართეთ ბათუმის მერიის პრესსამსახურს, გვითხრეს, ბატონი გელა მივლინებით საზღვარგარეთ არის და როცა დაბრუნდება, კომენტარსაც მაშინ გააკეთებსო.

დათქმულ დღეს შევეხმიანეთ ადმინისტრაციის უფროსს, რომელმაც გვითხრა, რომ ბათუმშია, მაგრამ მივლინების დრო ჯერ არ გასვლია(!), დაისვენებდა და იმავე დღის ბოლოს მოგვცემდა სატელეფონო კომენტარს. "დღის ბოლოს" ბატონმა გელამ ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა...

P.P.S. რას იზამ, დაკავებულია!

ჩვენ რომ კონტრასტების ქვეყანასა და საუკუნეში ვცხოვრობთ, არავისთვის აღარ არის ახალი. ისიც კარგად ვიცით, რომ ახლის აშენებას ძველის დანგრევა ან გადაკეთება სჭირდება, მაგრამ ხომ შეიძლება მავანმა ჩინოვნიკმა მეპატრონის ჯანმრთელობისა და გულის გახეთქის გარეშე გააკეთოს ეს საქმე. ნათქვამია, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, მაგრამ (სილამაზის წინააღმდეგი ვინ შეიძლება იყოს?) ეს ხომ გადატანითი მნიშვნელობით, ბატონებო!