"მიშამ ვერიკოს სახლი იმ ადგილას აუშენა, სადაც პირველად აკოცა" - კვირის პალიტრა

"მიშამ ვერიკოს სახლი იმ ადგილას აუშენა, სადაც პირველად აკოცა"

"ოთარაანთ ქვრივი", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "გიორგი სააკაძე", "არსენა" "საბა", "ხაბარდა", "უკანასკნელი მასკარადი" - ეს მიხეილ ჭიაურელის მიერ გადაღებული ფილმების არასრული ჩამონათვალია. "მუსკომედიის ფუძემდებელი", "ქართული და მსოფლიო კინოს განმავითარებელი", "ეპოქალური ფილმების ავტორი" - ასე მოიხსენიებენ კინომცოდნეები კინორეჟისორს, მოქანდაკესა და მხატვარს, ვისაც ამჯერად მეუღლესთან, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთ ფუძემდებელ, მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად მათივე შვილიშვილი, ასევე რეჟისორი (ოთხი მხატვრული და 50-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის ავტორი), არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზისა და დიპლომის მფლობელი, მიხეილ ჭიაურელი უმცროსი გაიხსენებს...

ფოტოგალერეა

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული მისი ინტერვიუდან:

"ბაბუა არაჩვეულებრივად ხატავდა, ძერწავდა. როცა თავის სახელოსნოში მუშაობდა, ფანქარს მაძლევდა და ბოთლს ან ჭიქას ვხატავდი. "აუცილებლად რაიმე სპეციალობა უნდა შეისწავლო. ამის შემდეგ კი შეგიძლია ხელოვნებაში წახვიდე. საშუალო დონის ინჟინერი თუ იქნები, შემოსავალი მაინც გექნება, საშუალო დონის ხელოვანი კი არაფერს ნიშნავს" - მარიგებდა უკვე წამოზრდილს ბაბუა. დავუჯერე და ჯერ მექანიზაციის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მერე სამხატვრო აკადემიაში, ბოლოს კი მოსკოვში უმაღლეს ორწლიან სარეჟისორო და სასცენარო კურსებზე სასწავლებლად გავემგზავრე..."

"მას და ვერიკოს განსხვავებული სოციალური მდგომარეობა ჰქონდათ. მიშა მემწვანილის შვილი იყო, ვერიკო კი არისტოკრატული ოჯახიდან გახლდათ. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და სხვათა შორის, მშობლების მხრიდან არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ვერიკოს ხშირად ავიწროებდნენ კომუნისტები სწორედ მისი წარმომავლობის გამო. ვერიკო ცოტა მკაცრი იყო. დამსვამდა და მიყვებოდა საინტერესო ამბებს. მათ შორის, პირადსაც. გრძნობდა, რომ მასთან საუბარი მსიამოვნებდა. ეს სახლი აკადემიასავით იყო. თუ ვერიკო შინ არ იყო, მიშა ზრუნავდა მასზე. "ვერიკოს ეს სჭირდება, ეს დაახვედრეთ", - ამბობდა. თუ მიშა არ იყო შინ, ვერიკო ზრუნავდა მეუღლეზე. აკონტროლებდა, რომ მისთვის კარგი სადილი დაეხვედრებინათ, კომფორტი შეექმნათ. მიშას თევზი და წითელი ღვინო უყვარდა. სახლში მოახლე ჰყავდათ, მაგრამ ვერიკო ხშირად თვითონ გვიდა, ალაგებდა. სხვათა შორის, სოფიკომ ყველაფერი დედისგან ისწავლა. ერთ კაბას ათჯერ, ოცჯერ გადააკეთებდა და გეგონებოდა, ახალი შეძენილი ჰქონდა...."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 9 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ...

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "დაე, ილაპარაკონ! რაც უნდათ, ის თქვან, მე შენ მიყვარხარ!" - ფიქრის გორიდან მთელი სიცოცხლე...

შორენა ლაბაძე