"უთავმოყვარეობაა, საქართველოში ხალხი რუსულ მუსიკაზე "გუგუნებდეს" - კვირის პალიტრა

"უთავმოყვარეობაა, საქართველოში ხალხი რუსულ მუსიკაზე "გუგუნებდეს"

ჟურნალი "გზა" მოდელ ნინი გრძელიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, გთავაზობთ ამონარიდებს:

- შეიძლება, ცუდად ნათქვამი გამომდის, მაგრამ მხოლოდ რუსული მუსიკის კი არა, საერთოდ, ამ ერის მიმართ ორგანული სიძულვილი და აგრესია მაქვს - რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური სიტუაციის გამო. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება სწორია, რადგან შინაგანი პროტესტის გრძნობა საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს - ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ სხვაგვარად არ შეიძლება. ყველაფერს ხომ თავისი სახელი უნდა დავარქვათ, არა? როგორც შემიძლია, ისე გამოვხატავ ჩემს პროტესტს. ჩემი აზრით, უთავმოყვარეობაა, არასწორი საქციელია, რომ საქართველოში ხალხი რუსულ მუსიკაზე "გუგუნებდეს". შეიძლება, შენიშვნა მივცე, თუ ჩემ ირგვლივ ვინმე მოუსმენს. მადლობა ღმერთს, გარშემო ასეთი ხალხი არ მყავს. კლუბსა და რესტორანს რაც შეეხება, ხომ ვერ შევალ და მეპატრონეს ხომ ვერ ვეტყვი - ნუ მღერიან-მეთქი? რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს ვაკეთებ. ვცდილობ, ჩემი პროტესტი ყოველთვის ღიად გამოვხატო.

- 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სად იყავი? აცნობიერებდი, რა ხდებოდა? - ოჯახთან ერთად, მანგლისში ვიყავი. 10 წლის გახლდით. დაახლოებით კი მესმოდა, რომ რაღაც "ისე" ვერ იყო, მაგრამ კარგად ვერ ვხვდებოდი, ასე სიღრმისეულად ვერ აღვიქვამდი, თუ რაში იყო საქმე. მახსოვს, თვითმფრინავები დაფრინავდნენ, პანიკაში მყოფი დამსვენებლები გარბოდნენ, არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ... ეს ყველაფერი ფრაგმენტებად მახსოვს. ვერ ვიტყვი, რომ ვიაზრებდი, რა ხდებოდა...

- ნინი, ძალიან რომ გშიოდეს და იმ კონკრეტულ სიტუაციაში, რუსული წარმოების პროდუქტის გარდა, არაფერი იყოს, არ შეჭამდი? - საკვებთან დაკავშირებით ასეთი შემთხვევა არ მქონია, მაგრამ ერთხელ, მეგობრებთან ერთად, ბარში ვიყავი. ცოტა დავლიეთ... მერე დაქალს ტაქსის გამოძახება ვთხოვე. თურმე, რუსული კომპანიის ტაქსი გამოუძახებია. ისეთ მდგომარეობაში (შეიძლება ითქვას, რომ მთვრალი ვიყავი) მყოფსაც კი, ავტომობილზე კომპანიის ლოგო რომ დამინახავს, "კონცერტები" მომიწყვია. მე კარგად არ მახსოვს. ხალხი გაოცებული მიყურებდა - გიჟია ვიღაცო... მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ყველა მეგობარი მიდიოდა, იმ ტაქსიში პრინციპულად არ ჩავჯექი. პროტესტის განცდა ყოველთვის მაქვს. რატომ უნდა ჩავჯდე რუსული კომპანიის ტაქსიში, როცა შემიძლია, ქართულით ვისარგებლო? რატომ უნდა ვიყიდო რუსული პროდუქტი, როცა ქართულის ყიდვა შემიძლია? ამ ელემენტარულით მაინც ვცდილობ, რომ ჩემი პროტესტი გამოვხატო. რაც შემიძლია, ვაკეთებ. ყველა რომ ასე იქცეოდეს, მგონი, ახლა უკეთეს სიტუაციაში ვიქნებოდით...

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 9 აგვისტოს ნომერში

ეთო ყორღანაშვილი