როგორი ვითარებაა სამეგრელო-ზემო სვანეთში? - საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადება - კვირის პალიტრა

როგორი ვითარებაა სამეგრელო-ზემო სვანეთში? - საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ამ ეტაპზე სტიქიის განმეორების საფრთხე მოხსნილია. უწყების ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა რისკ-ზონების მონიტორინგს. 11:00 საათის მონაცემებით, საცხოვრებელი სახლების დატბორვის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება არ შემოსულა.

"სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნალექმა იკლო, მდინარეები დაუბრუნდა კალაპოტს და ამ ეტაპზე სტიქიის განმეორების საფრთხე მოხსნილია. პრევენციის მიზნით, გუშინ ღამე ორი სოფლის წყემისა და ზანათის მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გარდა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველებისა მობილიზებულები არიან იმერეთის რეგიონისა და თბილისის თანამშრომლები", - განაცხადა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნიკოლოზ სირაძემ.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარის ა/რ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში არცერთი შეტყობინება არ შემოსულა. უწყების ცნობით შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლემ დღის განმავლობაში შესაძლოა 2 მეტრს მიაღწიოს.