მრბოლელი, მძღოლი, ხელოსანი, მეურნე... ქალი - კვირის პალიტრა

მრბოლელი, მძღოლი, ხელოსანი, მეურნე... ქალი

ალბათ, ბევრს ვერ წარმოუდგენია დურგალი ქალი, თუმცა თავისი პროფესიონალიზმით ის სტერეოტიპს ანგრევს. ლია მგელაძე წლებია აჭარის რეგიონული საავტომობილო ფედერაციის ქალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია და არაერთხელ მიუღია რალიში მონაწილეობაც, ბევრჯერ მამაკაცებს შესჯიბრებია და გაუმარჯვია კიდეც. ახლა ასეთ ღონისძიებებს თავად აწყობს, ქალებიც დაინტერესდნენ ამ სპორტით, თუმცა ამბობს, რომ ბათუმში პირობები ამ სპორტის განვითარებისთვის არ არის, ამიტომ ბიზნესს მიჰყო ხელი:

- საავტომობილო ფედერაციაში 2010 წლიდან ვარ, მაგრამ არანაირი დაფინანსება არა გვაქვს. სპორტის ეს სახეობა ვერ ვითარდება. რალიში მამაკაცებთან ხშირად მიწევდა შეჯიბრება. რეგიონულ შეჯიბრებაშიც ამიღია პირველი, მეორე და მესამე ადგილებიც. იყო შემთხვევა, როცა მამაკაცს ვეჯიბრებოდი და თქვა, თუ ქალთან წავაგე, არასოდეს რბოლაში მონაწილეობას არ მივიღებო. იმ დღეს მისი წაგებით დამთავრდა შეჯიბრება...

ავტორბოლებს პერიოდულად ვატარებ, გოგონებიც მონაწილეობენ, მაგრამ მათ ვერაფერს ვთავაზობ. სპონსორი არ გვყავს.

- რა ბიზნესი გაქვთ? - ავეჯის ხელოსანი ვარ, ვაკეთებ კოღოს დამცავ ბადეებსაც და ბინებში ვამონტაჟებ. მომავალში უფრო გავაფართოებ ბიზნესს. სანამ ამ ბიზნესს სერიოზულად მოვეკიდებოდი, მარმარისის ერთ ტურისტულ კომპანიაში 3 წელი ვიმუშავე. მინიბუსს ვმართავდი. მარმარისი ულამაზეს ყურეშია. ერთმანეთს ერთვის ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვა. ტურისტების ნაკადი იქ არ წყდება. სადაც მინიბუსით ვერ ვაგრძელებდით გზას, კატერში ვსხდებოდით და ახლა მისი მართვა მიწევდა. ანაზღაურება ძალიან კარგი იყო, მაგრამ საბუთის პრობლემა შემექმნა. იმ კომპანიამ ვერ გამიკეთა ვიზა, ვადა მქონდა გადაცილებული და დეპორტით გამომიშვეს. 5 წელი შესვლა ამეკრძალა.

პატარ-პატარა კატერები ბათუმში ბევრია. უფრო დიდი რომ ჩამოვიყვანო, მოთხოვნა არ არის. თუმცა, მეც მეყოლება ჩემი კატერი, თუ გვეშველება და იახტ-მარინა ეყოლება ბათუმს. ჯერჯერობით არ არის კატერის მისაყენებელი ადგილები. ბენზეშიც იგივე სიტუაციაა და მახინჯაურშიც. სრული ქაოსია, რამდენიმე დღის წინ ჯიპით პირდაპირ სანაპიროზე შეაგრიალა ოჯახი მამაკაცმა. ასე როგორ შექმნი კომფორტულ გარემოს ტურისტებისთვის?

13 წლის ვიყავი, მამამ საჭესთან რომ დამსვა. ყველა კატეგორიის მანქანას ვმართავ, ტრაილერსაც კი. მაქვს C და D კატეგორიების მართვის მოწმობები. დღე-დღეზე კატეგორიაც მექნება და ტრაილერის მართვაც ოფიციალურად შემეძლება. იახტის მართვის მოწმობაც მინდა ავიღო. 39 წლის ვარ და ამბიცია მაქვს, ბევრი რამ მინდა შევძლო.

- სოფლის მეურნეობასაც მისდევ?

- აბაშაში თხილი დავრგე. მომყავდა სიმინდი, მაგრამ მოსავალი შეგვიჭამა ფაროსანამ და წელს აღარ დავთესე. ახლა, როგორც გითხარით, ავეჯს ვაკეთებ.

- ვინ შეგასწავლა ეს საქმე?

- ბიძაჩემი ხელოსანია, მან მასწავლა. პირველი ავეჯი ჩემი სახლისთვის გავაკეთე. კედელში კარადები ჩავამონტაჟე, ხატების კუთხეც დავამზადე, მერე ახლობლებს დავუმზადე, დავხვეწე და ამ საქმეს სერიოზული სახე მივეცი. დღეს ვთვლი, რომ კარგი ხელოსანი ვარ. ერთხელ მოვსინჯე ბადეების მონტაჟი და ახლა ძალიან მაღალ სართულებზე მიწევს ბადეების დამონტაჟება, მთავარია, სიმაღლის არ მეშინია.

- როცა მიდიხარ ქალი ხელოსანი, რა რეაქცია აქვთ? - მე და ჩემი მეგობარი გოგო ერთად ვმუშაობთ. როცა ზომების ასაღებად მივდიოდით, არ უკვირდათ, ფიქრობდნენ, დიზაინერები არიან და ზომებს იღებენო, მაგრამ როცა ხელში დრელს დავიჭერდით, გაოცებული გვიყურებდნენ. სამზარეულოს დამონტაჟებაც ვიცი და სანტექნიკისაც. ელექტროგაყვანილობის გამოცვლაც მეხერხება. ერთხელ საამქროდან რომ გამოგვქონდა მასალა, კაცი მოვიდა და გვეუბნება, გოგონებო, მოგეხმარებითო. რომ გაიგო, ხელოსნები ვართ, გვითხრა, ცოლთან ყველაფერი სახლში მიმაქვს, მაგრამ სადილის დამზადება მაინც ეზარება, მიხარია, ასეთი გოგონები რომ გავიცანიო.

ძალიან პატარაა ბათუმი. ხელოსნების 70%-მა უკვე გაიგო, რომ ქალი ხელოსნები ვართ და შეეჩვივნენ. ერთმა კლიენტმა მითხრა, ერთადერთი ხელოსანი ხარ, ვინც დათქმულ დროს გააკეთა თავისი საქმეო.

ქალაქში მოტოციკლით დავდივარ. მყავს ველოსიპედიც და მანქანაც. როცა შეკვეთა მიმაქვს, მაშინ მანქანით მივდივარ.

ჩემს მეგობარს ტურისტული კომპანია აქვს და ხშირად მასთანაც ვმუშაობ მძღოლად, გადამყავს მანქანით ტურისტები და ვათვალიერებინებ სხვადასხვა საინტერესო ადგილს.

- ბევრი ტურისტია წელს აჭარაში? - ქალაქი სრულიად მოუმზადებელია ტურისტებისთვის. უფრო მეტად რუსები არიან ჩამოსული, რომლებიც იაფფასიან მომსახურებას ეძებენ, ჩვენთან კი ატყავებენ ტურისტებს. ნახევარლიტრიან წყალში 3 ლარს ახდევინებენ, სალათის ფოთლებზე მოასხამენ მაიონეზს და 8 ლარს აფასებენ, ტაქსის მძღოლებიც ყვლეფენ კლიენტებს.

- ოჯახზეც გვიამბე. როგორც ვიცი, მარტომ გაზარდე შვილი... - პატარა ასაკში გავთხოვდი. Mმყავს ვაჟი, შოთა ქიმუცაძე, რომელიც ცხოვრებას მილამაზებს. სტუდენტია და თან მუშაობს. თუ ქმარიც და ცოლიც ზრუნავენ ოჯახზე, ამას არაფერი ჯობია, მაგრამ დღეს ქართველი კაცების უმრავლესობა ერთობა ცოლის გამოგზავნილი ფულით, დადის კაზინოსა და ქალებში. რომ გავთხოვდი, მივხვდი, არ შეიძლებოდა სხვის ხარჯზე ცხოვრება და ყაისნაღითა და ჩხირებით ქსოვა ვისწავლე, ვქსოვდი ჩანთებს და სხვადასხვა ნაკეთობას ვამზადებდი, მერე ვაფერადებდი. ძალიან ლამაზი გამოდიოდა და ვყიდდი, ეს იყო ჩემი შემოსავალი.

ყაზბეგში, მონასტერში, სკვნილების ქსოვა მასწავლეს, ამასაც ვქსოვ და ვყიდი. გაყიდულ ფულს მონასტრებს ვახმარ და მცირედით ვეხმარები მათ.

- როგორც ვიცი, პატარა გოგონაც გაზარდე...

- კი, ასეა. ჩემი მეგობარი დაიჭირეს და მისი გოგონა აჭარის ბავშვთა სახლში წაიყვანეს. იქიდან მახინჯაურის ბავშვთა სახლში უნდოდათ გადაყვანა, მაგრამ არ დავანებე და მე წამოვიყვანე.

მოგვიანებით ჩემი მეგობარი ციხიდან რომ გამოვიდა, გოგონამ მაინც ჩემთან ცხოვრება არჩია. თითქმის ჩემი შვილის ტოლია. უკვე გამითხოვდა, ახლა თავისი ოჯახი აქვს.

ვდარდობ, ჩემი ვაჟი ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობს, სულ ვეუბნები, წადი, ისწავლე, რაც კარგია, ყველაფერი ნახე, მაგრამ ისევ საქართველოში დაბრუნდი-მეთქი. დარწმუნებული ვარ ასეც მოიქცევა.

თეა ხურცილავა