ძია სანდროს თბილისი... - კვირის პალიტრა

ძია სანდროს თბილისი...

იმ ადგილას, სადაც ძია სანდროს ფეხსაცმლის შესაკეთებელი ჯიხური იდგა, ახლა ლომბარდია. თვითონ ძია სანდროს არც თვალი უჭრის ძველებურად, აღარც ხელი ემორჩილება, მაგრამ მაინც ყოველ დილით აქეთ მოიჩქარის, თითქოს კვლავ სამსახურში აგვიანდებოდეს... მისი ჯიხური ბევრს ახსოვს თბილისში, კულა გლდანელისა და ქართველი კინოვარსკვლავების ფოტოებით აჭრელებული. მუშაობდა ძია სანდრო და თან ისმენდა ბაბუამისის და დიდი ბაბუის მონათხრობს... "აქ იცოდნენ ჩამოსხდომა და ახლა მეც მათსავით უნდა ვიმუსაიფო თქვენთან. ჩემს ქალაქზე იმდენი მომისმენია და იმდენიც მინახავს, თქვენც უნდა იცოდეთ. მერე გაზეთში ხომ დაწერ, ძია სანდროს მონაყოლიაო?" - მეუბნება ღიმილით. "აბა, რას ვიზამ, დავწერ, რომ "კვირის პალიტრის" სტუმარია თბილისელი და თბილისზე შეყვარებული უხუცესი ქართველი ალექსანდრე ბიბილაშვილი," - ვპირდები ძია სანდროს...

ალექსანდრე ბიბილაშვილი: - ახლა რომ ტანციმანცები და ღამის კლუბებია... უწინდელ თბილისში როგორ ერთობოდნენ, მე მოგიყვები. მაშინ ღარიბი ხალხის ძირითადი გასართობი ადგილი აბანო იყო. შაბათობით ქალები შეკრავდნენ ბოხჩებს, მიდიოდნენ აბანოში. იქ რეცხავდნენ, ბანაობდნენ, ჭორაობდნენ და საქმეებსაც აგვარებდნენ - სადედამთილოები შეიგულებ-შეათვალიერებდნენ ხოლმე სარძლოებს.

აბანოში ისეთი მექისეები იყვნენ, დაგშლიდნენ, აგაწყობდნენ და მადლობასაც ეტყოდი. კარგი მექისე ძვირად ფასობდა. ძირითადად, თათრები იყვნენ. აბანოებში ქალის მექისეებიცა ჰყავდათ და კაცისაც.

კაცები აბანოში ქეიფობდნენ, დროს ატარებდნენ და შინ დილით ბრუნდებოდნენ. ახლა ერთი ძველი, თბილისური სადღეგრძელო უნდა გითხრათ: "ეს იმ ქალს გაუმარჯოს, ორშაბათ დილას ფანჯარაში გამოდგმულ სანთელს რომ არ ჩააქრობს" (იგულისხმება ცოლი, რომელიც აბანოში წასულ ქმარს ელოდა მთელი ღამე).

კრივი უწინ ძალიან მიღებული იყო. კრივი იცოდნენ მუშტით და ქვით - კვერცხისოდენა ქვებს ესროდნენ შურდულით. საშინელება იყო, ადამიანები შავდებოდნენ, ზოგი კვდებოდა კიდეც. მერე აკრძალა ქალაქის მთავრობამ. მუშტი-კრივი კიდევ როგორი იყო, იცით? დღეს რომ კრივი გინახავთ, ისეთი კი არა - ცალი ხელით ურტყამდნენ მუშტს მკერდში მოწინააღმდეგეს. "ყეენობაც" გართობის საშუალება იყო თბილისელებისთვის. ეს თამაში აღა-მაჰმად-ხანის დროინდელია. მასში მონაწილეობდნენ დედოფალი, ყეენი... მოსდევდათ ამალა... ყველაფერი იყო პაროდირებული და ხის ხმლებით იბრძოდნენ. საბოლოოდ ყეენს აგდებდნენ მტკვარში და ამას სდევდა ერთი ხორხოცი და ხალისი. მთელი თბილისი გამოდიოდა "ყეენობაზე". ბოლოს ყველაფერი ქეიფით მთავრდებოდა... თავიდან ყეენი აღმოსავლურად იყო გამოწყობილი, მოგვიანებით გენერლის მუნდირს აცმევდნენ. ბოლოს ეს თამაშიც აკრძალეს.

მე-19 საუკუნის 60-იან წლებში თბილისში ძალიან პოპულარული ყოფილა იტალიური ოპერები. წარმოდგენებს ესწრებოდნენ მდიდრებიც და ღარიბებიც. იტალიური ოპერა იმიტომ ერქვა, რომ მხოლოდ იტალიელები მღეროდნენ. მერე, ქართული ოპერები რომ დაიწერა, გამოჩნდა ჩვენი ვანო სარაჯიშვილი. ძალიან მოხდენილი იყო, გოგოები თავს იკლავდნენ მისი გულისთვის, ჯგუფ-ჯგუფად დასდევდნენ. ამ გოგონებს ქალაქში "სარაჯისტკები" დაარქვეს. გართობის ერთ-ერთი ადგილი იყო ორთაჭალის ბაღებიც, თავის ტურფებიანად. ახლანდელი ლესელიძის ქუჩის მიმდებარედ, ფქვილის ქუჩაზეც გამოფენილი იყვნენ კახპები. მგონი, ახლანდელები უფრო მოკრძალებული არიან, ისინი კი, თურმე, ქუჩაში გამვლელ კაცებს ქუდებს სტაცებდნენ და შინისკენ გარბოდნენ, რომ როგორმე ამ გზით შეეტყუებინათ მუშტრები.

კინტო ძველი თბილისის ქუჩების ერთ-ერთი კოლორიტული ფიგურა გახლდათ. ისინი წვრილმანი მოვაჭრეები იყვნენ, თავზე ედოთ ლანგარი, რომელზეც გასაყიდი ხილი ეწყო... დილით ადრე ბაზარში ყიდულობდნენ ხილ-ბოსტნეულს და მერე ქუჩა-ქუჩა დადიოდნენ და ყიდდნენ. თან დაჰქონდათ თავისი სასწორიც. ეს ხელობა მცირე მოგებას იძლეოდა, ამიტომ იტყუებოდნენ წონაში, ხურდაში...

თუ გინახავთ სპექტაკლი "პეპო"? ეროსი მანჯგალაძე და მედეა ჩახავა თამაშობდნენ. იქ ასეთი დიალოგია:

- ეს "კლუბნიკა" სად იყიდე?

- კინტოსგან, - პასუხობს მოახლე.

- აბა, კინტოსგან ყიდვა შეიძლება?! - ქოქოლას აყრის ქალბატონი.

კინტოები ცდილობდნენ, მუშტარი მოეტყუებინათ, თან ცუდი რეპუტაცია ჰქონდათ - ახალგაზრდა გოგონებს უწმაწური სიტყვებით ეხუმრებოდნენ. ბებიაჩემი მიყვებოდა - დედამთილი მარიგებდა, კინტოებს არ დაელაპარაკოო.

ყარაჩოხელებზეც გიამბობთ... ისინი ჰამქრის წევრები იყვნენ. სხვისი ჰამქრის წევრის გადმობირება ცუდი საქციელი იყო. თუ გარდაიცვლებოდა რომელიმე წევრი, დანარჩენები აუცილებლად ზრუნავდნენ მის ქვრივ-ობლებზე. ჰამქრებს შორის ძალიან პატიოსანი კონკურენცია ყოფილა.

ყარაჩოხელები როგორ ქეიფობდნენ, იცით? ვერცხლის ქამარში გაყრილ ბაღდადს ძირს გაფენდნენ და ზედ იშლებოდა თათარიახლი, ანუ სახელდახელო პურმარილი. ამ სუფრაზე იდო თევზი, მწვანილი, ბოლოკი და მოთალი (ყველის სახეობა), სვამდნენ ბევრ ღვინოს... ჰო, ვერცხლის ქამარზეც გეტყვით...

მას დასამარხ ქამარსაც უწოდებდნენ და მისი გაყიდვა არ შეიძლებოდა, რადგან კაცს თავისი დასამარხი ფული უნდა დაეტოვებინა... გადმოცემით ვიცი, ქალაქში ამბავი დადიოდა, ერთ ყომარბაზ ყარაჩოხელს დიდი ფული წაუგია, თავანის დასაფარავად თავისი ქამარი მოუხსნია და გაუყიდია, მერე კი იმ კაცს სინდისმა "მიაკითხა" და თავი ჩამოუხრჩვია...

მოკლედ, ყარაჩოხელები ქეიფის მოყვარულები იყვნენ და ერთმანეთსაც გვერდში ედგნენ. ახლა კიდევ ერთ სადღეგრძელოს გეტყვით მეგობრობაზე: "ეს იმ მთვარეს გაუმარჯოს, ძმაკაცის საშველად მიმავალ ძმაკაცს გზას რომ გაუნათებს".

იქნებ სადღეგრძელოებით თავი შეგაწყინეთ, მაგრამ რა ვქნა, მე ღვინის თაობა ვარ. ახლა რომ "სასაცილო პაპიროსების" მოწევა დააკანონეს, მაგას სადღეგრძელო არ უნდა... მე მაინც სადღეგრძელოებს მოვყვები. წლები რომ გავა, ვინმე წაიკითხავს და იტყვის, 2018 წელს თბილისში ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც ქართული სუფრის ადათ-წესებს პატივს სცემდნენ და სადღეგრძელოებიც ბევრი იცოდნენო.

ხანუმაზე გიამბობთ. უწინ, ძირითადად, ქორწინება შუამავლების, მაჭანკლების მეშვეობით ხდებოდა. მანამდე ამ ე.წ. პროფესიას სხვადასხვაგვარად მოიხსენიებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც თბილისში გამოჩნდა ერთი სერიოზული ქალი, მისი სახელი ამ საქმიანობას დაუკავშირდა. ახლაც გაიგონებთ - შენ რა, ხანუმა ხარო?

ხანუმა პირულიანზე ლეგენდები დადიოდა თბილისში. მისი გაუკეთებელი საქმე არ არსებობდა. თურმე, დრამატურგისა და მსახიობის, ავქსენტი ცაგარელის მეზობელი ყოფილა და მან ხანუმას საქმიანობა აღწერა კომედიაში "ხანუმა".

ქორწინებისას მეტწილად მთავარი იყო არა წყვილის გარეგნობა ან ასაკი, არამედ ქონება. მზითევის სია უნდა გენახათ! "ორი დუჟინი ბალიში; ერთი დუჟინი ქინძისთავი მარგალიტის თვლითა; პირსაბანი "ევროპეისკი"... უფრო კულტურული ხალხი წიგნებსა და ჭადრაკს ატანდნენ ქალებს მზითევად.

კიდევ ერთი სადღეგრძელო გამახსენდა: "ეს იმ ორ მტრედს გაუმარჯოს, ხეზე რომ ზიან და ქარს ელოდებიან, იქნება ერთმანეთს შეგვაჯახოსო..."

- გაგიმარჯოთ! - გვადღეგრძელა ბოლოს ძია სანდრომ და თავისი საყვარელი ქუჩის აღმართს მძიმე ნაბიჯით აუყვა.

ყარაჩოხელთა სინდისის კოდექსი

ყარაჩოხელი წარმომავლობით ქალაქის დაბალ ფენას ეკუთვნოდა. ისინი თბილისელი ხელოსნები იყვნენ, რომელთაც სინდისის საკუთარი კოდექსი გააჩნდათ. თბილისელი ყარაჩოხელი ქალაქის მოსახლეობის საყვარელი ფალავანი, უსამართლობისა და ძალმომრეობის მოძულე, სუსტების, დაჩაგრულებისა და ქვრივ-ობლების ქომაგი იყო.

წარმოუდგენელია ძველი თბილისი ყარაჩოხელთა ქეიფისა და დროს ტარების გარეშე. მათ ნახავდით თბილისის დუქნებსა და სამიკიტნოებში, ორთაჭალისა და კრწანისის ბაღებში, მტკვარზე, ტივსა თუ ნავზე. თასებით ხელში დადიოდნენ. ისინი შრომით მოპოვებულ ფულს არასოდეს ინახავდნენ და უზრუნველად ხარჯავდნენ ღვინოში. თბილისში ლეგენდაც კი არსებობდა ყარაჩოხელ ალექსას შესახებ, რომელმაც ორთაჭალის ბაღში ძალიან დიდი ფული, 100 თუმანი იპოვა და იმის ნაცვლად, რომ ეს თანხა შეენახა, ადგა და მთელი ამქარი ერთი კვირის განმავლობაში აქეიფა. იმ კვირაში თბილისში არც ერთი სახელოსნო აღარ მუშაობდა. ხალხი ძალიან ცუდ დღეში ჩაცვივდა, რადგან ხელოსნები ყველას სჭირდებოდა, ისინი კი გაშლილ სუფრას უსხდნენ და ვარჰალალოს გაიძახოდნენ. მოქეიფეთა სუფრა არასდროს დამწუხრდებოდა. სახელდახელო სუფრაზე გასაოცარ სადღეგრძელოებს წარმოთქვამდნენ. მათ სადღეგრძელოში ჩანდა კაცთმოყვარეობა, ადამიანის ყოველდღიური ფიქრი და ტკივილი. ყოველ სადღეგრძელოს მოჰყვებოდა დუდუკის ჰანგი, რომელიც ღვინისგან შეზარხოშებულთ, ეშხში შესულებს ცხოვრების სითბოსა და სილამაზეს აგრძნობინებდა. ქეიფში, პურმარილში ღამენათევი მეინახენი გათენებისას, დილის საარზე ქეიფს თბილისის გოგირდის აბანოებში განაგრძობდნენ. ცხელი აბაზანისა და ლაზათიანი ქისის შემდეგ სუფრა ზედ აუზის თავზე იშლებოდა და კვლავ ისმოდა ყარაჩოხელთა ფრთიანი სადღეგრძელოები.

ყარაჩოხელს ქონება არ გააჩნდა. თავის ნაშრომს, ძირითადად, ქეიფსა და ლხინში ხარჯავდა, მაგრამ არასოდეს დათმობდა ვერცხლის ქამარს, რომელიც ყოველთვის თან ჰქონდა. ამ ქონებას სიკვდილის შემდეგ დასამარხი ფულისთვის ინახავდა.

ეკა სალაღაია