"ბარსელონაში დავიბადე, ბაბუის მონაყოლით გავი­ცანი ჩემი საქართველო" - "ინსტაგრამის" ქართველი ვარსკვლავი - კვირის პალიტრა

"ბარსელონაში დავიბადე, ბაბუის მონაყოლით გავი­ცანი ჩემი საქართველო" - "ინსტაგრამის" ქართველი ვარსკვლავი

ფოტოგალერეა

სოციალურ ქსელში გოგონას პოსტს წავაწყდი - ჯანსაღი ცხოვრების წესს უწევდა რეკლამას და უამრავი კომენტარის ავტორები რჩევას ეკითხებოდნენ. პალომა ანასტასია მიქაძე სოციალური ქსელის ინსტაგრამის ვარსკვლავია, მის გვერდს ასეულობით გამომწერი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მოდა, ინტერიერის დიზაინი და ჯანსაღი ცხოვრების წესი - ეს ის თემებია, რის შესახებაც პალომა თავისი გვერდის გამომწერებს უამბობს. როგორ გახდა პოპულარული, ბარსელონიდან პალომა ანასტასია მიქაძე გვიამბობს.

- თქვენი ინსტაგრამის გვერდს როგორც უცხოელი, ასევე ქართველი გამომწერებიც ჰყავს, თუმცა ქართველებს, ალბათ, აინტერესებთ, ვინ არის პალომა ანასტასია მიქაძე და როგორ მოხვდა ის ბარსელონაში?

- მეამბოხე ვარ, არასდროს მივყვები სტერეოტიპებს, ვცხოვრობ ჩემი წესებით და არ ვარ დამოკიდებული სხვების აზრზე. ბარსელონაში გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტი დავამთავრე, მოდის დიზაინი კი მილანსა და ლონდონში შევისწავლე. საინტერესოა იმ ადამიანების ცხოვრება, ვინც არ ერგება კონკრეტულ მოცემულობას ცხოვრებაში და სხვადასხვა საქმეს ჰკიდებს ხელს, მზად არის ცვლილებებისთვის და ღიმილით ხვდება გამოწვევებს. ასეთი ვარ მეც - ერთ დღეს შეიძლება დიზაინით ვიყო დაკავებული, მეორე დღეს ჩემი ბლოგისა და ინსტაგრამის კონტენტზე ვმუშაობდე, შემდეგ ფოტოგადაღებებით დავინტერესდე და ა.შ.

- თქვენი ოჯახი დიდი ხნის წინ წავიდა ემიგრაციაში, ქართულად თუ საუბრობთ?

- მე ვარ უმცროსი ოთხ დედმამიშვილს შორის. ჩემმა მშობლებმა საქართველო 1991 წელს უკეთესი ცხოვრების ძიების სურვილით დატოვეს. ყოველთვის უნდოდათ დაბრუნება, მაგრამ შემდეგ ბარსელონაში დაფუძნდნენ და 1993 წელს მეც გავჩნდი. ბაბუის მონაყოლით გავიცანი ჩემი საქართველო. ბაბუა ჭიათურიდან იყო და მისგან გადმომეცა სიყვარული საქართველოს უნიკალური ისტორიისა და ბუნებისადმი. მიყვარს საქართველო, ბევრ ადგილას ვარ ნამყოფი. ბოლოს მოდის კვირეულზე 2017 წელს ჩამოვედი. ძალიან მომწონს ქართველი დიზაინერები და სიამოვნებით შევიტან წვლილს ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარებაში ჩემი ბლოგის საშუალებით. სამწუხაროდ, ქართულად არ ვსაუბრობ, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს ვისწავლო, მესმის სიტყვების მნიშვნელობა, რადგან მშობლები ქართულად საუბრობენ სახლში.

- თქვენი ბლოგი უმეტესად ქალებისთვისაა, ხშირად აძლევთ მათ რჩევებს... - ჯანსაღი ცხოვრების წესი ბედნიერების საწყისია. ქალები ძლიერები ვართ, რადგან გვაქვს უნარი, ახალი ადამიანი მოვავლინოთ ქვეყანას. ჩემი მშობლები მასწავლიდნენ, ვყოფილიყავი დამოუკიდებელი, ძლიერი და არ დავნებებულიყავი. როდესაც ჯანსაღად იკვებებით და ვარჯიშობთ, თქვენი გონება უფრო ძლიერი და დაუზარელი ხდება. დედაჩემი 50 წლისაა, მაგრამ ჩემი და გეგონებათ. ჭამს ზომიერად, ვარჯიშობს კვირაში სამჯერ და მუშაობს. ის ჩემთვის სამაგალითო ქალია. ჩემს გვერდს ბევრი გამომწერი ჰყავს სხვადასხვა ქვეყნიდან. ყველაზე პოპულარული თემებია: მოდა, ფიტნესი და ინსპირაცია.

ბავშვობიდან მივდევ სპორტს. მხოლოდ დიეტა არ არის ეფექტური, აუცილებელია ვარჯიში. ვეგეტარიანელი ვარ, მაგრამ ზოგჯერ თევზსაც მივირთმევ. ჩემი რაციონი მარტივი კერძებისგან შედგება, ბოსტნეული, კარტოფილი, ბრინჯი და ა.შ. ჩემი მთავარი რჩევაა - დალიეთ ბევრი წყალი მთელი დღის განმავლობაში.

დღესასწაულებზე ყოველთვის ვამზადებთ ქართულ კერძებს, ეს ჩვენი ოჯახის ტრადიციაა. ასეთ დროს არ არსებობს წესები და დიეტა, გემრიელად მივირთმევთ! ძალიან მიყვარს აჭარული ხაჭაპური, ხინკალი (ყველით), ნიგვზიანი ბადრიჯანი.

- გეგმებზე რას გვეტყვით? - მინდა ყველას გავაცნო, თუ რას სთავაზობს საქართველო მსოფლიო მოდის ინდუსტრიას, დანარჩენს სიურპრიზად დავტოვებ. ძალიან მომწონს, როდესაც ჩემი გვერდის გამომწერებს შორის ქართველების კომენტარები მხვდება.

იხილეთ ფოტოგალერეა

ნინო წიფურია