"ქართველს ვერ ვესროდი!" - კვირის პალიტრა

"ქართველს ვერ ვესროდი!"

"ჩვენ ომს კი არა, ქართველებთან სისხლის ღვრას გავექეცით"

"ჩემი შვილი სიკვდილს ქართველმა გადაარჩინა და ამის დაუნახაობას ღმერთი არ მაპატიებდა..."

26 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომი დაიწყო, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. ამ ომს 30 000-მდე ქართველის სიცოცხლე შეეწირა, 250 000-ზე მეტი კი დევნილად იქცა. ოდესმე, ალბათ, ქართველები და აფხაზები ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან, საკუთარ შეცდომებს გვერდს არ აუვლიან და მომავალი თაობებისთვის ობიექტურ ისტორიას ერთობლივად დაწერენ.

მიზეზთა გამო, ჯერჯერობით შერიგებასა და თანაცხოვრებაზე ფიქრიც კი უსაფუძვლოა, რადგან ორივე მხარისთვის 90-იანი წლების აფხაზეთის მოვლენები ომთან, ტყვიების ზუზუნთან, ცრემლსა და მტრობასთან არის გაიგივებული, თუმცა არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ იმ უმძიმეს პერიოდშიც იყო გმირობის არაერთი მაგალითი. ჯერ კიდევ ომამდე უამრავმა აფხაზმა, იმ მიზეზით, რომ ქართველს არ ესროდა, აფხაზეთი დატოვა. ისინი დღემდე სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ. ზოგი ზაფხულობით აფხაზეთში სტუმრად ჩადის, ზოგი კი მას შემდეგ არასდროს ჩასულა...

"კვირის პალიტრა" რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა. პირველ წლებში მათ მოღალატეებს უწოდებდნენ და აგრესიით ხვდებოდნენ. დროთა განმავლობაში ურთიერთობები დალაგდა.

"ცოლ-ქმარი ღამე ჩუმად მიდიოდა და ქართველების საფლავებს უვლიდა"

ელენე აგუმა: - როდესაც პირველი ტყვია გავარდა, უკვე ვიცოდით, რომ ამას ვერაფერი შეაჩერებდა, ისეთი წყენა და ბოღმა იყო დაგროვილი... როგორც კი ვითარება დაიძაბა, მაშინვე დავიწყეთ სახლის დატოვებაზე ფიქრი. თუ ბიძაშვილის ცოლს არ ჩავთვლით, ქართველი ნათესავი არც გვყოლია, მაგრამ ჩემს მამამთილს, მეუღლესა და მაზლს ქართველი ბავშვობის მეგობრები ჰყავდათ და ოჯახის უფროსი ვერ დაუშვებდა, მათთვის გვესროლა. ამიტომ, როგორც კი გაგრაში ქართული ძალები შემოვიდნენ, თანდათან სახლიდან ნივთების გაზიდვა დავიწყეთ... ჩვენი ქართველი ახლობლები გვეუბნებოდნენ, ნურაფრის გეშინიათ, ჩვენ აქ ვართო...

ჩვენი წასვლის შემდეგ ჩემი მეუღლის მშობლები ძალიან მალე უკან დაბრუნდნენ, რადგან სიბერეში უცხო მიწაზე ვერ გაძლეს. მაშინ დაიწყო პრობლემებიც - აფხაზები შინ უცვივდებოდნენ, შვილები ომს გაარიდეთ და აქ, ჩვენს გათავისუფლებულ ქვეყანაში ცხოვრება კი გინდათო... ჩემი მამამთილი ბოლო წუთამდე იცავდა მეგობარი ქართველის სახლს, რომლის გასაღები ახლაც შენახული აქვს. აფხაზები შუბლზე იარაღს ადებდნენ, თქვი, ქართველებს სად მალავო. იმ დროს ქართველების დამალვა თვითმკვლელობის ტოლფასი იყო, თუმცა ჩემმა მამამთილმა ქართველების სახლებიდან უამრავი ნივთი გადაარჩინა. ცოლ-ქმარი ღამე ჩუმად მიდიოდა და ქართველების საფლავებს უვლიდა... ბოლოს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ერთი გავლენიანი აფხაზი ჩემი მაზლის სახლში დაბინავდა - ეს კონტროლის ერთგვარი მექანიზმი იყო, რომ ჩემი მამამთილი ქართველებს არ დახმარებოდა. მეორე მხრივ, ჩვენთვის მშვიდობის გარანტი გახლდათ, რადგან ჩვენს ოჯახზე თავდასხმა შეწყდა. ის გავლენიანი აფხაზი 2009 წელს სიმსივნეს ებრძოდა. დახმარება შევთავაზეთ და რუსეთში, დონის როსტოვში წავიყვანეთ, სადაც გარდაიცვალა კიდეც. მისმა შვილებმა ამაგი დაგვიფასეს და ასე მოვიპოვეთ მშობლების სახლში ჩასვლის უფლება. ეს ის აფხაზეთი აღარ არის, რაც დავტოვეთ და არც არასდროს იქნება.

"იმ ომში ირაკლიც მომიკლეს"

სლავა: - სკოლა რომ დავამთავრე, იმავე წელს კლასელ გოგონაზე დავქორწინდი, რომელიც მთელი ბავშვობა მიყვარდა. თითქოს ბედისწერა იყო, 8-თვიანი შვილი შეგვეძინა, ჯანმრთელობის პრობლემებით. საომარი პირობების კვალობაზე, ყველაფერი გავუკეთეთ, მაგრამ ბავშვი უარესობისკენ მიდიოდა, ვიდრე ჩემმა ბავშვობის მეგობარმა ირაკლი ზარქუამ თბილისიდან რაღაც წამალი არ ჩამოგვიტანა. მეორე კურსის ჩასატარებლად ისევ ირაკლის ველოდით... ერთმანეთს სოხუმში შევხვდით, წითელ ხიდთან, ღია კაფესთან, უკვე დამწვარ კინოთეატრ "აფსნის" წინ... ირაკლიმ მშრალად მომიკითხა, მეც არეულად ვპასუხობდი. წამალი უხერხულად გამოვართვი და ხელი ჯიბისკენ წავიღე, ვითომ ფულის მისაცემად. გაშრა. კაცობა არ დაკარგო, ბიჭოო, მითხრა და მხარში მუშტი მსუბუქად მომარტყა.

იმავე ღამეს ჩემი ბავშვობის აფხაზმა მეგობარმა სახლის კარი მხრით შემოანგრია, აკაესი მაგიდაზე დამიგდო და თვალებანთებულმა შემომიღრინა, აიღე ეს და კაცურად მოიქეციო! კაცურად მოქცევაში ქართველებისგან თავის შორს დაჭერასაც გულისხმობდა, რადგან, დარწმუნებული ვარ, ჩემი და ირაკლის შეხვედრის ამბავი გაიგო... დაღუპული აფხაზი ბიჭების პატივსაცემად, თავზე შავი ლენტი ჰქონდა გაკრული, წვერიც მოშვებული. ის 20 წლის ბიჭი ერთბაშად დაბერებულს ჰგავდა... უცებ სისხლი მომაწვა, იქნებ ვცდები და მისი გზაა სწორი, ეს ბიჭები სისხლს ღვრიან, მე კი თაგვივით შინ ვიმალები-მეთქი. ბრძანებაა, აქედან არც ერთი ქართველი არ უნდა გავიდესო, მომაძახა წასვლისას... წამოვხტი, უნდა წავიდე-მეთქი, გავძახე მამაჩემს, რომელიც ოთახიდან გამოვიდა, იარაღი ბუხართან მიაყუდა და მშვიდად მკითხა: ირაკლის ესვრი? რას მიყურებ, ესვრი ირაკლის? - დამარცვლით გამიმეორა. ვერაფერი ვუთხარი...

შემდეგ დედაჩემს უთხრა, ბარგი ჩაალაგე, მივდივართო. სახლის კარი არ ჩაგვიკეტავს, მხოლოდ მოვხურეთ, იქნებ რომელიმე ქართველს დამალვა დასჭირდეს და ღია დახვდება-მეთქი. ცოტა ხანს მაინც შეაფარებდნენ თავს, აფხაზის ოჯახში არავინ შევარდებოდა... თენდებოდა, ადლერს რომ მივუახლოვდით. ყველამ ერთად გავხედეთ აფხაზეთს - გზაზე სატვირთო მანქანები მიმოდიოდნენ, ძარაზე შეიარაღებული მამაკაცები ისხდნენ. ასე შემორჩა იქაურობა ჩემს მეხსიერებას. მას შემდეგ იქ არ ვყოფილვართ. ჩვენი სახლის ეზოში ავტოსახელოსნო გაუხსნიათ, სახლიც მიუთვისებიათ...

ნათესავები ხშირად მაყვედრიან, ომს გაექეცითო. ჩვენ ომს კი არა, ქართველებთან სისხლის ღვრას გავექეცით. არც მამაჩემი ყოფილა მეომარი და ვერც მე ვიქნებოდი. ქართველს ვერ ვესროდი. მათთან გასაყოფი არასდროს არაფერი გვქონია.

წლების შემდეგ ბზიფელ აგრბებზე გავიგე, სამივე ძმა ომს გაერიდა, სახლი დაკეტეს და წავიდნენო. ქართველებთან ნათელმირონობა ჰქონდათ...

ომმა არავის მოუტანა სიკეთე. ბევრმა ომის შემდეგაც აღადგინა და შეინარჩუნა კავშირი ქართველებთან. მე ომით გაყოფილი ურთიერთობა არ მინდოდა. ჩემი შვილი სიკვდილს ქართველმა გადაარჩინა და ამის დაუნახაობა არ შეიძლებოდა, ღმერთი არ მაპატიებდა...

იმ ომში ირაკლიც მომიკლეს, მამიდის გამოსაყვანად დაბრუნებულა და ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. ყოველ შემთხვევაში, ასე მითხრეს...

იყვნენ ისეთი ქართველები და აფხაზებიც, ომამდე ძალიან ახლო ურთიერთობა რომ ჰქონდათ, თუმცა ომის დროს "ჩვენებისა" და "ქართველების" მიტინგებზე დაიწყეს სირბილი და შემდეგ ერთმანეთი გაწირეს. პოლიტიკამ მაინც თავისი ქნა.

ლალი პაპასკირი