"ნუკრის ყველა რემბოს ეძახდა, ბიჭებმა მისი ნამდვილი სახელი არც იცოდნენ"
24-08-2018
"ნუკრის ყველა რემბოს ეძახდა, ბიჭებმა მისი ნამდვილი სახელი არც იცოდნენ"
"საბრძოლო ბატალიონ "თეთრი არწივის" მებრძოლი, 29 წლის ზემდეგი ნუკრი დოლიაშვილი გმირულად დაიღუპა აფხაზეთში საბრძოლო ოპერაციის დროს, კერძოდ, გაგრაში 1992 წლის 2 ოქტომბერს", - ეს ოფიციალური ცნობაა­ თბილისელი ბიჭის დაღუპვაზე, რომელსაც თანამებრძოლებმა "პატარა რემბო" შეარქვეს. 4 აგვისტოს ნუკრი დოლიაშვილი 55 წლის გახდებოდა... სიკვდილის შემდეგ ის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 26 წლის შემდეგ ნუკრის დედა თამარ დორეული ცრემლით იხსენებს ტკივილით აღსავსე დღეებს.

"სხვაგვარად არ შემიძლია"

- სამმა მეგობარმა აფხაზეთში წასვლა
გადაწყვიტა. ნუკრიმ, სხვაგვარად მოქცევა არ შემიძლია, ომში 16 წლის ბიჭები იხოცებიან და ტელევიზორით ვუცქირო მათ სიკვდილსო?­ ვიცოდით, ვერ გადავაფიქრებინებდით და შევეგუეთ აზრს, რომ უნდა წასულიყო... მისმა მეგობრებმა წასვლა გადაიფიქრეს, ნუკრი კი მაინც წავიდა.­ 1992 წლის 3 სექტემბერი იყო. მე და მამამისმა გავაცილეთ "თეთრი არწივის" დისლოკაციის
ადგილამდე. ნუკრი გია ყარყარაშვილის მამასთან მუშაობდა ეგერად. გიას უთქვამს მამისთვის, 20 კარგი ბიჭი გამომიგზავნეო. ნუკრის გიას მამისთვის უთქვამს, თუ წავალ, გიასთან წავალო. სამი დღე მივდი-მოვდიოდით ზღვაზე, სადაც "თეთრი არწივის" დისლოკაციის ადგილი იყო, სატვირთო ავტომანქანა, რითაც უნდა წასულიყვნენ, მწყობრიდან იყო გამოსული, ვერავინ აამუშავა, ბოლოს ნუკრი შეძვრა მანქანის ქვეშ და შეაკეთა. მცხეთამდე მივყევით ჩვენი მანქანით. მას შემდეგ შვილი აღარ გვინახავს.

მოკლეს, მოკლეს!

- ომიდან 23 წლის შემდეგ ჩემი შვილის თანამებრძოლი გავიცანით, რომელიც გვიყვებოდა, როგორ იცავდა და უფრთხილდებოდა ნუკრი, მარტოს არსად­ მიშვებდა, პატარა ხარო და თუ რამე სახიფათო იყო, პირველი თვითონ გარბოდა.
2 ოქტომბერს გაგრა დაეცა. გამთენი­ისას თითქოს ვიღაცამ ყურში ჩამძახა, მოკლეს, მოკლესო! საწოლიდან დაფეთ­ებული წამოვხტი, მაგრამ ჩემს შვილზე ავი მაინც არ მიფიქრია. 3-4 ოქტომბერს შევარდნაძემ რუსეთთან განიარაღებაზე რომ მოაწერა ხელი, მამშვიდებდნენ, ნუ გეშინია, ნუკრი უვნებლად დაბრუნდებაო. 2 ოქტომბრის ღამის მერე ჩემი შვილის კვალი იკარგება.

"აეროპორტში ვათენ-ვაღამებდი"

- 20 დღის განმა­ვლობაში აეროპორტში ვათენ-ვაღამებდით, ხელში ნუკრის ფოტოსურათით და ყველა ჩამომსვლელს ვეკითხებოდი, ეს ბიჭი ხომ არ გინახავთ-მეთქი. მერე გაგრიდან­ ამბავი ჩამოვიდა­, ბევრი ბიჭია ტყეში გასული, გამოსვლის საშუალება არა აქვთო. ჩემი მეუღლე და რამდენიმე­ ჯარისკაცის მამა თავდაცვის­ სამინისტროში­ დადიოდნენ, ითხოვდნენ, ვერტმფრენი გამოეყოთ იმ ბიჭების წამოსაყვანად. მართლაც გამოყვეს­, რომლითაც გაგრიდან­ 25 ბიჭი ჩამოიყვანეს, მაგრამ ნუკრი მათ შორის არ იყო. მერე ერთმა მებრძო­ლმა ჩემს ქმარს უამბო, როგორ დაიღუპა ნუკრი. ბიჭები გაგრაში, სასტუმრო "ენერგეტიკში"­ ყოფილან დაბანაკებული. ყარყარაშვილს უმრავ­ლესობა შვებულებაში გაუშვია და 87 ბიჭიღა დარჩენილა. ჩეჩნები და აფხაზები მოულოდნელად თავს დასხმიან და ზოგს ტყისთვის შეუფარებია თავი. ნუკრი და რამდენიმე ბიჭი დარჩენილან. ტანკი რომ გამოჩნდა, ნუკრი სასტუმროდან თანამებრძოლების გამოსაყვანად შებრუნებულა, თუმცა ვერც ისინი გამოიყვანა და თვითონაც დაიღუპა. გვითხრეს, სახე ისეთი წაშლილი ჰქონდა, ვერ ვიცანით, ხელნაკეთი ყუმბარით მივხვდით, ნუკრი რომ იყოო.

ჯარისკაცის მამა

- გაგრის დაცემის შემდეგ ჩემი ქმარი სოხუმშიც ჩავიდა. ზოგი არწმუნებდა, საავადმყოფოშია დაჭრილიო, ყველა ჰოსპიტალი მოიარა. ბეჟანს თან ჩემი მეორე­ შვილიც გაჰყვა და სწორედ იმ დღეს სოხუმის დაბომბვა დაიწყო. ჩემს ქმარს ერთი ჯავშანჟილეტი"მისცეს, ისიც შვილს ჩააცვა. ვიღაცამ უთხრათ, ჰოსპიტალში დოლიაშვილი წევსო, ახლა იქ მივიდნენ, მაგრამ დაჭრილი დირბელი დოლიაშვილი­ აღმოჩნდა. იმხანად ომში დაკარგულების ოჯახებში ბევრი ცრუ ზარი შემოდიოდა, ოღონდ ფული ეშოვათ და, მშობლებს ატყუებდნენ, ვიცით, სად არის თქვენი შვილიო. ჩვენც სხვადასხვა ვერსიას ვისმენდით. მერე ჩამოვაყალიბეთ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ფონდი, რომლის მეშვეობითაც მშობლები ოფიციალურად სთხოვდნენ მთავრობას დაკარგული შვილების პოვნაში დახმარებას. ნუკრის ძებნაში­ წლისთავზე მეუღლეც გამომეცალა ხელიდან - 54 წლისას ტვინში სისხლი ჩაექცა.

ამაო იყო ამდენი მსხვერპლი?!

- ყარყარაშვილის ძმა რომ ჩამოასვე­ნეს, პანაშვიდზე ვნახეთ ნუკრის თანამებრ­ძოლი, ფოტო ვაჩვენეთ და გვითხრა, უი,"პატარა რემბოო". თურმე ყველა­ფერში წინ მიდიოდა, არაფერს ეპუებოდა, ძლიერი­ და უშიშარი იყო. ყველა რემბოს ეძახდა, ბიჭებმა მისი ნამდვილი სახელი არც იცოდნენ.
ამაო იყო ეს მსხვერპლი, დავკარგეთ აფხაზეთიც და შვილებიც.­.. მე ნუკრისთან ერთად მოვკვდი, თუმცა ერთი წამითაც არ ვყოფილვარ მის გარეშე.­ ნუკრის ქალ-ვაჟი გაიზარდა, ღმერთმა კარგად მიმყოფოს მათი თავი. როცა გავიგებდი, დაღუპული ჩამოასვენესო,­ ბღავილით სასაფლაომდე მივდევდი ცხედრებს. დღესაც იმ დედებს­ შევნატრი, ვისაც შვილების საფლავები მაინც აქვთ.

ნანა ფიცხელაური
Nana
25 სექტემბერი 2018 16:29
Guli shemekumsha tanagigrdznobt
eva
16 სექტემბერი 2018 23:57
ომი ა სჰვებულება?
აფხაზი
25 აგვისტო 2018 12:13
შევარდნაძის ბოზხუნტა ხომ გამდიდრდა, სამწუხაროდ დღემდე ვერ გაიგეთ რომ საქართველოს დაშლისთვის ბრძოლობდით...

რედაქტორის რჩევით