"17 ტყვია­ ჰქონდა სხეულში. ჩემი ბიჭი მკვდარი ეგონათ, თვითმფრინავში მყოფი ექიმი მიხვდა, რომ ცოცხალი იყო"
20-08-2018
"17 ტყვია­ ჰქონდა სხეულში. ჩემი ბიჭი მკვდარი ეგონათ, თვითმფრინავში მყოფი ექიმი მიხვდა, რომ ცოცხალი იყო"
დედაშვილური სიყვარული მძლეთამძლეა! - ეს მივიწყებული ფრაზა ჩვენს სინამდვილეში ხშირად სულისშემძვრელი ძალით ცოცხლდება.­ უკვე რამდენი ხანია მეც თან დავატარებ იმ დედის ამბავს, რომელმაც, ფაქტობრივად, ნაფლეთებად დაგლეჯილი შვილის ფეხზე დაყენება შეძლო, მერე კი მთელი ცხოვრება საყრდენად დაუდგა მთელი 27 წელიწადი. ზუსტად ამ წლების წინ ჩამოუყვანეს ზაირა ბლუიშვილს აფხაზეთის ომში წასული ერთადერთი 19 წლის შვილი,­ ლევანი. უფრო სწორად, ჩამო­უსვენეს, საბედნიეროდ, თვითმფრინავში ცხედრებს ექიმი ახლდა, რომელმაც შემთხვევით ნახა, რომ ბიჭი თბილი იყო.

ზაირა
ბლუიშვილი:
- წლები გადის, მაგრამ ის შავი დღეები ისეთი სიცხადით ამომიტივტივდება ხოლმე, თითქოს დედამიწა გუშინ გამომეცალა ფეხიდან. ერთადე­რ­თი შვილი მყავდა და ისიც ომში წავიდა. რა უნდა მეთქვა, არ წახვიდე-მეთქი? თბილისში ვცხოვრობდით, მაგრამ ლევანი სოხუმში სწავლობდა. აფხაზეთში არეულ­ობა რომ დაიწყო, ლევანი თბილისში დაბრუნდა და მაშინვე "შავნაბადას"
ბატალ­იონს მიადგა.
ჩემს ბიჭს ბატალიონშიც ხშირად ვაკითხავდი. მასთან ერთად ჩემი დისშვილიც მსახურობდა და ორივესთვის ჩემი ხელით მომზადებული კერძები მიმქონდა. ერთ დღესაც ასე დატვ­ირთული ბაზას რომ მივადექი, ჯარისკაცებით სავსე ბრეზენტიანი მანქანა გამოვარდა, რომელზე­ც ჩემი ბიჭები იდგნენ, ლევანმა ხელი დამიქნია, დედა, ნახვამდის, ომში მივდივარო! ამ ტკივილის აღწერა არ შეიძლება... ჯერ ხობის ბაზაში გადაიყვანეს. იქაც ჩავაკითხე, მაგრამ ცარიელი დამხვდა. მითხრეს, ბიჭები ომში წავიდნენო. სწორედ მაშინ გამომეცალა დედამიწა ფეხებიდან. თბილისში დასაბრუნებლად მატარებლამდე როგორ მივედი, არ მახსოვს, მაგრამ მატარებელში გამოვფხიზლდი, ვაგონებით უკვე გაგრაში დაჭრილი­ პირველი ბიჭები მოჰყავდათ თბილისში და მათ გამცილებელს ატირებული შევევედრე, მიმიშვი, იქნებ მათ შორის ჩემი შვილიც არის-მეთქი, მაგრამ ლევანი იქ არ იყო. ბიჭებმა მითხრეს, "შავნაბადას" ბატალიონი პირველი შევიდა ბრძოლაში, ჩვენ კი მათ შევყევით, არ ვიცით, მათ რა ბედი ეწიათო.­ თურმე მე რომ სხვის შვილებს დავტიროდი, ჩემი ლევანი თბილისში ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციაში უგონოდ იწვა.

მკლავი უკვე მოჭრილი ჰქონდა, მთელი სხეული კი დაფლეთილი - 17 ტყვია­ ჰქონდა სხეულში. მოკლედ, ბიჭი როგორც გარდაცვლილი, ისე წამოუყვანიათ თბილისში. თურმე თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს და ამ დროს ჩემი შვილი, რომელიც მკვდარი ეგონათ, საკაციდან გადმოვარდნილა, როცა ისევ საკაცეზე დაასვენეს, თვითმფრინავში მყოფი ექიმი მიხვდა, რომ ბიჭი ცოცხალი იყო.

მოკლედ, სანამ ლევანთან შევიდოდი, გამაფრთხილეს, თავი შეიკავე, თორემ შენს რეაქციაზე შეიძლება უფრო ცუდი დაემა­რთოსო. ამის მერე აღარაფერი მახსოვს, მხოლოდ ლევანის სიტყვები მაქვს ყურში, თურმე ვიცინოდი და მკითხა, დედა, ასე გაგიხარდა, ხელი რომ მომაჭრესო?
როცა მივხვდი, რომ, სავარძლიდან ვეღარასოდეს ადგებოდა და ვერც ერთად­ერთ ხელს გაანძრევდა, რადგან მყესები გადაჭრილი ჰქონდა, ჩემს თავს ფიცი მივეცი, ან ფეხზე დავაყენებ, ან მოვკვდები-მეთქი. მას შემდეგ 23 ოპერაცია დასჭირდა­ და არ ვიცი, თანხა რა ძალებით მოვიპოვე. თანამდებობის პირებთან მოსაცდელში თვეობით ვიდექი, საბოლოოდ ვეღარ მეუბნებოდნენ უარს თანხის გადარიცხვაზე. 2 წლის სავარძელში ჯდომის შემდეგ გაიარა.

- როგორ შეძლო ეს?
- სიცოცხლის სიყვარულმა შეაძლებინა: სიკვდილიდან გამოსული კაცი სამ­უშაოს ნატრობს, ეს რა სიცოცხლეა, თუ არ ვიმუშავეო. პენსიით ვცხოვრობთ, მაგრამ უფალს ამისთვისაც ვმადლობთ. ახლა ლევანს ბოლო ოპერაცია დარჩა - ხელის ძვლებისა და მყესების გასწორება და თუ ეს შევძელით, ამ ქვეყნ­იდან დამშვიდებული წავალ. თურქეთში უკვე ოპერაციაზე შეთ­ანხმებული ვართ, მხოლოდ ოპერაციის დღეებში თურქეთში ცხოვრების სახსრების მოგროვებას ვცდილობთ­, სულ 10.000 ლარის, ოპერაციის ფულს, 20.000 დოლარს ჯანდაცვის სამინისტრო, მერია და ვეტერანების სამსახური მაძლევს.

- თქვენთან საუბარმა დედაშვილობის ძალის უძლეველობა დამანახა.
- ლევანიც ამას ამბობს, დედაჩემის წყალობით გადავრჩიო. მე კი მგონია, რომ ყველა დედას უფალი აძლევს შვილის გადარჩენის ძალას, და სიკეთე, რომელიც ამ 27 წლის მანძილზე ჩემს შვილს ადამიანებმა გაუკეთეს. იქნებ ახლაც სწორედ ასე მოხდეს - თურქეთში წასასვლელი ფული მოვაგროვოთ და შვილი იმედიანად დავუტოვო ცხოვრებას, მითხრა გამომშვიდობებისას ამ საოცარმა ქალმა, რომლის ანგარიშის რეკვიზიტებს აქვე გთავაზობთ:

595 31 37 96 - ზაირა ბლუიშვილი

ლიბერთი ბანკი:
GE25LB2100048045060422

მიმღები: ლევან ბლუიშვილი

მიმღების ანგარიში:
GE50KS00 0000 0000 1634 59

მიმღები ბანკის კოდი:
TEBAGE22

მიმღების დასახელება: ლევან ბლუიშვილი

ეთერ ერაძე

ლაშაგიორგი
21 აგვისტო 2018 09:23
როგორ მშურს ზაირა დედი შენი... ყოველი დედისა მშურს და არ ვმალავ ამას... ღმერთო, დიდხანს აცოცხლე ეს ადამიანი შვილის გვერდით სამყოფელად... ზაირა დეიდა, მიიღე მცირედი დახმარება ჩემგან. მადლობის მოხდა საჭირო არაა, თქვენმა შვილმა დიდი ხანია გადაუხადა მადლობა მთელ საქართველოს.
რუსა
14 აგვისტო 2018 15:23
ღმერთმა გაგაძლიეროთ. 10 000 ლარი არაა ის თანხა რომ ვერ შევძლოთ, ყველამ თითო ლარი რომ ჩარიცხოს მოგროვდება

რედაქტორის რჩევით