"მარტო შენ გეტყვი, ეთერო..."
"მარტო შენ გეტყვი, ეთერო..."
ყველას ვატყუებდი, რომ მინახავს მამის საფლავი, არადა, იმის სამარეს რა მანახებს, იქავე გავთავდები, რო წარმოვიდგენ, ძვლებიღაა დარჩენილი. ამბობენ, კლდევანშიაო. ჩემი შვილის სამარეც არ მინახავსო, მითხრა, დედა კი შემთხვევით ვნახე, როცა ხბოები ავლალე საძოვრად სამარებისკენ, იქ ჩემთვის ვიჯექი და თვალი გამექცა, დავიწყე კითხვა: კ-ე-კ-ე და უცებ მივხვდი, რომ დედას საფლავი იყოო

ერთხელ ვაჟა-ფშაველა თავისი შვილის, ლევანის ცეკვას პირველად შესწრებია. ცეკვავს ლევანი უგონოდ, მოხდენილად. კარგა ხანს უყურა თურმე, მერე სიამაყით და ირონიით
გადაულაპარაკია გვერდში მდგომისთვის: მეგონა, ლევანს თავში ვასწავლიდი, ამას კი ყველაფერი ფეხებში წასვლიაო. ეს ამბავი ეთერ თათარაიძისგან მოვისმინე. მან ვაჟა-ფშაველას ქალიშვილი, გულქან რაზიკაშვილი, მისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მოინახულა. ერთხანს ყოველდღე სტუმრობდა და მის მოგონებებს ცხოვრებასა თუ მამაზე იწერდა. "გულქანი ისე შევისწავლე, ხანდახან თუ ცოტა გალამაზებულად­ მომიყვებოდა
ამბავს, მე ჩუმად ვიყავი, მაგრამ კალამს ვაჩერებდი. მაშინვე მკითხავდა, რად არა სწერ, ეთერო? ეგრე ქალაქელებს მოუყევი-მეთქი, ვპასუხობდი ხუმრობით. "უხ, დიდი მაიმუნი ხარ, ეთერო, ჩაიწერე წესიერადა", - მეტყოდა ღიმილით და განაგრძობდა მოყოლას", - იხსენებს გულქანთან გატარებულ დღეებს ეთერ თათარაიძე. ქალბატონი ეთერიც ხომ მთის შვილია, მის ნაამბობს განსაკუთრებული ხიბლი აქვს. ინტერვიუს ჩაწერისას ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მეც ფშავში, ვაჟას სახლის ბნელ კუთხეში ვიჯექი და გარინდებული ვუსმენდი გულქანსა და ეთერ თათარაიძეს.

ეთერ თათარაიძე:
- ფშავლებზე ტკბილი სიტყვა, მგონია, არავინ იცის და ფშავლებზე გულ-მუცლის მომწყვეტი სიტყვაც არავინ იცისო, ამბობდა ხოლმე გულქან რაზიკაშვილი. ის სიტყვაში მამის მემკვიდრე იყო. სულ შურს ქვეყანასა, რომ ვაჟას შვილი ვარ, არავის არქმევს გულქანსა წუთისოფელი და რა ვუყო?! მე მარგუნა უფალმა ვაჟას შვილობაო. მერე დაისვამდა მუხლებზე ხელს - მე ბეჩავი და საცოდავი რითი განვსხვავდები ამ სოფლის დედაკაცებისგან, წვალებაში ედგა მამასაც სული და მეც ასე მივდივარ ამ ქვეყნიდანო, იტყოდა ხოლმე.
ჩასულა მამაი ქალაქშია. სცმია თავის დაბღლეძილი ჩოხა. გაუვლავ ჩემ ბიძასთან, სანდროსთან სტუმრადა, - ეს ხდება ვერ­აზე, - იქ პოეტებს უქეიფებავ. მისალმებია მამაი. იმათ გამოუხედავ, უნახავ, ეს დაბღლეძილჩოხიანი კაცი, დიდად არავის არაფერი უთქვამ მამაისთვისა. მამა შესულა სანდროსთანა, დაუბანავ, დაწესრიგებულა, ბიძაის ახალი ჩოხა ჩაუცვამ და გამოსულა. საქმეზე მიდიოდა თურმე, რაღაც ჰქონია დასაბეჭდი. მოქეიფეებთან რომ ჩამოუვლია, ვაჟა, შემობრძანდიო, ძალით­ შეუყვანავ მამაი და მიუწვდავ ღვინიანი ჭიქა. ვაჟას სადღეგრძელო უთქვამს და ჩოხის მასრებზე დაუსხამს ღვინო. რა ჰქენიო, გაჰკვირვებიათ. წეღან აქეთ არ გავიარე, რომ ვერ შემამჩნიეთ, თქვენ ახლა ამ ჩოხას­ დაუძახეთ და ამ ძონძებს ეცით პატივი და დაე, ღვინოც ამან დალიოსო. გამოსულა და წამოსულა.

ქორწილი იყო ერთ ოჯახში ჩარგალს, ნათლია იყო იმათი მამა. ტრადიციულად ქორწილის ხალხს მთებში ოჯახებში გად­აიპატიჟებდნენ ხოლმე. ეს დიდ პატივად ითვლება. ქორწილის დასასრულს ვაჟამ უთხრა მაყარს, წამოდით, ვისაც ჩემთან ყოფნა გაგიხარდებათ, ერთი ბოთლი არაყი მაქვს და დაგალევინებთო. მექორწილეები ბევრნი იყვნენ თურმე და რანაირად გვეპატიჟება ერთ ბოთლზეო, ორაზროვნად გადაუხედავთ ერთმანეთისთვის, მაგრამ მაინც გამოჰყოლიან. რომ მისულან, ვაჟას 25-ლიტრიანი გამოუდგამს, ისეთი არაყი ჰქონია, ცოტა ხანში მექორწილეები ყირამალა გადადიოდნენ თურმე. ბიჭო, აკი ერთი ბოთლი მაქვსო, გაახსენეს ნათქვამი. მაშ, 10 გამოგიტანე? ერთ ცალ ჭურჭელში არ ასხიაო, გაუღიმია ვაჟას.

ერთხელ ორი ახალგაზრდა კაცი ამოგვადგა სახლში,"მთხუარაები, მოგვეცით, რაღაც ჩაგვიყარეთო. რას დადიხართ კარდაკარ ამხელა მუტრუკები, აგე ბარები, აიღეთ, დამიბარეთ საბოსტნე, ოფლი გამოიდინეთ და გაჭმევთ კიდეც და გასასტუმრებსაც მოგცემთო. თურმე, როდესაც ამას ამბობდა, ისეთი სიცივე იდგა ვაჟას ხმაში, რომ ორივემ ფხაჭაფხუჭით დატოვა ეზო, გულგახეთქილები ერთმანეთს ასწრებდნენ.

ერთ დილას, რიჟრაჟზე, სანიკუაანთ ივანეს ცოლი უძახის თურმე ვაჟას მეორე ცოლს - თამარ, არაფერი გაქვ ლუკაის ნაძველაები? წუხელი ე კაცი მოკვდა და არაფერი გვაქვს, რომ შემოვახვიოთ და, ტიტველს ხომ არ ჩავაგდებთ მიწაშიო. თვითონ არაფერი გააჩნია, ერთი ეს ჩოხა-ახალუხი აქვს და ქალაქში რომ მიდის, მაშინ იცვამს, ეგ რო გაგატანო, ამასაც ხომ უნდა რაღაცო, - უპასუხია თამარს. ეს საუბარი­ მოსწვდა მამას ოთახში და გამყივანი ხმით დაუძახა: ემ საათში ჩამოხსენი კედლიდან ეგ ყველაფერი, რამეში გადაუხვიე და გაატანე, შიშველს ხომ არ დავმარხავთ იმ კაცსო! რაში უნდა გადავუხვიო, რა გვაქვსო, სხვა ვერაფერი უთქვამს თამარს. სუფრის ნაგლეჯი ხომ გვაქვსო, ის სუფრაც აღარ დაუტოვა შინ. ასე, მამაის ტალავრით დაიმარხა სანიკუაანთ ივანე.

ცოლ-ქმარმა ჩხუბი თუ იცოდა-მეთქი, შევბედე გულქანს. ერთხელ იჩხუბესო, გაიხსენა, მამას ოთახიდან გამოჰქონდა ყველაფერი, გარეთ უყრიდა და ეუბნებოდა, წაიღე და აქედან წადიო. გადმოყარა-გადმოყარა და უცებ კარებში სახეზე ღიმილგადაფენილი გამოჩნდა, ხელში რაღაცით სავსე ცხრილი (მარცვლეულის გასაცხრილი) ეჭირა: შენ რა რიგიანი დედაკაცი ყოფილხარ, ხუთყურაი (ფშაველები ასე უძახიან ზღმარტლს) ვიპოვე ზამთრისთვის შენახული შენგან. შემო, შემო, შემოალაგე ეგ შენი ბარგი სახლშიო, - უთქვამს სიცილით.

ერთი ხით გებულობდა გაზაფხულის მოსვლასა მამაი. მანახებდა, აი, ამ ადგილას იდგა ის ხეო. ეს გამწვანდება და მალე გაზაფხულიც მოვაო - ყველას აფრთხილებდა, არავინ მომიჭრათ ეგ ხე, მაგით ვგებულობ გაზაფხულის მოსვლასა. კიდევ, იები უყვარდა, გოგო, მოვიდა ხის ძირებში იები, დამიკრიფე, სტაქანში ჩამიწყვე და მაგიდაზე დამიდეო, იტყოდა ხოლმე.

- რას ამბობდა გულქანი, მოფერება იცოდა მამამო?
- ერთხელ ტყეში ხბოები გაუდენია გულქანს და ამ დროს წვიმა წამოსულა. ამ ამბავს ასე აღწერდა: ჩამდიოდა კაბის ბოლოზედა წკრიალასა წყალი. მერე გადა­იკარა, ყველა ბავშვს მოუტანეს სახვევ-სამშრალი, მე არა, არავინა. მომშივდა, მზემ გამოაჭყიტა და გავთბი. გუდაში ხელისგულისოდენი პურის ნატეხი მქონდა, ამოვიღე, იმის ჭამა დავიწყე. მერე ვიფიქრე: მე რომ დედა მყოლოდა ახლა ცოცხალი, განა მე არ მომიტანდნენ სახვევ-სამშრალსა. მერე სიმწრისგან ამოვთქვი: რად გამაჩინე, უფალო, რატო არ მოველ წვიმ­ადა, ამითვისებდნენ ღრუბელნი, თან მატარებდნენ შვილადა. ეს დავ­იმახსოვრე და შინ რომ მოვედი, მამას ვუთხარ, იცი, რომ მე დღეს ლექსი დავწერე-მეთქი. რაო, მკითხა და რომ მოვუყევი, პირველად მახსოვს, რომ მაკოცა მამამა, გულში ჩამიკრა და მითხრა: გოგო, შენ ჩემზე დიდი პოეტი ყოფილხარო. რა იცოდა გულქანმა, რომ შემდეგ ვაჟა ამას დაამუშავებდა და გენიალურ "რამ შემქმნა ადამიანად" დაწერდა.

ერთ წვიმიან დღეს საოჯახო ფოტო მაჩვენა გულქანმა. ნაღვლიანმა დახედა, ვაჟას­ ცოლი კი ერქვა, მაგრამ ერთადერთი ძვლის ბეჭდის გარდა, სამკაული არ გააჩ­ნდაო, სინანულით თქვა დედინაცვალზე. ამ ფოტოში რაც უკეთია, ბაჩანას ცოლისგან ჰქონდა ნათხოვარიო. მერე თავის თავს მანახებდა, გრძელი კაბა მაცვია, ესა ვარ, სულელი, ქვედა ტუჩი მაქვს დატაცებული - ფოტოს გადაღებისას უხერხულობისაგან ქვედა ტუჩზე უკბენია.

აი, იქ იდგა ხმელი წიფელიო, დამანახა­ სარკმლიდან გულქანმა და გაიხსენა. ერთ­ხელ მამას იუბილე იყო და მთელი საქა­რთველო ამოსულიყო ჩარგალს. მე ვის ვაგონდებოდი ნეტა, ჩვენგან ისე წავიდოდნენ რესტორანში, არავინ მკითხავდა, გშია თუ გწყურიაო, პურის ნატეხი თუ გაქვს სახლშიო. ახლაც ხმელ წიფელს მოვკარი თვალი,­ მამაზე ფიქრებმა გამიტაცა, მომ­ეჩვენა, რომ გალაღებული ჩამოხედავდა ხმელი­ წიფელი, აქ ამდენი ხალხი რომ მოგროვდა ვაჟას კარზეო. ამ ფიქრმა გამახარა­ და ამაფორიაქა. ლუკა მეჯდა გვერდით, ლევანის შვილი. ხელი ვკარი, გულაჩვილებულმა ვუჩურჩულე: არაფერს გიგრძნობს გული, ლუკავო. რას უნდა მიგრძნობდესო, გაოცდა თავისი ფიქრებიდან გამორკვეული. გავბრაზდი, დამანებე რა, ლუკავ, თავიო, მუჯლუგუნი ვკარი. მერე დავფიქრდი, რას ვერჩოდი, იქნებ რა საფიქრალში იყო იმ დროს ლუკა...
ერთხელ ვკითხე გულქანს, მამის სამარეზე ყოფილხარ-მეთქი?

- რა გიპასუხათ?
- მარტო შენ გეტყვი, ეთერო, ყველას ვატყუებდი, რომ მინახავს, არადა, იმის სამარეს რა მანახებს, იქავე გავთავდები, რო წარმოვიდგენ, ძვლებიღაა დარჩენილი. ამბობენ, კლდევანშიაო. ჩემი შვილის სამარეც არ მინახავსო, მითხრა, დედა კი შემთხვევით­ ვნახე, როცა ხბოები ავლალე საძოვრად სამარებისკენ, იქ ჩემთვის ვიჯექი და თვალი გამექცა, დავიწყე კითხვა: კ-ე-კ-ე და უცებ მივხვდი, რომ დედას საფლავი იყოო.

ეკა სალაღაია
ფისო -გორიდან
22 აგვისტო 2018 14:30
დიდი მადლობა ქალბატონო ეკა, ძალიან საინტერესო სტატიაა, თვალწინ გამირბინა ვახტანგ რაზიკაშვილის წიგნმა- ,,მამაჩემი ვაჟა- ფშაველა"-.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და გთხოვთ გთხოვთ ხშირად გაგვანებრივრეთ ამგვარი სტატიებით !
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები