"მას ახლა ჰაერი ჰაერივით სჭირდება" - კვირის პალიტრა

"მას ახლა ჰაერი ჰაერივით სჭირდება"

თბილისის ქუჩები, ათასობით ტაქსი და მგზავრი... სამსახურიდან გვიან გამოსულმა ტაქსი გავაჩერე. პროფესიული "რიტუალის" შესრულება არც მძღოლთან დამვიწყებია. დიდ საცობში დრო ბევრი იყო... უამრავი კითხვა დავსვი, პასუხებიც არ აყოვნებდა. კონტაქტურ და განათლებულ კაცთან გულწრფელი დიალოგი გაიმართა, რომელიც ჩვენი ყოფის მიმოხილვით დაიწყო... ჩემდა გასაოცრად, თავს არიდებდა განვლილ ცხოვრებაზე ლაპარაკს. არადა, მიჩვეული ვარ, რომ ყველა მძღოლს მინიმუმ ორი დიპლომი აქვს, ბისმარკზე უფრო მეტად ერკვევა პოლიტიკაში და უბრალოდ, დაჩაგრეს გაუნათლებელმა უფროსებმა. ამ მოცემულობას საერთოდ არ პასუხობდა ჩემი თანამოსაუბრე. თუმცა, ნამდვილად ჰგავდა ორდიპლომიან ტაქსის მძღოლს თავისი ინტელექტითა და საუბრის მანერით... დროდადრო ერთგული კლიენტები ურეკავდნენ და ტაქსის ჯავშნიდნენ... გრიგოლ კუტუბიძე, ადრე ხიდებს აშენებდა, ახლა იმ ხიდების გავლით მგზავრები დანიშნულების ადგილზე მიჰყავს. მაშინ მშენებელი იყო, ახლა მძღოლია და თავისსავე შექმნილ ხიდებზე გადაადგილდება...

აღმოჩნდა, რომ გრიგოლი "კვირის პალიტრის" ერთგული მკითხველია. იმ დიდი არმიიდან ყოფილა, ჩვენს სოციალურ რუბრიკას ხშირად რომ კითხულობს და თავისი მწირი გასამრჯელოდან რასაც ახერხებს, გაჭირვებულებს ურიცხავს... ამ თემამ თავისი ტკივილი გაახსენა და მეუღლის დაავადების შესახებ მიამბო. ქალბატონს თავში ჰქონია სიმსივნე, საბედნიეროდ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ახლა თავს კარგად გრძნობს. თუმცა, ერთმა სატკივარმა მეორე გაახსენა, ცოლის გადასარჩენად ბანკიდან პროცენტით დიდი თანხა გამოიტანა, რომელიც ოჯახმა რამდენიმე წელი უნდა იხადოს. მთავარი პრობლემა კი უსახლკარობაა... ძირძველი თბილისელი, ახლა თბილისის მდგმურია. დარდმა მამაკაცის ჯანმრთელობას დაღი დაასვა და სუნთქვის პრობლემა გაუჩინა. მას ახლა ჰაერი მართლაც ჰაერივით სჭირდება, რომ იცოცხლოს...

შევთავაზე სტატიის მომზადება, მაგრამ მორიდებით იუარა - ყველას უჭირს, დახმარება ვის ვთხოვოო?! ბევრი მსჯელობის შემდეგ კი მოვიფიქრეთ: თუ ვინმე გამოჩნდება, ვისაც აქვს მისი ოპერაციისთვის საჭირო თანხა, ამავე დროს, სჭირდება ტაქსით მომსახურება, ავანსის სახით მისცეს ბატონ გრიგოლს, ის კი ყოველდღიურად მოემსახურება მანამდე, სანამ ავანსი არ ამოიწურება.

გრიგოლ კუტუბიძე: - 58 წლის ვარ. წლების განმავლობაში ვმუშაობდი ხიდმშენში. ჩვენი აშენებულია გლდანის ხიდები და კიდევ ბევრი სხვა. 90-იან წლებში, როცა ეროვნული მოძრაობა დაიწყო, ტრესტმა მუშაობა შეაჩერა და მეც ტაქსის მძღოლობა დავიწყე. ასე გადმოვინაცვლე კაბინეტიდან მანქანის საჭესთან.

- რა პრობლემა აქვს თქვენს ოჯახს?

- ჩვენს ოჯახში ყველა მუშაობს, თუმცა, ვერ მოვახერხეთ, ჩემი პრობლემისათვის თანხა გადავდოთ. მძიმე ყოფას უსახლკარობაც ემატება... ჩემი ქალიშვილი პროფესიით ბუღალტერია. საბურავების უზარმაზარ საწყობში მუშაობდა. ხუთლარიანი ცდომილება გახდა მისი დაჭერის მიზეზი. ბინა გავყიდე და საპროცესო გარიგებით გამოვიყვანე. ამის შემდეგ მეუღლეს ოპერაცია დასჭირდა. საოცარი პროფესიონალიზმით გააკეთეს ნეიროქირურგებმა ურთულესი ოპერაცია და გადაარჩინეს... ამისათვის ბანკის კრედიტი ავიღე. ოჯახში შვიდნი ვართ: ჩემი მეუღლე, ორი შვილი, რძალი, ორი შვილიშვილი და მე. პატარა ბინა დავიგირავეთ და ძალიან ვიწროდ ვცხოვრობთ.

- თქვენი ჯანმრთელობის პრობლემის მოსაგვარებლად რა არის საჭირო? - ცხვირში პოლიპი მაქვს. ლექტომა მაქვს დახურული, სუნთქვის უკმარისობა მაწუხებს. სიცივე და სიცხე განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებს. ერთი შეხედვით მსუბუქი პრობლემა უუნაროდ მაქცევს. ვერ შევძელი ოპერაციისთვის ფულის გადადება. მართალია, სახელმწიფო ფარავს გარკვეულ თანხას, მაგრამ ჩემი მდგომარეობის კაცისათვის დარჩენილი 2500 ლარი სოლიდური ფულია, ამიტომ ექიმთან აღარც მივდივარ. ბანკში მთელ ოჯახს ყოველთვე 1500 ლარი შეგვაქვს. ვშრომობთ, ვიხდით და ვარსებობთ, მაგრამ ახლა ჩემს არსებობას ემუქრება საფრთხე... მიუხედავად ამისა, ყოველდღე 12 საათი ვმუშაობ.

- რას სთავაზობთ საზოგადოებას? - თუ ვინმე გადაწყვეტს, დამაფინანსოს, ამ თანხის სანაცვლოდ ყოველდღიურად მოვემსახურები. ხალხს ფული თითქმის არა აქვს. გეფიცებით, ასეთ მდგომარეობაში ვარ, და ხანდახან ისე შემცოდებია ზოგიერთი, უფასოდაც წამიყვანია... განსაკუთრებით ახალგაზრდები მეცოდებიან. ძირითადად, ღამის საათებში უფულოდ დარჩენილები დამყავს უფასოდ. ფული კი არა, ხალხს ნერვები აღარ აქვს... იცით, რამდენი აგრესიული ადამიანია? ის გვშველის, რომ ქართველები მაინც არ ვწირავთ ერთმანეთს...

- რომელი ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები არიან ყველაზე კანონმორჩილები? - ტურისტები, ძირითადად, კანონმორჩილები არიან. ქსენოფობიურ დამოკიდებულებად ნუ ჩამითვლით, მაგრამ ქედმაღლობითა და ეთიკური ნორმების დარღვევით უფრო ხშირად თურქები გამოირჩევიან. თუმცა, როცა მიუთითებ, მაშინვე ჩერდებიან.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ კლიენტებთან? - იცით, რამდენი ქართველისგან მიგრძნია კეთილგანწყობა? რამდენს სახლში მივუპატიჟებივარ... იწერენ ჩემს ნომერს და საჭიროებისას მიძახებენ. ყოფით ვართ დამძIიმებული, თორემ ამდენი ომი და უბედურება ერთობამ არ გადაგვატანინა?

"კვირის პალიტრის" ერთგული მკითხველები არაერთხელ გაერთიანებულან ჩვენი საზოგადოების მხარდასაჭერად, არაერთი სიცოცხლე გადაურჩენიათ და ამ უამრავ მაგალითზე დაყრდნობით ისევ დაიწერა სტატია ჩვენი თანამოქალაქის გადასარჩენად...

თორნიკე ყაჯრიშვილი