"ზღაპარივით აეწყო ჩემი ცხოვრება" - კვირის პალიტრა

"ზღაპარივით აეწყო ჩემი ცხოვრება"

ვიქტორია პლეშაკოვა ფართო საზოგადოებამ პროექტით "ცეკვავენ ვარსკვლავები" გაიცნო, თუმცა მოდის სფეროში დასაქმებული ადამიანები მას მანამდეც კარგად იცნობდნენ. ვიქტორია მაღალანაზღაურებადი მოდელია, რომელიც ამერიკის ცნობილ სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობს და წლებია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ის ახლახან ანსამბლ "სუხიშვილების" მოცეკვავე გუგა თოიძეს გაჰყვა ცოლად.

- 15 წლის ვიყავი, როცა საქართველოში ჩატარებულ სილამაზის კონკურსში გავიმარჯვე. მერე გავაფორმე კონტრაქტი ამერიკაში ერთ-ერთ პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოსთან და წარმატებული მომავლის იმედით გავეშურე უცხო ქვეყანაში. ჩამოსვლის დღიდანვე დაიწყო თავბრუდამხვევი კარიერული წინსვლა... იყო უამრავი საინტერესო შემოთავაზება წამყვანი მოდის სახლებიდან, უამრავი გადაღება პოპულარული ჟურნალებისთვის. თითქოს ზღაპარივით აეწყო ჩემი ცხოვრება, საქართველოს კი ჩემი არსებობა გაახსენა პროექტმა ""ცეკვავენ ვარსკვლავები". იმ ზაფხულს, როცა ეს პროექტი იწყებოდა, საქართველოში ვიყავი. მოულოდნელად შემოთავაზება მივიღე და დავთანხმდი.

- რთული იყო გზა თბილისიდან ამერიკამდე? - ძალიან რთულია, ამერიკაში მიაღწიო წარმატებას. ძალიან დიდი კონკურენციაა, თუმცა, ვფიქრობ, მე ეს შევძელი. ამერიკა ყველას აძლევს შესაძლებლობას, წარმატებას მიაღწიოს. თუ შენი საქმის კეთება არ გეზარება. რთულია საქმის აწყობა, თუმცა ეს ქვეყანა გიფასებს ნიჭსა და შრომას. დიდი შრომისა და მონდომების შედეგად ყველა ოცნება ავიხდინე.

- როგორია შენი ჩვეულებრივი სამუშაო დღე? - დილით ადრე ვდგები, ვვარჯიშობ, შემდეგ საცურაოდ მივდივარ. მერე იწყება დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - უამრავი საინტერესო გადაღება, გამოსვლა... საღამოს კი მე და ჩემი მეუღლე მივდივართ გასართობად.

- გქონია პერიოდი, როცა სასოწარკვეთილს გიფიქრია, რომ ყველანაირი წარმატება უფერულია? - ძალიან რთული პერიოდი მქონდა - ერთ წელს გარდამეცვალა დედა, მამა და ბაბუა. ეს იყო დიდი ტრაგედია, თუმცა, როგორღაც შევძელი და ნელ-ნელა გამოვედი მდგომარეობიდან.

- ვინ არის შენი მეუღლე და სად გაიცანით ერთმანეთი? - მე და ჩემმა მომავალმა მეუღლემ ერთმანეთი გავიცანით პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები". ის "სუხიშვილების" მოცეკვავეა და ერთად მოგვიწია ცეკვამ. მერე "სუხიშვილები" ამერიკაში ჩამოვიდნენ და აქ ისევ შევხვდით ერთმანეთს - ზუსტად ოთხი წლის შემდეგ. გავიხსენეთ პროექტის ამბები და ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობა. ვხვდებოდით, დავდიოდით ბარებში, მუზეუმებში, ვსეირნობდით მანჰეტენის ქუჩებში... ბოლოს მივხვდით, რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი. დღეს ძალიან ბედნიერები ვართ. წინ ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს. შესაძლოა, გუგამ ჩემს სფეროშიც გააგრძელოს კარიერა, რადგან სააგენტოში დაინტერესდნენ მისით.

- გათხოვების შემდეგ ბევრი ქართველი მოდელი თავს ანებებს სამოდელო საქმიანობას. შენ ეს საფრთხე არ გემუქრება? - არა! როცა ადამიანს უყვარხარ და პატივს გცემს, შენს პროფესიასაც პასუხისმგებლობით ეკიდება, სხვანაირად შეუძლებელია. ერთი წელია, ერთად ვცხოვრობთ და უთქმელად ვხვდებით, რა დროს რა გვიხარია, რა გვწყინს...

- რით ანებივრებთ ერთმანეთს? - უპირველესად - სიყვარულით. მეც და გუგაც მზრუნველები ვართ. ვცდილობთ, ერთმანეთს დისკომფორტი არ შევუქმნათ.

- ქართული კერძების მომზადება გეხერხება? - სამზარეულოში ფუსფუსი, გუგასთვის გემრიელი სადილების მომზადება დიდ სიამოვნებას მანიჭებს. რასაც ვამზადებ, გუგას ყველაფერი მოსწონს, განსაკუთრებით - ღომი და ბაჟე, ამიტომ ხშირად მიწევს მათი მომზადება.

- ქორწილი უკვე გქონდათ? - ქორწილი გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ დედა გარდამეცვალა და... სამომავლოდ საქართველოში ვგეგმავთ ქორწილის გადახდას, კერძოდ, გურიაში.

- სად აპირებთ ზაფხულის ცხელი დღეების გატარებას? - შვებულებას მაიამიში გავატარებთ.

- ზღვა თუ მთა - რომელს ანიჭებთ უპირატესობას? - საქართველოში გურიას ვანიჭებ უპირატესობას, აქ კი ზღვაზე ყოფნა მომწონს...

- როგორ მიგიღეს გუგას მშობლებმა? - გუგას ძალიან თბილი მშობლები ჰყავს. დედამისი სულ მეუბნება, როგორც ჩემი შვილი, ისე მიყვარხარო.

- შვილის ყოლას ჯერ არ გეგმავთ? - ვგეგმავთ. ბახმაროში, სუფთა ჰაერზე. როგორც კი თავისუფალი დრო გამოგვიჩნდება, საქართველოსკენ გამოვეშურებით. გუგა გურულია და ჩემი ოცნებაა, გურიის ყველა კუთხე-კუნჭული მოვინახულო.

სოფო ჭონიშვილი

(ვრცლად იხ. ჟურნალი "გზა", #30)