"ქართულ ანბანს 150 ქვეყნის 3000 დელეგატი უკრავდა ტაშს"
22-08-2018
"ქართულ ანბანს 150 ქვეყნის 3000 დელეგატი უკრავდა ტაშს"
2017 წელს საერთაშორისო თვალსაზრისით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა - უძველესი ქართული ანბანი იუნესკომ მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ამით კაცობრიობას კიდევ ერთხელ წარუდგინა უძველესი ქართველი ერი, რომელმაც არსებობის აუცილებლობის დასადასტურებლად ანბანის უძლიერესი კოდი შექმნა. Mმუდმივი პოლიტიკური დებატების ფონზე ამას, სამწუხაროდ, მაშინ დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ამის მიუხედავად, მოვლენა საერთაშორისო მასშტაბის აღმოჩნდა: ქართული ანბანის იუნესკოს ძეგლად აღიარებას 150 ქვეყნის 3000 წარმომადგენელი ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს. "ეს ის მომენტია, როცა ისეთი
ამაყი ხარ, როგორიც არასოდეს ცხოვრებაში
," - ამბობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე, რომელიც ამ ამბავს ეთიოპიაში ესწრებოდა.

- ქართველებს იუნესკოს საგანძურში უკვე ბევრი საამაყო განძი გვაქვს, მათ შორის, არამატერიალური, ხელთუქმნელი ძეგლების ჯგუფშიც. ხომ ყველამ ვიცით, რა შემატა საქართველოს საერთაშორისო ცნობადობას ქართული მრავალხმიანობისა
და ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდის იუნესკოს ნუსხაში შეტანამ (2001, 2013). ახლა ამ ნუსხას ქართული ანბანიც მიემატა - ჩვენი უძველესი სიმდიდრე, რომლის სამივე სახეობა (მრგვლოვანი, ნუსხური, ხუცური) დღემდე ცოცხლობს და რომელსაც მომავალი თაობები სწავლობენ. სწორედ ეს არის იუნესკოში წარდგენის არსი - შეიძლება მსოფლიოს რომელიმე ხალხს დიდი კულტურაც ჰქონოდა, მაგრამ თუ ის აღარ არსებობს, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში ვერ შევა.

ჩვენი ანბანი იუნესკოში რამდენიმე თვის მანძილზე გვქონდა წარდგენილი განსახილველად, რასაც ათწუთიანი ფილმი ახლდა და მოთმინებით ველოდით, ეს როგორ დასრულდებოდა.

- როცა იუნესკოში პროექტია წარდგენილი, კულუარებში რა ხდება?
- ღელავ, ელოდები, რა დადგენილებას გამოიტანს იუნესკოს კომიტეტის 21 წევრი.

- ამ დროს კულუარებში იბრძვიან კიდეც, რომ მათი პროექტის შესახებ შემფასებლებმა მეტი გაიგონ. ქართველები ამას არ ვცდილობთ?
- ჩვენ ისეთი ძეგლები წარვადგინეთ იუნესკოში, რომელიც მართლაც ხელთუქმნელი სიმდიდრეა და მათ ღირებულებაში ეჭვი არ გვეპარება, თუმცა არის პატარა ნიუანსები, რომლებიც შეიძლება გაითვალისწინო. მაგალითად, იუნესკოში წარდგენისას ძალიან დიდი ფასი აქვს მეზობელი ქვეყნების შეფასებას. იუნესკოს კომიტეტში ჩვენი მეზობელი სომხეთიდან ბრძანდებოდა ქალბატონი, რომელსაც ვთხოვე, კარგად ჩაღრმავებოდა ჩვენს ანბანს, რათა წარდგენის დღეს მის შესახებ სიმართლე ეთქვა და მანაც სწორედ ეს გააკეთა. მსოფლიო ძეგლების ნუსხაში ჩვენი ანბანის შეტანის საკითხი ეთიოპიაში წყდებოდა და მან ამ ქვეყანაში ჩვენი ანბანი ისე საოცრად წარადგინა, მადლიერებით აღვივსე.

- სასიამოვნოა, მით უფრო, რომ ჩვენსა და ამ ქვეყანას შორის სულ დავაა კულტურის ძეგლების საკუთრებაზე.
- ამ შემთხვევაში სხვაგვარად მოხდა და მართლაც ბედნიერი ვიყავი. მეორე ქულა კი ეთიოპიელმა კომიტეტის წევრმა შეგვმატა - ჩვენი საკითხი განსახილველად იუნესკოს სხდომების მეშვიდე დღეს გადიოდა, ის კი პირველივე დღეს წამოდგა ფეხზე და განაცხადა: ჩვენ ისეთი საკითხი წარმოგვიდგინეს დასამტკიცებლად, როგორიც ეთიოპიელებსაც შეგვეძლო, წარმოგვედგინა, მაგრამ ქართველებმა დაგვასწრეს და იმედი მაქვს, როცა ამას ჩვენც გავაკეთებთ, ყველანი ისევე დაუჭერთ მხარს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ეთიოპიური ანბანის შეტანას, როგორც ქართულისო!

- ესე იგი მანაც იცოდა ჩვენი ანბანის ფასი...
- რა თქმა უნდა. მსოფლიოში სულ თოთხმეტი ანბანია ქართულის ჩათვლით (რომელიც არც ერთ ანბანს არ ენათესავება), მათ შორის, ეთიოპიურიც და, ცხადია, ამ უძველესი ანბანის პატრონმა ჩვენი ანბანის ღირსება სათანადოდ შეაფასა.

ეთერ ერაძე
მარკი
23 აგვისტო 2018 10:32
14 ანბანი კი არა 14 სახის დამწერლობაა,რომელთა შორისაა ქართული დამწერლობა.
ნათელა
22 აგვისტო 2018 22:08
ასეთ საამაყო დასასიხარულო ამბებს ყოველთვის უნდა აშუქებდეს მედია,სამწუხაროდ მხოლოდ ნეგატივს ეძებენ და უნდობლობას იმკიან.
გენო კობახიძე
22 აგვისტო 2018 21:59
სიამაყით ვივსები, როცა გავიგებ ხოლმე ,ქართული კულტურის ძეგლების , საერთაშორისო წარმატებების შესახებ!
სულ ახლახან , ჩვენი მზის სისტემას გასცდა , ნასას მიერ უსასრულობაში გაგზავნილი ოქროს ფირფიტა , რომელზეც ჩაწერილია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უმნიშვლენოვანესი , ხელოვნების ნიმუშები და მათ შორის , ჩვენი ქართული ხალხური მრავალხმიანობის შედევრი, "ჩაკრულო"!
ფირფიტამ უკვე გაიფრინა 6- მილიარდი კილომატრი და თან წაიღო ჩემი გულის ნაწილი ! ნაწილი სიამაყისა! სიყვარულისა დიდებისა და განსაცვიფრებელი ტალანტისა, როლითაც უხვად არის დაჯილდოებული , ხვთსკურთხეული ჩვენი უკვდავი ერი!
ახლა კი , იუნესკოს ეს აღფრთოვანება , კიდევ ერთი დასტურია ჩვენი საყვარელი სამშობლოს უნიკალურობისა! დიდება და მადლობა უფალს!✌

რედაქტორის რჩევით