"თქვენი კულტურა მსოფლიოს ნებისმიერ ფასად უნდა აჩვენოთ” - კვირის პალიტრა

"თქვენი კულტურა მსოფლიოს ნებისმიერ ფასად უნდა აჩვენოთ”

საქართველოში ისე ჩამოვიდნენ, 2008 წლის ომის გარდა მასზე არაფერი გაეგოთ

გიორგი გოგუა ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და "კვირის პალიტრის" მკითხველი უკვე კარგად იცნობს. მისი პუბლიკაციები არა მხოლოდ მისი თაობის დიდ ინტერესს იწვევს. ამჯერად გთავაზობთ ნოქალაქევში არქეოპოლისის ექსპედიციაში ქართველ და უცხოელ არქეოლოგებთან გატარებული ერთი დღის შთაბეჭდილებას.

სამუშაო დღე დილის შვიდ საათზე იწყება და ნაშუადღევს, პირველზე მთავრდება. საშინლად ცხელა, მაგრამ საქმეს მაინც არ ცდებიან: ნებისმიერი კვადრატული სანტიმეტრი საკვლევი მიწისა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი მაქსიმალური სიზუსტით უნდა გაიზომოს და აღიწეროს.

ეს კი ძალიან დაძაბულ მუშაობასა და ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. ნებისმიერი მათგანი ნებისმიერ წამს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენის ავტორი გახდეს. იციან, რომ ამ საქმეში დაუდევრობა ყველაფერს აფუჭებს, მით უმეტეს, როდესაც ისეთი დიდი მნიშვნელობის ისტორიულ ძეგლზე მუშაობ, როგორიც არქეოპოლისია.

XIX საუკუნიდან ნოქალაქევს უცხოელ და ქართველ მკვლევართა ინტერესი არ მოჰკლებია. XX საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა კავშირის შინსახკომის მოწვევით ნოქალაქევში გერმანელი არქეოლოგები იწყებენ მუშაობას, ხოლო სტაციონარული არქეოლოგიური გათხრები 1973 წლიდან დაიწყო. XXI  საუკუნის დასაწყისიდან კი ნოქალაქევის არქეოლოგიურ გათხრებში დიდი ბრიტანეთის წამყვანი სამეცნიერო წრეებიც ჩაერთვნენ. მუშაობა დღესაც გრძელდება.

KvirisPalitra.Geმცირე ფართობზე აქ ელინისტური და ადრე ქრისტიანული ხანის ძალიან ბევრი სამარხია, რომლებიც იმდროინდელ კულტურას ძალიან კარგად წარმოაჩენენ. ყოველი ახალი აღმოჩენა გათხრებზე მომუშავე ყველა არქეოლოგისთვის, რა თქმა უნდა, დიდი გამოცდილებაა, უკეთ ეცნობიან თავიანთი პროფესიის საფუძვლებს, მაგრამ ჩვენთვის, ქართველებისთვის, ამას ორმაგი დატვირთვა აქვს, რადგან ნივთი, რომელიც მიწიდან ამოგვაქვს, მომენტალურად ქართული კულტურული მემკვიდრეობა ხდება, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა-მოფრთხილება სჭირდებაო, მითხრა ექსპედიციის ხელმძღვანელმა დავით ლომიტაშვილმა.

ბრიტანელ კოლეგასთან, კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარ იან კოლვინთან ერთად 2002 წელს პირველი გათხრებიც ჩატარდა. ექსპედიციის ხელმძღვანელის თქმით, ბრიტანელები ძალიან კარგად მიხვდნენ ციხეგოჯის (დაარსდა ძვ. წ. III ს-ში, IV-VIII ს-ში ეგრისის დედაქალაქი იყო) მნიშვნელობას არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მკვლევართა ჯგუფი თავიდან სულ ჩვიდმეტი კაცისაგან შედგებოდა, ხოლო ახლანდელ ექსპედიციაში ორმოცზე მეტი მონაწილეობს. ქართველ სტუდენტებთან ერთად აქ ბრიტანელი, ამერიკელი, ბელგიელი და ფრანგი ახალგაზრდებიც მუშაობენ.

მკვლევარები სამ ჯგუფად არიან დაყოფილი: ხელმძღვანელები, სუპერვაიზერები და სტუდენტები. სამივე ჯგუფი კი, თავის მხრივ, ქართველებისა და უცხოელებისგან არის დაკომპლექტებული. ისინი ერთი თვის განმავლობაში არა მარტო ერთად მუშაობენ, ერთი ოჯახივითაც ცხოვრობენ. ეს არ არის მხოლოდ თანამშრომლობა: უხარიათ დასახული მიზნის ერთად მიღწევა.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპედიციის ხელმძღვანელები და ჯგუფები სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არიან, მათ ურთიერთობაში უფროს-უმცროსობა ნამდვილად არ იგრძნობა. მათ ერთი და იგივე ინტერესები ამოძრავებს, მთავარია, საქმეს რა სჭირდება.

KvirisPalitra.Geროგორც ბატონმა იანმა მითხრა, აქ ყველა ერთმანეთისგან რაღაცას სწავლობს: ქართველებისთვის ბრიტანელებთან მუშაობა საქმეში დიდი გამოცდილებაა, ისევე, როგორც ქართველების სტუმართმოყვარე ხასიათია ბრიტანელთათვის ძალიან კარგი ცხოვრებისეული მაგალითი.

ქეთრინი, ლიდია, ნაომი, ადამი, ლორა... - ეს იმ უცხოელ არქეოლოგთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოში ისე ჩამოვიდნენ, 2008 წლის ომის გარდა მასზე არაფერი გაეგოთ. აქ ჩამოსვლა მათთვის მორიგი პროფესიული პრაქტიკა იყო და მეტი არაფერი, მაგრამ მანამ, სანამ ჩამოვიდოდნენ...

მათ აქ ყველაფერი უკვირთ: უანგარო შრომა უცნობი ადამიანებისა, რომლებიც გათხრების დროს მძიმე ტვირთის გადატანაში ეხმარებიან, გარემო, რომელიც მათ ირგვლივ სულ რაღაც ერთ თვეში შეიქმნა და, რაღა თქმა უნდა, ქართული სამზარეულო. ხინკლის ხსენებაზე თვალები უბრწყინდებათ. ზოგი მათგანი აქ უკვე მეორედ არის, ხოლო ვინც პირველად ჩამოვიდა, აუცილებლად გეგმავს აქ დაბრუნებას. საქართველო სწორედ ისეთი შეუყვარდათ, როგორიც არის.

დასასრულ, იან კოლვინმა გვირჩია:

"ახალმა თაობამ ეს კულტურა ჯეროვნად უნდა დააფასოს და მსოფლიოს ნებისმიერ ფასად აჩვენოს".

გიორგი გოგუა