"ცოლ-ქმარს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული... ახლოს არავის გვიკარებდნენ" - რას ამბობენ მამაზე, რომელსაც 8 შვილი სახლში ჰყავდა გამოკეტილი? - კვირის პალიტრა

"ცოლ-ქმარს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული... ახლოს არავის გვიკარებდნენ" - რას ამბობენ მამაზე, რომელსაც 8 შვილი სახლში ჰყავდა გამოკეტილი?

"როგორც გავიგე, ბოლო ხანს ეზოში სალოცავი გაუკეთებიათ და მთელი ოჯახი იქ ლოცულობდა"

სვანეთში მცხოვრები 8 შვილის მამა, ამირან დევნოზაშვილი შვილების შინ გამოკეტვის გამო დააკავეს. ის შვილებს, რომელთა შორის ორი დიაბეტით არის დაავადებული, სწავლისა და საზოგადოებასთან ინტეგრირების უფლებას არ აძლევდა. შვილების სახლში გამოკეტვის მიზეზად მამა იმ არგუმენტს ასახელებდა, რომ ისინი საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიდნენ.

დევნოზაშვილი სისხლის სამართლის 150-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც იძულებას გულისხმობს. დაკავებულის ადვოკატის, გოჩა კილასონიას განცხადებით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და თავს ცუდად გრძნობს, ვინაიდან მას საპატიმროში დიაბეტი გამოუვლინდა.

- ეს ადამიანი უკვე ორი კვირაა დააკავეს. ამ დროს გამოუვლინდა მას დიაბეტი, ისე რომ საკუთარი დაავადების შესახებ არ იცოდა. როცა სისხლში დიაბეტის დონე გაუზომეს, 300 ერთეულამდე ჰქონდა აწეული და ძალიან განიცადა. უნდოდა, რომ აღნიშნულ დაავადებაზე მკურნალობა ინექციით დაეწყოთ და საავადმყოფოში გადაეყვანათ, რის შესახებაც მივმართე საპატიმრო დაწესებულებას, თუმცა მათ ეს თხოვნა არ გაითვალისწინეს. მხოლოდ ბოლო დღეებში შემატყობინეს, რომ დევნოზაშვილი ისევ საპატიმროშია და შესაბამისი მკურნალობა უტარდება, მხოლოდ აბებით.

- დიაბეტის ამ ნიშნულზე, ინექციების მკურნალობა არ ინიშნება, რაც სავარაუდოდ ალბათ ბრალდებულმაც იცის, მის ორ შვილსაც ხომ დიაბეტი აქვს. ისიც, ცნობილია, რომ დაკავებული, რომელსაც 8 შვილი საზოგადოებისგან იზოლირებულ პირობებში ჰყავდა, ბრალს არ აღიარებს, რა არგუმენტს იშველიებს უდანაშაულობის დასამტკიცებლად?

- დავიწყოთ იმით, რომ ვიცი ბავშვები, რომელთაც დევნოზაშვილის შვილებთან კონტაქტი აქვთ. აქედან ერთ-ერთი დევნოზაშვილის დისშვილია, რომელიც ამჟამადაც არდადეგებზე დევნოზაშვილის შვილებთან იმყოფება, მეორე კი ერთ-ერთი ნაცნობი ოჯახისა. რაც მთავარია, ეს ბავშვები შინ იღებდნენ განათლებას. ასევე რაც გავრცელებული პრაქტიკაა დევნოზაშვილის მეუღლე გერმანულის მასწავლებელია, მასწავლებელია ბავშვების ბებიაც. ასე, რომ, ბავშვებმა იციან გერმანული და რუსული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დაცვას ბოლომდე ვაპირებ, - რა შორს წავიდეთ, კონსტანტინე გამსახურდიაც საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას საბჭოთა სკოლაში არ ატარებდა.

- მწერალი კონსტანტინე გამსახურდია, როგორც ცნობილია, შვილებს ნაწილობრივ განათლებას შინ აძლევდა, მაგრამ ისინი საზოგადოებისაგან იზოლირებულები არ იყვნენ. მთელმა საქართველომ იცის, რომ ზვიად გამსახურდია სკოლაში ცნობილ მწერალ გურამ დოჩანაშვილთან ერთად სწავლობდა, შემდეგ კი სწავლა სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა. - კარგად ვიცი, რასაც ვამბობ, დევნოზაშვილს ბოლომდე დავიცავ.

…მომხდარზე დევნოზაშვილების ერთ-ერთ მეზობელს ვესაუბრეთ, რომელიც ამ ოჯახში მხოლოდ სოციალური საჭიროებების გამო ხვდებოდა.

- დევნოზაშვილები სვანეთში რუსთავიდან გადმოვიდნენ და ფაქტობრივად სოფლისგან იზოლირებულები იყვნენ, მაგრამ ოჯახი მთლიანად სოციალურ დახმარებაზე იყო დამოკიდებული და მხოლოდ ამ მიზეზით ვხვდებოდით მათთან.

- რვაშვილიანი ოჯახი სოციალური დახმარებით ცხოვრობს? - დიახ. ოჯახის ყველა წევრის სოციალური დახმარებისა და დამატებით, დიაბეტით დაავადებული ბავშვების პენსიით გაჰქონდათ თავი, ამას გარდა, სახელმწიფოსგან დროდადრო სხვადასხვა სახის დახმარებას იღებენ. როცა შევდიოდით გარეგნულად ოჯახში სიმშვიდე იყო. დევნოზაშვილს და მის მეუღლეს უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული, ოღონდაც ახლოს არ მიგიშვებდნენ, თითქოს არ გაძლევდნენ საშუალებას რომ მათ ოჯახზე რაიმე გაგეგო. რაც შეეხება ბავშვებს, ისინი ზოგჯერ ეზოში მოთამაშეები გვხვდებოდნენ. ერთი ეგ მოგხვდებოდა თვალში, რომ გოგონებს სულ თავსაფრები ეხურათ და ყიჟინა და მხიარულება არასოდეს ისმოდა. ბავშვებს კატეგორიულად არ უშვებდნენ გარეთ, ამაში ვინ არ ჩაერია, მაგრამ საშველი არ იყო.

- თქვით, რომ სახელმწიფოსგან დახმარებას იღებდნენ, მაგრამ ამავდროულად სახელმწიფოსა და მის საზოგადოებას პროტესტს იმით უცხადებდნენ, რომ ბავშვებს მათთან ურთიერთობას უკრძალავდნენ. ბავშვებს პროტესტი არასდროს გამოუხატავთ? უფროს გოგონებს მაინც, რომელთაგან ერთ-ერთი 21 წლის არის. - როგორ უნდა გამოეხატათ, როცა მთელი ცხოვრება ასე ზრდიდნენ და სოფელშიც ალბათ იმიტომ გადმოვიდნენ, რომ საზოგადოებისგან იზოლირებულები ყოფილიყვნენ. ბავშვებს ცნობიერში მხოლოდ ის აქვთ გამჯდარი, რაც მშობლებმა ასწავლეს. რომელ ოჯახის შექმნაზეა, საუბარი, როცა ბავშვები ვერავის ხედავდნენ? როგორც გავიგე, ბოლო ხანს ეზოში სალოცავი გაუკეთებიათ და მთელი ოჯახი იქ ლოცულობდა. ამჟამად ბავშვებთან ფსიქოლოგი დადის.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)