"ვიცი, რომ დრო ცოტა მაქვს, ამ დროს ნერვიულობაში ვერ დავხარჯავ, უნდა ვიბრძოლო" - კვირის პალიტრა

"ვიცი, რომ დრო ცოტა მაქვს, ამ დროს ნერვიულობაში ვერ დავხარჯავ, უნდა ვიბრძოლო"

ამ ქვეყნად ბევრი სასწაული ხდება, თუმცა ადამიანის სულის სიძლიერესა და სიკეთეზე დიდი სასწაული არაფერი მგონია. ამაზე ერთხელ კიდევ დავფიქრდი, როცა იმერეთის ერთ პატარა ქალაქში, ხონში, 3 შვილის დედა, მეგი ტალახაძე გავიცანი. მეგი უმძიმეს ავადმყოფობას ებრძვის, თუმცა ისე, რომ სიცოცხლის ხალისს არ კარგავს, მეტიც, ახლობლებს ამხნევებს და აძლიერებს.

"არაფრის მეშინია, ადამიანი განსაცდელს ღირსეულად უნდა შეხვდეს, ვიცი, რომ დრო ცოტა მაქვს, ამ დროს ნერვიულობაში ვერ დავხარჯავ, უნდა ვიბრძოლო", - მითხრა მეგიმ. ახალგაზრდა ქალს სამი ულამაზესი, პატარა ბიჭი ჰყავს, მთელი ჩვენი საუბრის განმავლობაში პატარები დედასთან მორბოდნენ, ეხუტებოდნენ და მერე ისევ თამაშს უბრუნდებოდნენ.

მეგის ღვიძლის აგრესიული ფორმის ციროზი აქვს. მეუბნება, რომ ღვიძლის ორი არტერიიდან ერთ-ერთი დახურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ოპერაცია, ანუ ღვიძლის გადანერგვა არ გაკეთდა, მეგი ვეღარ იცოცხლებს...

-  ჩემს თავზე ლაპარაკი ისე არ მიყვარს, არ ვიცი, რით დავიწყო. ჯერ კიდევ შარშან ამ დროს ყველა სიხარულით ვიყავით სავსე, ჩემი უფროსი ბიჭი სკოლაში პირველად მიდოდა და მთელ ოჯახს მხოლოდ ეს გვქონდა საფიქრალი. შარშანაც ვიცოდი, B ჰეპატიტი მქონდა, მაგრამ ეს დაავადება შესაძლოა მთელი ცხოვრება ატარო, თუკი თავს გაუფრთხილდები. მეც უმკაცრეს დიეტას ვიცავდი, უამრავ რამეზე ვამბობდი უარს,  მაგრამ...

- ეს როდის გაიგეთ? - დაახლოებით 6 წლის წინ, როცა მეორე შვილი გავაჩინე და სამშობიაროში მისი მოყვანა ძალიან დამიგვიანეს. თურმე იმიტომ, რომ მე B ჰეპატიტი აღმომაჩნდა. შეუძლებელია, აღვწერო, რაც მაშინ განვიცადე, - პირველ შვილზე არანაირი დაავადება არ მქონია,  მეც და ჩემი მეუღლეც ჯანმრთელები ვიყავით; ვერ ვხვდებოდი, საიდან უნდა შემყროდა ასეთი მძიმე დაავადება.

მაიმედებდნენ, ეს დაავადება ხშირად იკურნება კიდეც, თუ ექიმის რჩევებს მიჰყვებიო. მეც მივყევი, მაგრამ საბოლოოდ ქრონიკულში გადავიდა. როგორც ირკვევა, მკურნალობა სწორად არ მიტარდებოდა. მეტიც, მკურნალობა არც დაუნიშნიათ, ექიმებმა მითხრეს, არანაირი მკურნალობა არ გჭირდება, მხოლოდ მკაცრი დიეტა დაიცავიო. ამ დაავადების ქრონიკული პროცესის არასწორი მკურნალობა კი ციროზს ან სიმსივნეს იწვევს. ამასობაში მესამედ დავფეხმძიმდი. ყველა მეკითხებოდა, - ამ ბავშვს გააჩენ თუ არაო, მაგრამ ბავშვი, რომელიც უფალმა მაჩუქა, როგორ არ უნდა გამეჩინა?!

ყველა ექიმი ამბობს, რომ ჩემი ციროზის ჩამოყალიბებაში პატარა არაფერ შუაშია. პირიქით, მან სიხარული და გაძლების უნარი მაჩუქა. ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ, სამწუხაროდ, ქართველმა ექიმებმა ვერ შეძლეს ჩემთვის სწორად ემკურნალათ, თანაც, ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის ექიმებმა.

ეს მაშინ გავიგე, როცა მუცელში წყალი ჩამიდგა, ფეხები დამისივდა, საქართველოში მკურნალობით ვერაფერს გავხდი და თურქეთში წავედი. რომელთაც თავში აზრად პირველებს მოუვიდათ, რომ ღვიძლზე კომპიუტერული ტომოგრამა გადაეღოთ, რის შემდეგაც მითხრეს, - აქამდე როგორ მიგიყვანეს, ასეთი მძიმე დაავადების დიეტით მკურნალობა რანაირად შეიძლება... თქვენი ღვიძლი განადგურებულია, გადანერგვის ოპერაციაა აუცილებელი, თორემ ვერ იცოცხლებთო.

-  რას აპირებთ, გადანერგვა, როგორც ვიცი, დიდი თანხა ღირს, თქვენ კი არც თუ მდიდარი ოჯახი გაქვთ და სამი პატარა გყავთ? - ბრძოლას. პირველმა შოკმა, როცა ცა ჩამოქცეული გაქვს და საშველი აღარაფერი გგონია, ორი დღის შემდეგ გაიარა, მერე კი ბრძოლა გადავწყვიტე. ეს ოპერაცია თურქეთში 80 000 დოლარი ღირს. ამას პლუს იმ დონორების გამოკვლევა, რომლებიც მოინდომებენ ჩემთან ერთად 14 საათი იწვნენ საოპერაციო მაგიდაზე და თავისი ღვიძლის ნაწილი მომცენ. ჩემმა დამ მითხრა, - სიკეთე არსებობს, მოდი, ყველას გავაგებინოთ, რომ დახმარება გვჭირდებაო. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ანგარიშზე ძალიან მცირე თანხაა შემოსული. მხოლოდ იმის მეშინია, რომ საოპერაციო მაგიდამდე მისვლას ვერ მოვასწრებ. ისეთ სიტუაციაში ვარ, დროის დაკარგვა არ შეიძლება და იქნებ ოპერაციის გაკეთება ისევ ჩვენთან მომიწიოს, მაგრამ ამასაც თანხა სჭირდება,  მით უფრო, რომ დონორების გამოკვლევაა საჭირო. თურქეთში მითხრეს, ერთმა აქ 13 ადამიანი ჩამოიყვანა და არც ერთი არ გამოდგა დონორადო. მე კი ჯერჯერობით მხოლოდ  2 მყავს.

- თითოეული ეს დასკვნა, დიდი სტრესი იქნებოდა თქვენთვის... - მაგრამ ამ სტრესის უკან იმედია. თურქეთში ორჯერ გადამიღეს ღვიძლის ტომოგრამა, პირველი შედეგი ვერ დაიჯერეს, ამბობდნენ, - რაც აქ ჩანს, იმის მიხედვით, თქვენ ვერ უნდა დადიოდეთ, არადა საღსალამათად გამოიყურებითო. ჩემი ოჯახი მაცოცხლებს, უპირველესად, ჩემი შვილები, მათთვის უნდა ვიცოცხლო...

"კვირის პალიტრის" მკითხველმა არაერთი ადამიანის გადარჩენაში შეიტანა წვლილი, ჩვენ, ყველას ერთად კეთილი საქმის გაკეთების საშუალება კიდევ ერთხელ გვეძლევა. თუ გადაწყვეტთ მეგის დახმარებას, გთავაზობთ საბანკო ანგარიშის ნომრებს:

საქართველოს ბანკი:

GE48BG0000000051029900

TBC ბანკი:

GE33TB7058736010300118

TBC ბანკი-ის დოლარისა და ევროს ანგარიში GE10TB7058745061100096

ლიბერთი ბანკი:

GE88LB0711134289036000

მიმღები: ინგა ტალახაძე ტელ: 597 08 77 64

საერთაშორისო ანგარიში: Georgischer Verein in Deutschland e. V.

Liga Bank IBAN.: DE90750903000302169703

BIC: GENODEF1M05Verwendungszweck: Megi Talakhadze

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)