"ცოლი მეუბნება, თუ ფედერაციაში ფული არ არის, შენი ხარჯებით წადიო" - კვირის პალიტრა

"ცოლი მეუბნება, თუ ფედერაციაში ფული არ არის, შენი ხარჯებით წადიო"

ავთანდილ ჭრიკიშვილის ტიტულების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რამდენიმეს კი მაინც დავასახელებ: ის 81 კგ წონით კატეგორიაში ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონია. 2013 წელს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჭრიკიშვილი საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს, ხოლო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2014 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტად დაასახელა. ძიუდოისტისთვის 2017 წელი რთული აღმოჩნდა: რიოს ოლიმპიურ თამაშებზე განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, მძიმე ტრავმა მიიღო და დაახლოებით წელიწად-ნახევარი აქტიურ სპორტს გამოეთიშა. ტატამზე დაბრუნების შემდეგ ჭიდაობა 90 კგ კატეგორიაში განაგრძო და წარმატებამაც არ დააყოვნა - 2018 წლის 29 ივლისს ის ზაგრების "დიდი პრიზის" გამარჯვებული გახდა. 27 წლის სპორტსმენს ხორვატიაში ტრიბუნიდან მეუღლე თამუნა გვენეტაძე და 6 თვის შვილი, ლევანი გულშემატკივრობდნენ, რაც ბუნებრივია, დამატებითი მოტივაცია იყო სპორტსმენისთვის. ჟურნალი "გზა" აქვეყნებს ინტერვიუს სპორტსმენთან, გთავაზობთ ამონარიდებს:

- გულწრფელად გითხრათ, დაახლოებით 6 თვე დროდადრო ვტიროდი კიდეც. რომ ვერ ვვარჯიშობდი და "ტურნიკზე" ვერ ვიწეოდი, ძალიან განვიცდიდი. მერე სამჯერ რომ ავიწიე, მიხაროდა (იღიმის), მაგრამ დღეს უკვე წონით, ანუ 50-70 კოლოთი შემიძლია ტურნიკზე აწევა და ისე ვარჯიში.

- როგორც ვიცი, იმ თქვენთვის მძიმე თვეების განმავლობაში მეუღლე ძალიან გედგათ გვერდში...

- კი და დღემდე ასეა. ოღონდ მე ვივარჯიშო და ხელი არაფერში შემეშალოს, ყველა ძალიან მიწყობს ხელს. მართალია, თამუნა შეკრებებზე სულ ტირილით მაცილებს ხოლმე (იღიმის), მაგრამ სულ მეუბნება, "შენ უნდა ივარჯიშო", "თუ ფედერაციაში ფული არ არის, შენი ხარჯებით წადი". ფედერაციაში პრობლემების გამო, რამდენიმე "ზბორზე" არ წამიყვანეს და მაშინაც სულ ამას მიმეორებდა.

ახლა ვუთხარი, ოლიმპიადამ ჩაიაროს და მერე სპორტს თავს დავანებებ, არ მინდა სულ შეკრებებზე ვიყო, თქვენგან შორს-მეთქი, მაგრამ მითხრა, შენ ოღონდ იჭიდავე და ბავშვსაც და ყველაფერს მე მივხედავო (იღიმის). ასე რომ, არც ოლიმპიადის მერე ვაპირებ თავის დანებებას. მედიცინაც განვითარდა და სპორტიც, ჩემზე გაცილებით უფროსები, ათი წლითაც კი, აქტიურად ჭიდაობენ. 2016 წელს კაცმა 34 წლის ასაკში მოიგო პირველად ოლიმპიადა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 16 აგვისტოს ნომერში

ანა კალანდაძე

იხილეთ ვიდეო - ჭრიკიშვილის ცოლის ემოციები ქმრის გამარჯვების შემდეგ