დედაბრისთავიანი ფრთოსანი ურჩხული - კვირის პალიტრა

დედაბრისთავიანი ფრთოსანი ურჩხული

ჰარპიას სხეულის სიგრძე 110 სანტიმეტრს აღწევს, ფრთების შლილი კი 2 მეტრზე მეტია. მსხვერპლს კეფაში ჭანგის დარტყმით მყისიერად კლავს, იმდენად ძლიერი თათები და ბრჭყალები აქვს, შეუძლია მსხვერპლს ძვლებიც კი დაუმსხვრიოს...

სამხრეთამერიკული ჰარპია არწივებს შორის ყველაზე დიდი და ძლიერია. ეს ტყის არწივი მთელ პლანეტაზე ყველაზე ძლიერ მტაცებელ ფრინველად ითვლება (მტაცებლებში არ შედის ლეშიჭამია ან მორბენალი ფრინველები).

დედალი არწივი მამალთან შედარებით თითქმის ორჯერ დიდია - თუ დედალი ჰარპიას წონა 9 კგ-ს აღწევს, მამლის წონა 5 კგ-ს არ აღემატება. ჰარპიას სხეულის სიგრძე 110 სანტიმეტრს აღწევს, ფრთების შლილი კი 2 მეტრზე მეტია. მისი ძლიერი შავი ნისკარტი არ არის დიდი ზომის, სამაგიეროდ, შეიარაღებულია 13 სმ-იანი ბასრი შავი ბრჭყალებით, ამხელა ბრჭყალები მხოლოდ ამერიკულ დათვ გრიზლის აქვს... ამ არწივის თათებიც უზარმაზარი და მძლავრია. მსხვერპლს კეფაში ჭანგის დარტყმით მყისიერად კლავს, იმდენად ძლიერი თათები და ბრჭყალები აქვს, შეუძლია მსხვერპლს ძვლებიც კი დაუმსხვრიოს...

ჰარპიას ზურგი მორუხოა, მუცელი - თეთრი, ყელზე ფართო მუქი საყელო აქვს, ფრთები და კუდი - ჭრელი, შავ-თეთრი ზოლებით.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ზომისაა, ის ტყეში ვირტუოზულად და, პრაქტიკულად, უჩუმრად დაფრინავს, ამიტომ მსხვერპლს უეცრად ესხმის თავს. ფრენის სისწრაფე 80 კმ/სთ-ს აღწევს.

გაბრაზების დროს ჰარპიას თავზე შავი ბუმბული ვერტიკალურად იჯაგრება, რაც არწივს საზარელ შესახედაობას აძლევს - სწორედ ამის გამო შეარქვეს სამხრეთ ამერიკის პირველმა მკვლევრებმა მას ბერძნული მითოლოგიის ფრთოსანი ქალ-ურჩხულების - მახინჯი დედაბრისთავიანი ჰარპიების სახელი...

ეს ტყის არწივები ვაკე ადგილებში ბინადრობენ, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში, მექსიკიდან ბრაზილიამდე.

სქესობრივ სიმწიფეს ფრინველი 5-6 წლის ასაკში აღწევს. წყვილი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ერთმანეთის ერთგულია, ბუდეს ხეზე, 50-75 მ სიმაღლეზე იკეთებს. დედალი ერთ ან ორ მოყვითალო კვერცხს დებს. მართვე ნელა იზრდება, 10 თვისა უკვე კარგად დაფრინავს, მაგრამ მშობლები კიდევ დიდხანს - 2 წლამდე ზრუნავენ მასზე. ბუდის სიახლოვეს ჰარპია მეტისმეტად აგრესიული ხდება და ყველას დევნის, მათ შორის ადამიანსაც, რა დროსაც შეიძლება მძიმე ტრავმა მიაყენოს. იკვებება საშუალო და მცირე ზომის ძუძუმწოვრებით - ზარმაცათი, მაიმუნით, ახალგაზრდა ირმებითაც კი, ასევე რეპტილიებით, ფრინველებით, ადვილად უსწორდება ჯავშნოსანსაც და საერთოდ, უზარმაზარი ბრჭყალების წყალობით ერთადერთი მტაცებელია კონტინენტზე, რომელიც მაჩვზღარბზე ნადირობს. ეს უზარმაზარი, გაუმაძღარი ფრინველი არცთუ იშვიათად სოფლებიდანაც იტაცებს გოჭს, თიკანს, ძაღლსა თუ კატას - ამის გამო ინდიელები მას "მფრინავ იაგუარს" უწოდებენ. ადგილობრივებში მეტად საპატიოდ ითვლებოდა ჰარპიას დატყვევება და დაგეშვა. ძალიან ძვირად ფასობდა მისი ბუმბულიც, ხოლო, თუ ინდიელი ჰარპიას მონადირებას მოახერხებდა, შეეძლო სოფელში ყველა ქოხი შემოევლო და ყველასგან საჩუქარი მიეღო.

ჰარპია 30-დან 50 წლამდე ცოცხლობს და მას ადამიანის გარდა, მტერი არ ჰყავს, თუმცა ჰარპიებზე უკანონოდ ნადირობისა და მათი საარსებო გარემოს გაჩანაგების გამო, ეს არწივი უკვე გადაშენების პირას მისულ სახეობებს შორისაა და წითელ წიგნშია შეტანილი.

ამჟამად ჰარპიაზე ნადირობა სასტიკად აკრძალულია - ზოგიერთ ქვეყანაში 12-წლიანი პატიმრობით ისჯება. 2002 წლიდან ჰარპია პანამის ეროვნული სიმბოლოა და ქვეყნის გერბზეა გამოსახული. რადგან ისინი ბუნებრივად ძალიან ნელა მრავლდებიან, რეგიონის ბევრ ქვეყანაში შეიქმნა ჰარპიების ხელოვნურად გასამრავლებელი ჯგუფები... 2009 წელს კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ გაეროს კონფერენციაზე ბელიზში გამოყვანილ ჰარპიას სახელად "იმედი" და მსოფლიოში კლიმატის ცვლილების ელჩი"უწოდეს.

ჰარპია "ჰარი პოტერის" სერიალის დიზაინერებმაც გამოიყენეს, ხოლო ბი-ბი-სის ფილმში "მონსტრები, რომელთაც შევხვდით", ნამარხი არწივის "ჰაასტის" საჩვენებლად ცოცხალი ჰარპია გამოიყენეს.

მოამზადა რამაზ გურგენიძემ