ცნობილთა ცრურწმენები - კვირის პალიტრა

ცნობილთა ცრურწმენები

ეკა ჩხეიძე: "რაც უნდა ხელი იფხანო, ხელფასის იქით ვერ გადახტები"

შავი კატის გადარბენა, მარილის დაბნევა, სარკის გატეხა ბევრისთვის უმნიშვნელო ამბავია, ბევრისთვის კი უსიამოვნების მომასწავებელი. ზოგს საქმის დაწყების წინ თავისი რიტუალი აქვს, ზოგიც თილისმად ქცეულ ამა თუ იმ ნივთის იმედად ეძებს წარმატებას. ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ, თუ რომელი ცრურწმენების სჯერათ ცნობილ ადამიანებს.

"მარცხენა ხელისგულის ქავილი კარგის მომასწავებელია"

ნატო გელაშვილი, მომღერალი: - სცენაზე და სახლიდან გასვლის წინ ყოველთვის პირჯვარს ვიწერ. მარცხენა ხელისგული თუ მექავება, სულაც არ არის ცრურწმენა, რომ ფულს ვიშოვი. ერთხელ შუა ზღვაში მარცხენა ხელის ისეთი ქავილი ამიტყდა, გავიფიქრე, რა დასაჯერებელია გამოთქმა, რომ ახლა ფულს ვიშოვი-მეთქი. ამოვედი ზღვიდან და მეუბნებიან, გასკდა შენი ტელეფონი რეკვითო. ავიღე ყურმილი და ერთ-ერთ ძალიან მაღალანაზღაურებად კონცერტზე მიწვევდნენ. მას მერე მარცხენა ხელისგული რომ მექავება, სამჯერ ვაკოცებ და თავზე გადავისვამ ხოლმე. დაცდილი მაქვს, კარგის მომასწავებელია.

საერთოდ ვუსმენ მოხუცებს, მათი საუბრიდან რაღაცები მამახსოვრდება. რაღაც დავცადე, რაღაც - არა. ღამით ნაგავი არ უნდა გადაყაროო, ესეც მათგან გამიგონია, ბარაქა გადის ოჯახიდანო. ცუდი სიზმარი თუ ნახე, წყალს უნდა მოუყვეო - მე ამას ცრურწმენებს არ ვეძახი. მოხუცების შემონახული დაკვირვებებია. ზოგი ამბობს, წარბი მითამაშებს, თვალი მითამაშებსო, მე ესენი არ დამიცდია, მაგრამ მყავს მეგობრები, რომლებიც ასეთ რამეებსაც ყურადღებას აქცევენ. ვურეკავ და ვამოწმებ ხოლმე თიმსალ-მაკოებში - ეს რას ნიშნავს, ის რას ნიშნავს-მეთქი. ახალგარეცხილი მანქანის მინას ჩიტი რომ "გამილამაზებს", იმის მაგივრად, სახე მომეჟამოს, ვამბობ ხოლმე, კარგია, ე.ი. ფული მოდის-მეთქი. უკვე ჩვევად მაქვს, ჩიტების "საჩუქარზე" ყოველთვის ამ სიტყვებით ვრეაგირებ.

"ისეთი თამაში მომიგია კატის გადარბენილზე, ნეტავ ყველა თამაშის წინ გადაერბინა"

ზურა ხიზანიშვილი, ფეხბურთელი: - ცნობილი ამბავია, რომ ფეხბურთელებს მოედანზე გასვლის წინ სხვადასხვა რიტუალი აქვთ. ქრისტიანობა ამას არ აღიარებს და მეც არ მჯერა, მაგალითად, იმის, რომ მარჯვენა ფეხით უნდა ადგე, მარჯვენა ფეხი შედგა მინდორზე, რომ თამაში მოიგო. მე ასეთი რაღაცები არ მახასიათებდა.

შოტლანდიურ გუნდ "რეინჯერში" ვთამაშობდი, სადაც ფეხბურთელების უმრავლესობა პროტესტანტები იყვნენ. მე და შოთი არველაძე მინდორზე პირჯვარს არ ვიწერდით, რადგან შეიძლება გულშემატკივრებს ეს არაერთგვაროვნად გაეგოთ. ამიტომ თამაშის წინ გასახდელში ვლოცულობდით და ისე გავდიოდით მოედანზე. 13 ნომრით ვთამაშობდი და ეს რიცხვი მიყვარს. კატის გადარბენაც სულაც არ მაქვს ცუდად დაცდილი, ისეთი თამაში მომიგია კატის გადარბენილზე, ნეტავ ყველა თამაშის წინ გადაერბინა...

"არ მჯერა, მაგრამ მაინც ბებიის მითითებებით ვცხოვრობ"

დალი ჩიტალაძე, მოდის ექსპერტი: - ცრურწმენების არ მჯერა. ბებიამ რაც მასწავლა - ცოცხი ხელში არ მომაწოდო, მარილი რომ დაგებნევა, უკან უნდა გადაყაროო - ეს ჩამრჩა გონებაში. ცოცხს თუ აიღებ, სტუმარი მოვაო, მართლა მოდიოდა, სხვათა შორის. დანა თუ ხელში მიაწოდე ვინმეს, იმ ადამიანთან ჩხუბი მოგივა, ან მარილი თუ დაგებნევა, ჩხუბი გარდაუვალიაო და ამაზე ბებია დარდობდა კიდეც. ამ ცრურწმენების ნამდვილად არ მჯერა, მაგრამ მაინც ბებიის მითითებებით ვცხოვრობ. ეს თაობიდან თაობაზე გადასული ჩვევებია და არა ცრურწმენები, მე ასე მგონია.

"სამ რაღაცას ხელი უნდა მოჰკიდო, ოთხს უნდა აკოცოო"

ჯაპანა (დავით ხურცილავა), მსახიობი: - ჯვარი დავკარგე და აშკარად დისკომფორტს განვიცდიდი, სანამ ახალი არ დავამზადებინე. კულისებში სცენაზე გასვლის წინ მსახიობებს აქვთ რაღაც რიტუალივით - სამ რაღაცას ხელი უნდა მოჰკიდო, ოთხს უნდა აკოცოო, მე ეგეთების არ მჯერა. ასე რომ, არ მჯერა ცრურწმენების. 13 რიცხვზეც არა მაქვს პრობლემა.

"ახალ მთვარეს ფულს ვუჩვენებ ხოლმე"

ზაზა კოლელიშვილი, მსახიობი: - ცრუმორწმუნე არა ვარ, მაგრამ ახალ მთვარეს ფულს ვუჩვენებ"ხოლმე; მარილი რომ დაიყრება, წყალს ვასხამ. ეს ყველაფერი ბავშვობიდან მომყვება.

"თუ კატა გადამირბენს, ჯიბრზე პირველი გავივლი ხოლმე"

ეკა ჩხეიძე, მსახიობი: - მე ცრურწმენების არ მჯერა, პირიქით, თუ რამე გამიგია, იმის საპირისპიროდ ვიქცევი. თუ კატა გადამირბენს, ჯიბრზე პირველი გავივლი ხოლმე. ფსიქოლოგიური მომენტია, როგორც დაიჯერებ, ისე დააბრალებ საკუთარ მარცხს ამა თუ იმ ფაქტს. რაც შეეხება ხელის ქავილს, ხელფასის იქით ვერ გადახტები, რაც უნდა ქნა.

"ამ ბეჭდის გარეშე არ გავდივარ სახლიდან"

კრისტი ყიფშიძე, მოდელი: - თუ სადმე ვაპირებ გამგზავრებას, წინასწარ არასდროს ვამბობ, ოჯახშიც კი - ეს ჩვევა მაქვს, დავცადე და ასე ჯობია. მაქვს ამოჩემებული ბეჭედი, რომლის გარეშეც არ გავდივარ სახლიდან. თმის სამაგრი მაქვს კიდევ ერთი, რომელიც თუ თმაზე არ მიკეთია, აუცილებლად ჩანთაში უნდა მედოს. მარცხენა ხელი თუ მექავება, ამართლებს და ფული მოდის. სარკე ან ჭურჭელი რომ გატყდება, უნდა თქვა, ბედნიერებისთვის... ზოგი ამბობს, ახალ მთვარეზე თმის შეჭრა არ შეიძლებაო, მე ასეთ რამეებს ყურადღებას არ ვაქცევ. 13 რიცხვი რატომ არ უყვარდათ, ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ჩემს თავზე გამოვცადე - 2013 წელს ორჯერ მოვყევი ავარიაში და წლის ბოლოს, 13 დეკემბერს, ფეხი მოვიტეხე. ყველაზე მეტად ბედის და იღბლის მჯერა. რაც გიწერია, არ აგცდება.

საიდან იღებს სათავეს ცრურწმენა...

ცრურწმენა, რომ 13 პარასკევი ავის მომასწავებელია, სათავეს ძველი აღთქმიდან იღებს. ითვლება, რომ კაენმა თავისი ძმა აბელი ამ დღეს მოკლა... საიდუმლო სერობაში 13 მონაწილე იყო, იუდას ღალატი კი სახარების მეცამეტე თავშია ნახსენები...

ფრანკლინ რუზველტი 13-ში არასოდეს მიდიოდა სამოგზაუროდ. მსოფლიოს ზოგიერთ საავადმყოფოში არ არის მე-13 პალატა, სასტუმროში კი მე-13 სართული.

მითები შავი კატის შესახებ სათავეს შუა საუკუნეების ევროპიდან იღებს. ამ დროს გავრცელებული იყო შავი ჭირი, სიკვდილიანობამ უმაღლეს წერტილს მიაღწია. ხალხი თვლიდა, რომ იმას ელოდა სიკვდილი, ვის საწოლზეც შავი კატა დაჯდებოდა.

უწინ მარილი აღზევანიდან (ბაქოს მიმდებარე ტერიტორია) მოჰქონდათ და ძალიან ძვირი ღირდა. მგზავრობაც რთული იყო და მარილის მოსატანად ჯგუფი უნდა წასულიყო. ხშირად მათ თავს ესხმოდნენ და ხოცავდნენ. სწორედ აქედან მოდის გამოთქმა:""მარილზე წავიდა". მარილი განსაკუთრებით ჭირდა მთაში და მთიულები ბარში ჩამოდიოდნენ, რათა სხვადასხვა სამუშაოში გასამრჯელოდ მარილი მიეღოთ. ამიტომ მარილის უაზროდ ხარჯვა, დაბნევა, უარყოფით ემოციებთან ასოცირდებოდა და ზოგჯერ ამ ფაქტს მართლაც მოსდევდა ჩხუბი.

ეკა სალაღაია