"ჩემთვის ისევ 19 წლის რუსიკუნაა"
05-09-2018
"ჩემთვის ისევ 19 წლის რუსიკუნაა"
ზღაპრით ვიწყებ სათქმელს - ბებია თავისი გამოგონილი ზღაპრებით ანებივრებდა ხოლმე ჩემს შვილს, მათგან ერთ-ერთი ზღაპარი ქათმიპარია მელაზე იყო, რომელსაც დემურიკამ ჭკუა ასწავლა - ქურდობისთვის კუდი მოაჭრა და მზეთუნახავ რუსიკოს მოახვია კისერზე. მკითხველი იტყვის, რა არის ამაში სასაცილოო, მაგრამ ისინი ხომ ზღაპრის გმირ რაჭველ ცოლ-ქმარს პირადად არ იცნობენ...

დემურიკა და რუსიკუნა ძირძველი რაჭველები არიან და ნიკორწმინდაში ჩვენს მეზობლად ცხოვრობენ. დღეს მათ ეზოში დიდი ფუსფუსია - ქორწინების 50-ე წლისთავის აღსანიშნავად ემზადებიან. ოქროს
ქორწილს 2 შვილთან, 3 შვილიშვილსა და მთელ უბანთან ერთად ხვდებიან. დილიდან გაახურეს თონე, ჩააკრეს ლობიანები, ეზოში ანთებულ ცეცხლზე ლორს ხარშავენ... რუსიკუნას ამოყვანილი ყველით ხაჭაპურებს ახვევენ, კეცზე ერთ მხარეს წიწილა იწვება, მეორე მხარეს - ნეშოში­ აცხობენ მჭადებს. სან
ამ სუფრას შლიან, წყვილი ნიკო­რწმინდის ეკლესიაში ადის. ერთხანს რუსიკო ამ ტაძარში გალობდა. მღვდელი ლოცავს მათ და დღეგრძელობას უსურვებს, მერე კი ნიკორწმინდის დაღმართს მოუყვებიან შინისკენ, სადაც წელში გაზნექილი სუფრა ელოდებათ... თამადა ზურია გოცირიძეა, დემურიკას ბიძაშვილი, რომელიც საუცხოო ალექსანდროულით აზარხოშებს მექორწილეებს. ცოტა ხანში რუსიკუნამ გარმონი გაწელა და შეხე, შეხე, თავის დაკრულზე როგორ მაცეკვებსო, სიცილით გამოვიდა საცეკვაო მოედანზე დემურიკა... ქეიფი ეშხში შევიდა და, როგორც იქნა, დავიმარტოხელე ინტერვიუსთვის ნეფე-პატარძალი.

დემური: - მართლა ზღაპარივით გაიარა ამ წლებმა, მაგრამ ჩემი რუსიკუნა ახლაც ისეთი მგონია, ქვე რომ თავიდან იყო, დღესაც 25 წლის ბიჭის თვალებით ვუყურებ, ჩემთვის ისევ 19 წლისაა.

- გარიგებით იქორწინეთ?
- აქანა, უბანში, დეიდაშვილი ჰყავდა რუსიკუნას გათხოვილი, ჰოდა, იმათ სწვეოდა თურმე. რომ დავინახე, გედევირიე, ერთი ნახვით შემიყვარდა, მაგრამ გარმონი რომ გაწელა და ამღერდა, "ბაღჩაშია გადვიხედე, დავინახე გულის ვარდი, რა წუთშიაც დაგინახე, იმ წუთშივე შემიყვარდიო", უკვე ქორწინებაზე დავიწყე ფიქრი.

რუსიკო: - ისეთი კარგი დასანახი იყო, ჩემი მშობლების გული გაცნობისთანავე მოიგო. მამაჩემა მითხრა: ან ეს ბიჭუნა იქნება ჩვენი სიძე, ან არავინო. განა მეც არ მომწონდა, მაგრამ 19 წლის ვიყავი და გათხოვება არ მეჩქარებოდა. მერე იმდენი იარა, რომ... მშვენიერი ქორწილი გვქონდა. ხელი ამბროლაურში მოვაწერეთ...

დემური: - ხელის მოწერაზე ისეთი ამბავი დაგვემართა, კინაღამ გამოგვყარა მმაჩის ბიუროს ქალმა, აღარ გვარეგისტრი­რებდა.

- რატომ, რა მოხდა?
- რა მოხდა და, თუ დაჰკვირვებიხართ, რაჭაში უმრავლესობას ორ-ორი სახელი ჰქვია. პასპორტში ერთი უწერიათ და მეორეს ეძახიან. ასე ვართ ჩვენც და ეს ამბავი ხელმოწერის დროს შევიტყვეთ.

რუსიკო: - რომ მკითხეს, ნაზიბროლა კობზონაძე, თანახმა ხართ ქორწინებაზეო, დემურმა გაოცება ვერ დამალა, შენ, ბოშო, ნაზიბროლა გქვიაო? კი, ნაზიბროლა ვარ მეტრიკაში-მეთქი, რომ ვუპასუხე, ყველამ გაიცინა. ჩემ შემდეგ მას ჰკითხეს, - სიმონ ბიკენტის ძე გოცირიძე, თანახმა­ ხართ ქორწინებაზეო? უკვე მე აღმომხდა - არ გადამრიო, ბოშო, შენ სიმონა გქვია-მეთქი? ამაზე მმაჩის ბიუროს ქალმა უკვე ვეღარ გაიღიმა, გადაირია, თქვენ, ბოშო, ქვე ახლა ეცნობით ერთმანეთსო?!

ჩვენი შრომით მივაღწიეთ ყველაფერს. გავჭერით ბალავერი, საძირკველში ხურდა ფულები ჩავყარეთ, ოჯახის სიმტკიცესა და ბარაქას მოგიტანთო. მთელი სოფელი გვერდში გვედგა - ასე ავაშენეთ სახლი. მერე რუსთავში წავედით, იქ ვმუშაობდით, ბინა მივიღეთ, ახლა შვილებს დავუტოვეთ ის ბინა და ჩვენ ისევ სოფელს დავუბრუნდით. ძროხა გვყავს, ხატულა, ღორები, ისეთ ლორს ვაკეთებთ­... სიმინდი, ლობიო... ყველაფერი მოგვყავს.

დემური: - ღმერთს მადლობა, არ შევმცდარვარ არჩევანში. რუსიკომ კარგი შვილები გამიზარდა. ახლა როგორი მეოჯახეა - სოფელში რუსიკუნას ლობიანები ცნობილია, ამისი ხელით მომზადებული ყველაფერი გემრიელია, წყალში მარტო მარილი რომ ჩაყაროს, ისიც კი.

- რაჭველი კაცები მშვიდები არიანო, კარგი პურის ცხობაც იციანო, დურგლობაშიც არ ჰყავთ ბადალიო, ასეა?
რუსიკო: - პურის ცხობის რა გი­თ­ხრ­ათ, მაგრამ დურგალი მართლა საუცხოოა.

- რაჭველ ქალებზე რას ამბობენ?
დემური: - კაპასები არიანო, ტყუილია! არც ჩემი რუსიკუნაა ეგეთი და რა ვიცი, დანარჩენებსაც ვერ შევატყვე... რა მახსენდება, იცი? ახალი მოყვანილი მყავს და მჭადი ჩააცხო კეცზე. უნდა კარგი­ გამოუვიდეს და ამიტომ სველი კოვზით დაუწყო თავის მოსწორება. მიუსვ-მოუსვამს კოვზს, გავა მოშორებით, გახედავს, მერე ისევ... მოკ­ლედ, ნახევარი საათი იწვალა. მე გასაღების ჭუჭრუტანიდან ვუყურებდი და ვკვდებოდი სიცილით. როგორც იქნა, გამოცხვა, გაშალა სუფრა და რომ დავხედე იმ მჭადს, წამოვიძახე: იმისთანა ლამაზია, გეგონება, სველი კოვზით იყოს მოსწორებული-მეთქი. რანაირად მიხვდი, ბოშო, მაგასაო...

"შენ რა, გითხარი, დემურიკა..." - კისკისებს რუსიკო. ცოტა ხნით ინტერვიუს ჩაწერას ვწყვეტთ, ნეფე-პატარძალი ტორტის გასაჭრელად გადის, მერე კი - ჰე, მოგროვდით გოუთხოვრები, პატარძალმა თაიგული უნდა ისროლოსო"- გაისმა და ახალგაზრდები მოემზადნენ დასაჭერად.

რუსიკო: - დღეს პირობა დავდეთ, რომ 50 წელი კიდევ ერთად ვიქნებით და სახალხოდ მოვაწერეთ ხელი.

დემურის ეზოდან ისევ "ბაღჩაშია გადვიხედე" ისმის. დემურიკა და რუსიკუნა ხმებს­ უწყობენ ერთმანეთს. ნიკორწმინდაში ოქროს ქორწილია.

ეკა სალაღაია
Marina
07 სექტემბერი 2018 01:52
Kidev bevri weli ertad bednierad chveno tkbilo adamianebo
leila kobaxize.
06 სექტემბერი 2018 16:29
gilosavt ixaret idxegrzeled tkvens lamaz ijaxtan ertad.tkbilad seaberdit ertmanets.
manana
06 სექტემბერი 2018 11:39
თბილი, ტკბილი, ღიმილიანი და გემრიელი ადამიანები ხართ. ღმერთმა ბედნიერება არ მოგაკლოთ. გვიყვარხართ და პატივს გცემთ, სხვაგვარად არც შეიძლება.

რედაქტორის რჩევით