"არაკაცი ვარ, აბა, რა ვარ?!"
"არაკაცი ვარ, აბა, რა ვარ?!"
"კიბოიან მამას ვკლავ, დედას ჯოჯოხეთურ შრომაში ვუღებ ბოლოს, ცოლ-შვილს კი ცხოვრებას ვუნგრევ - ამაზე მეტი სასჯელი
რა უნდა მქონდეს?"


"გამოუვალ მდგომარეობაში ღმერთმა არასოდეს გამყოფოს. აღარ ვიცი, სად ვეძებო გამოსავალი. ახლა მხოლოდ ის მინდა, მიწა გასკდეს და ჩამიტანოს. კიდევ ერთხელ დავმარცხდი, სატანამ ჩემზე გაიმარჯვა", - ეს სულისშემძვრელი სიტყვები 34 წლის დათოს ეკუთვნის, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაახლოებით ღამის 01:00 საათზე საბურთალოზე, ერთ-ერთ კაზინოსთან გავიცანი. გაცნობაც არის და გაცნობაც - იმ ადგილას
მაშინ ჩავიარე, როცა უცნობი მამაკაცი თავის თავს ხმამაღლა ესაუბრებოდა უცნაური ჟესტიკულაციით, არაადეკვატურად იქნევდა ხელებს. დახმარება შევთავაზე... რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ მორიდებით 3 ლარი მთხოვა, სახლამდე როგორმე უნდა მივიდეო. მოკლედ, ჩემი ახალი ნაცნობი ლუდომანი აღმოჩნდა. დიდ­ხანს ვისაუბრეთ, დიდხანს ვეძებე გამოსავალი და მაინც ვერსად ვიპოვე ის ნათელი წერტილი,
რომელიც მის მდგომარეობას შეამსუბუქებდა.

დათო: - დღესაც არ გამიმართლა, წავაგე. ამის გადამკიდემ, ცხოვრება წავაგე. ყველაზე საშინელი ის არის, რომ ვაცნობიერებ ჩემს მდგომარეობას და მაინც უძლური ვარ. შინ მამა მყავს ონკოლოგიური ავადმყოფი, გასულ წელს სიმსივნის მესამე სტადია დაუდგინდა. ყელზე ოპერაცია გავუკეთეთ და ლაპარაკი აღარ შეუძლია.

დედამ საბერძნეთიდან ფული გამოგზავნა წამლების საყიდლად და ის თანხა წავაგე - დედაჩემის ნაშრომი, ღამეების თევის ფასად შეკოწიწებული, მამაჩემის წამლის ფული.

დედა მეშვიდე წელია იქ არის. ამ ხნის განმავლობაში არ მინახავს და, ალბათ, ვერც ვერასდროს­ შევხედავ­ თვალებში. არაკაცი ვარ, აბა, რა?! უცხოეთში გადახვეწილი ვიღაც მოხუცს უვლის, რომ ჩვენ აქ არაფერი მოგვაკლდეს.

მე დიდი ხანია დავამთავრე ცხოვრება, მაშინ გადაესვა ხაზი, როცა სული ეშმაკს­ მივყიდე. ახლა უბრალოდ ცოცხალი ვარ, არსება... საკუთარი თავისგან იმედგაცრუებული მოსიარულე გვამი ვარ.

მოგებისა და უკეთესი მომავლის იმედით ყველაზე მთავარი წავაგე - ცხოვრება. 2.300 დოლარი გავაქრე, არც დღეს გამიმართლა, არც გუშინ... ვიცი, ფიქრობ, რომ ავადმყოფი ვარ, ასეა, ვაცნობიერებ ჩემს მდგომარეობას, მაგრამ უძლური ვარ, დავმარცხდი.
როგორც კი ფულს დავინახავ, ტვინში მხოლოდ სათამაშო სიგნალი იწყებს ციმციმს და ყველას და ყველაფერს მავიწყებს.

- ეს როდის დაიწყო?
- 16 წლიდან ამ დღეში ვარ. თავიდან მეგონა, თამაშზე დამოკიდებული არ გავხდებოდი. ვფიქრობდი, ვერთობი-მეთქი. ამ ჭაობმა როგორ ჩამითრია, ვერ გავაცნობიერე. მეათე კლასში ვიყავი, უბნის ბიჭებს ტოტალიზატორში პირველად რომ გავყევი. პირველი ბილეთი ბიჭებმა შემავსებინეს, ორი ლარით 30 მოვიგე. ეს ის 30 ვერცხლია, იუდამ უფალი რომ გაყიდა. ასე შევაბიჯე ჯოჯოხეთის კარიბჭეში... ტოტალიზატორს სათამაშო აპარატები მოჰყვა, აპარატებს - კაზინო, კაზინოს - ონლაინთამაშები, სახლიდან გაუსვლელად, კომპიუტერით გაგრძელდა ღამეების თევა. უძილო ღამეები სამსახურში ჩემს მუშაობაზეც აისახა. გათავისუფლებას რამდენჯერმე გადავრჩი... ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ, იურისტი ვარ. უკმაყოფილო არ უნდა იყოს ნორმალური ადამიანი ჩემი ხელფასითა და თანამდებობით, მაგრამ ახლა ყველაფერი ქარს მიაქვს. ბოლო რამდენიმე წელია ვმუშაობ იმისთვის, რომ ხელფასიდან ხელფასამდე დრო გავიყვანო და მერე მოგების წყურვილით ისევ ვათენო ღამეები. ახლა ჩემთვის იშვიათი გამონათება ხანდახან მოგებული მიზერული თანხაა, რომელსაც ისევ ვაგებ... ერთი გაუბედურებული კაცი ვარ. ავადმყოფი მამის წამლის ფულს კაცი ქარს რომ გაატან, არაკაცი ხარ. ამ თამაშმა შეიწირა ჩემი სიყვარულით შექმნილი ოჯახი და ნათესაობა.

დაუსრულებელმა მოგების წყურვილმა შვილებზეც კი უარი მათქმევინა. ორი გოგონა მყავს, პატარები არიან. მე რა კაცი ვარ, შვილებს ლუკმას ვაცლი... ბევრჯერ მიცდია თავის დაღწევა, მაგრამ ყოველთვის აზარტი იმარჯვებს. ერთხელ მონასტერშიც­ წავედი, ერთი თვე მონასტრული ცხოვრებით ვიცხოვრე, ყოველდღე ვცდილობდი, საშინელი ფიქრები ლოცვით განმედევნა... მონასტრიდან ჩამოსვლის შემდეგ ცოტა ხანს თითქოს კარგად იყო ყველაფერი. როცა გონებაში თამაშის სურვილი გამიელვებდა, გულში "მამაო­ ჩვენოს" ვიმეორებდი დაუსრულებლად... მერე ვთქვი, ერთხელ ჩავრიცხავ ანგარიშზე, თუ მოვიგე, მოვიგე, თუ წავაგე, ეს უკანასკნელი იქნება-მეთქი. მერე იმ თამაშს სხვა მოჰყვა... ფული რომ გამომელია, მეუღლის ნივთები დავალომბარდე. ოჯახიდან ყველაფერი გავზიდე. ჩემი ვალების გასასტუმრებლად დედა საქართველოდან გადაიხვეწა.

ისეთი ფეთქებადი გავხდი, თავს ვეღარ ვაკონტროლებ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ გარშემო მყოფებისთვის საშიში ვარ. როდესაც ჩემი ოჯახის წევრები ფულის მოცემაზე უარს მეუბნებიან, შეურაცხადი ვხდები. ჩემი და იძულებული გავხადე, სახლიდან წასულიყო, ნათესავებთან ცხოვრობს...

- ფსიქოლოგისთვის არასოდეს მიგიმართავს?
- არა. ბევრჯერ გადავწყვიტე, მაგრამ ფული ვერ გავიმეტე - ფსიქოლოგისკენ მიმავალმა კაზინოსკენ გადავუხვიე. ვერ ვიტან ფრაზას: "წააგე ხომ?!" - ყველა მოთამაშემ ვიცით, რომ ვერასოდეს ვიქნებით მოგებული, თუმცა მაინც გვაქვს იმედი, იქნებ ის გამონაკლისი მე ვიყო, ვისაც რეკლამისთვის მოაგებინებენ... ეს ფიქრები არ მაძლევს ამ აზარტის დამარცხების საშუალებას.

მძულს საკუთარი თავი, ყველა მოთამაშე და ყველა ადამიანი, ვინც ჩვენნაირი გაუბედურებული ხალხის ხარჯზე მდიდრდება და ამ სიბინძურეს ბიზნესს ეძახის. მოთამაშეებად არ იბადებიან, მოთამაშეები ხდებიან... ახლა გულს ვიოხებ, თქვენ მისმენთ და არ მკიცხავთ. ნაცნობები, მეგობრები, ნათესავები, ოჯახის წევრები მუდმივად მსაყვედურობენ. მე საყვედური არ მინდა, ჩემზე უკეთ არავინ იცის, რა საშინელ არსებად ვიქეცი.

ახლა მხოლოდ დროს ველოდები, რომ დავბერდე და მოვკვდე. რა ფასი აქვს ჩემს სიცოცხლეს? ძალიან გთხოვთ, ჩემო თანატოლებო, უფროსებო და უმცროსებო, არ აჰყვეთ ცდუნებას, არასოდეს გაუსინჯოთ გემო აზარტულ თამაშებს. პირველი ვიზიტი სათამაშო დაწესებულებაში სამუდამოა. იქიდან გამოსული არავინ ვიცი...

ჩემი ისტორია გაიხსენეთ, მე ის კაცი ვარ, რომელიც კიბოიან მამას ვკლავ, დედას ჯოჯოხეთურ შრომაში ვუღებ ბოლოს, ცოლ-შვილს კი ცხოვრებას ვუნგრევ - ამაზე მეტი სასჯელი რა უნდა მქონდეს?

P.S. მისი არც გვარი ვიცი და არც მისამართი, მაგრამ სასოწარკვეთილი თანატოლის გამოუვალმა მდგომარეობამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა აზარტული თამაშებით გამოწვეულ უმძიმეს და გახშირებულ შედეგებზე. ხშირად ვისმენთ, იმან წააგო, იმან თვითმკვლელობა სცადა, იმან თამაშისთვის მოიპარა, იმან ოჯახი გააღატაკა... ისინი ბევრი არიან, იმაზე მეტი, ვიდრე წარმოდგენა შეგვიძლია. დღეს მოთამაშეების უფლებებზე საუბრობენ, თამაშის ლეგიტიმურ უფლებაზე, თუმცა მოთამაშის მიერ დაზარალებულთა უფლებები ყურადღების მიღმა რჩება... ფაქტი ერთ სურათს ხატავს - აზარტული თამაშებით გატაცებულ ათასობით ადამიანს შველა სჭირდება.

თორნიკე ყაჯრიშვილი
მერი
22 სექტემბერი 2018 20:30
მაგ აზარტულმა თამაშებმა 60 წლის ნაშრომი სახლ-კარი და თუ რამე მებადა დამიკარგა--შვილი აიყოლიეს არაკაცებმა და სიბერე გამიმწარეს!!მეც უცხოეთში ვარ და რაც ვგზავნე ისიც ზედ მიაყოლა!!ვეღარ ჩამოვდივარ --ქუჩაში ხომ ვერ ვიცხოვრებ!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები