სტავროპოლის ოლქში მოძრავი ავტობუსისა და "კამაზის“ შეჯახების შედეგად საქართველოს მოქალაქეებიც დაშავდნენ - კვირის პალიტრა

სტავროპოლის ოლქში მოძრავი ავტობუსისა და "კამაზის“ შეჯახების შედეგად საქართველოს მოქალაქეებიც დაშავდნენ

რუსეთში, სტავროპოლის ოლქში თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სარეისო ავტობუსისა და "კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. ამის შესახებ "ინტრეპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელია დაღუპულთა ვინაობა და მოქალაქეობა. როგორც უწყებაში აცხადებენ, საკონსულო სტავროპოლის საგანგებო დავალებათა სამსახურთან ხაზზეა.

„სტავროპოლის ოლქში თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავ ავტობუსში, რომელიც ავტოავარიაში მოჰყვა, 42 მგზავრი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა 18 ადამიანი, გარდაიცვალა 2. ამ ეტაპზე გარდაცვლილთა მოქალაქეობა ზუსტდება. საკონსულო ხაზზეა იქაურ საგანგებო დავალებათა სამსახურთან. დაშავებულთა ნაწილი გადაყვანილია პიატიგორსკში, ნაწილი - ახლომდებარე დაბაში“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსეთში, სტავროპოლის ოლქში თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სარეისო ავტობუსისა და „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სულ ავარიის მომენტში ავტობუსში 2 მძღოლი და 40 მგზავრი იმყოფებოდა. დაიღუპა 2 ადამიანი. 9 დაშავებული, მათ შორის 2 ბავშვი გადაყვანილია ქალაქ ნევინომისკის საავადმყოფოში, 8 ადამიანი კი, მათ შორის 3 ბავშვი - ქალაქ პიატიგორსკის საავადმყოფოში. დანარჩენ მგზავრებს დანიშნულების ადგილამდე სპეციალურად გამოგზავნილი ავტობუსი მიიყვანს.

სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი