"ძალიან მძიმედ იყო ბოლოს, მარტოსულად, ყველასგან მიტოვებულად გრძნობდა თავს" - რა გახდა ზუზუს დაღუპვის მიზეზი? - კვირის პალიტრა

"ძალიან მძიმედ იყო ბოლოს, მარტოსულად, ყველასგან მიტოვებულად გრძნობდა თავს" - რა გახდა ზუზუს დაღუპვის მიზეზი?

მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის გარდაცვალებას ყველა განიცდის. იგი დოლიძის ქუჩაზე, კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი ნახეს. ღამით შინ დაბრუნებულმა ერთ-ერთმა მცხოვრებმა ლიფტი გამოიძახა, მაგრამ არ ჩამოვიდა და ფეხით აუყვა კიბეს. მესამე სართულზე, ნახევრად გაღებულ ლიფტში, მსახიობი ეგდო. თვითმხილველმა მისი გადარჩენა სცადა, ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა, "სასწრაფოც" გამოიძახა, თუმცა - უშედეგოდ, ზუზუ უკვე გარდაცვლილი იყო...

სამართალდამცავებმა ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. დადგინდა, რომ მსახიობი იმ კორპუსში სტუმრად იყო. უკვე დაჰკითხეს მისი მასპინძელიც, თუმცა უცნობია, რა ჩვენება მისცა მან გამოძიებას. ჯერჯერობით არ გაცხადებულა გარდაცვალების ზუსტი მიზეზიც. საზოგადოებაში რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთი ვერსიით, მსახიობს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა. ამბობენ, რომ ბოლო დროს დეპრესიაში იყო და ფსიქოტროპულ წამლებს იღებდა. მეორე ვერსიით, სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკი გახდა. ფაქტზე გამოძიება გრძელდება. ალბათ, ექსპერტიზის დასკვნა მალე გახდება ცნობილი. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მომხდარით შეძრული არიან მსახიობის მეგობრები და ახლობლები. ზუზუს საკუთარი ჭერი არ ჰქონდა და თურმე ამას ძალიან განიცდიდა. ნაქირავებ ბინაში დედასთან ერთად ცხოვრობდა. სწორედ იქ მიასვენეს მისი ცხედარი.

"ცოტა ადრე რომ ენახათ, მიუსწრებდნენ. თურმე პულსი უცემდა"

დღეს ყველაზე მეტად ზუზუს დედას სტკივა. ქალბატონმა ციალამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შვილი სახლში ეგონა. გვიან ნახა, რომ ბინიდან გასული იყო.

"რომ მოვედი, მეგონა, ეძინა. რაღაცაზე გავედი ოთახში და არ იყო... ეტყობა, ვინმემ დაურეკა. რა მოხდა, არ ვიცი. ცოტა ადრე რომ ენახათ, მიუსწრებდნენ, თურმე პულსი უცემდა. არ ვიცი, დოლიძეზე ვინ ცხოვრობს. შეიძლება გული გაუსკდა... რაღაც პრეპარატს იღებდა... ნერვების პრობლემა ჰქონდა..."

"ახლა რას არ იტყვიან შენზე, ჩემო კეთილო ადამიანო ,- იკეთებდაო, თავი მოიკლაო..."

40 წლის მსახიობის მეგობრები ზუზუს გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევას ასახელებენ. სოციალური ქსელი აჭრელებულია ტკივილიანი წერილებით.

"დილით გავიგე შენი შორს წასვლის ამბავი. ადგილზე გავიყინე, სისხლი გამიჩერდა, ჩემო პოზიტიური მეგობარო... როგორ მისმენდი, როგორ გისმენდი... მარიგებდი, მეხმარებოდი, მამხიარულებდი... ვეხმარებოდით ერთმანეთს ბოროტი ხალხის ამოცნობაში. როგორ ვცდილობდით, მაინც მხიარულები ვყოფილიყავით და "ფაბრიკისკენ" ფეხით მივუყვებოდით ღიღინ-ღიღინით. მენატრება შენი სიცილი. ახლაც ყურებში ჩამესმის. უმაგრესი გული გქონდა, ზუზუ, უმაგრესი მეგობარი იყავი. მიჭირს მოსვლა შენთან, ბოლოჯერ რომ გნახო. რამდენ რამეს ვგეგმავდით, რამდენი რამე უნდა გაგვეკეთებინა. ახლა რას არ იტყვიან შენზე, ჩემო კეთილო ადამიანო - იკეთებდაო, თავი მოიკლაო... ეს არის ჩვენი ქვეყანა... გახსოვს, ეს რამდენჯერ განგვიხილია? მიყვარხარ, ზუზუ, ჩემთვის სულ უმაგრესი ადამიანი იქნები. მომენატრები ძალიან", - წერს ერთ-ერთი მეგობარი.

"მძულხართ ყველა, ვისაც მისი დახმარება შეეძლო და არ დაეხმარა"

ემოციური პოსტი დაწერა განო მელითაურმაც, რომელიც მეგობრის სიკვდილში სხვებსაც ადანაშაულებს: "ზუზიკ, მე ბაკურიანში ვარ ბავშვებით... ლიფტში გაგიშეშებია წამი... ბოლოს რომ გნახე, მივხვდი, დაღლილი იყავი. სულ მეფიქრებოდა, ვაითუ, ვეღარ გაუძლოს-თქო... ნუ გეშინია - ჩვენები გელოდებიან, გულში ჩაგიკრავენ, ლამაზ სახლში წაგიყვანენ, სადაც არ არსებობს დრო და მატერია, ქირის თანხა, შეუსრულებელი როლები და ბოროტი, უგულო, შურიანი და ზერელე ადამიანები! იქ ერთი დიდი სივრცეა ქარიზმატული გულებისთვის და აბა, შენ იცი, სისულელეების ჩადენაში ტოლი არ დაიყენო!.. მაპატიე, რომ ვერ გადაგარჩინე, ვერ დაგეხმარე რეალიზებაში, რადგან ეს ერთადერთი იყო, რაც გულით გინდოდა. სხვა ყველა ცუდი შენი უდიდესი ტალანტის "ციხეში ჩასმის" ბრალი იყო... მაპატიე, ბოლო გზა" და სახალხო დატირება აღემატება ჩემს ძალებს, მანდ ვერ დაგინახავ... მე შენ ცოცხალი მემახსოვრები, დროებით, ცისფერ ბურთში, მეგობარო... უკვე ძალიან დავცოტავდით... მძულხართ ყველა, ვისაც მისი დახმარება შეეძლო და არ დაეხმარა. რეჟისორები, განსაკუთრებით ისინი, "პერფექტობას" რომ თამაშობთ და ნახევარი თბილისი რომ ჩაალპეთ "ბიოში". უგულოები და უმრწამსოები ხართ!.. უნამუსოები ხართ ყველა ტელევიზია და პროდიუსერი, ვისაც ელემენტარული სამსახურის მიცემა შეგეძლოთ და არ მიეცით იმ მოტივით, რომ ხასიათი არ ჰქონდა კარგი... ჰქონდა პრობლემები და ეს პრობლემები იმის გამო ჰქონდა, რომ "დაატყვევეთ" და გაჭირვებაში ამოხადეთ სული! ყველა მისი ნათესავი და შეძლებული ამხანაგი დღეს მოჩვენებით ცრემლებს ღვრის. ჩვენ ვაკეთებდით ყველაფერს, რაც შეგვეძლო ამ რეალობაში. მე სიყვარულის და დარიგებების გარდა აღარაფერი შემეძლო მნიშვნელოვანი მისთვის მიმეცა ბოლო პერიოდში, რადგან ჩამოვშორდი კინოს, ტელევიზიას და ყველაფერს, რაც წინა ცხოვრებას გამახსენებდა! როგორ ვერავინ მოვიცალეთ შენთვის...

პ.ს. ნინი დედალამაზიშვილი, ძალიან მიყვარხარ - ბევრი მცდელობა გქონდა და ნამდვილი მეგობარი იყავი ზუზუსთვის...!"

"ბოლოს ისე ცუდად იყო, გულის შეტევას არ გამოვრიცხავ"

ნინი დედალამაზიშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც ზუზუმ ბოლოს დაურეკა და მოიკითხა. ნინიმ ბათუმში შეიტყო მეგობრის გარდაცვალების ამბავი.

"ბოლოს მე დამირეკა. ჩვეულებრივი ზარი იყო, მოკითხვის. არაფერი შემიმჩნევია. როდის ჩამოდიხარო, მკითხა. ასეთი ზარები ყოველდღიური იყო ჩვენ შორის. რომ ველაპარაკე, სიმთვრალეც ვერ შევატყვე. ფხიზელი იყო. ბოლოს თავისი მობილური აღარ ჰქონდა, დედამისის ტელეფონით გვირეკავდა. ისე ცუდად იყო, გულის შეტევას არ გამოვრიცხავ. არ ამბობდა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. უბრალოდ, ხასიათი ჰქონდა ისეთი, თავის ყველაზე დიდ ტრაგედიასაც კი იუმორით ჰყვებოდა. ჯერ შოკში ვარ. ახლა რასაც ვუყურებ სოციალურ ქსელში, ეს სიყვარული თავის დროზე რომ ენახა, დარწმუნებული ვარ, დეპრესიის მსგავსიც არ ექნებოდა არასდროს. ძალიან მძიმედ იყო ბოლოს, მარტოსულად, ყველასგან მიტოვებულად გრძნობდა თავს. ერთი ზარიც კი საკმარისი იყო, კარგად ყოფილიყო. სიყვარული უნდოდა მხოლოდ".

"თუ ეს ნარკოტიკს უკავშირდება, არ შეიძლება გაჩუმება!"

ლიკა ყაზბეგი, დიზაინერი: - 20 წელზე მეტია, მე და ზუზუ ვმეგობრობთ. ბევრს, ალბათ, არც ახსოვს, ოდესღაც მოდელობდა კიდეც. მაშინ ასეთი პოპულარული არ იყო. ახლაც თვალწინ მიდგას, რა ეცვა ჩემს ჩვენებაზე... ძალიან თავმდაბალი, კარგი მეგობარი იყო. საკმარისი იყო, რამე გეთხოვა, მაშინვე გეხმარებოდა, გვერდით გედგა. არასდროს არავის აყენებდა ზიანს. უთბილესი ბიჭი დავკარგეთ.

ბოლო დროს ძალიან სევდიანი იყო. მის ნათესავს ველაპარაკე. მასთან ხშირად მიდიოდა და ამბობდა თურმე, დავიწყებული ვარო. არადა, ამდენ ადამიანს უყვარდა, ამდენი ადამიანი ირეოდა თითქოს მის გვერდით, მაგრამ მაინც მარტო იყო. ძნელია, ადამიანის გარდაცვალებაში ვიღაც დაადანაშაულო, მაგრამ ძალიან განიცდიდა თავის ფინანსურ მდგომარეობას. იმას, რომ ღია ცის ქვეშ დარჩა. ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა დედასთან ერთად. ძალიან კარგი ძმა ჰყავს ზუზუს. Oოჯახს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, რადგან მშენებარე სახლის ფული წლების წინ თაღლითი ქალის გამო დაკარგეს - ბინის ფული წაიღო და არ აუშენა. ძალიან კარგი დედა ჰყავს, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა. Aარავინ იცის, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი და ყველა ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. გავრცელდა ხმა ნარკოტიკთან დაკავშირებით, მაგრამ არ ვიცი, ასე იყო თუ არა. ზუზუ არ მალავდა ამ პრობლემას, ან რა აზრი ჰქონდა - ამ პატარა ქალაქში ყველამ ყველაფერი იცის. ხშირად სვამდა. დარწმუნებული ვარ, მისი ნიჭი რომ დაეფასებინათ, ასეთი სევდიანი არ იქნებოდა... თუ ეს ამბავი ნარკოტიკს უკავშირდება, არ შეიძლება ამაზე გაჩუმება! ვიღაცა ხალხს წამლავს და ამას მიხედვა სჭირდება! ყველამ უნდა ავიმაღლოთ ხმა! ერთი ის ვიცი, რომ კარგი შვილი დაკარგა ქვეყანამ, ნიჭიერი და წარმატებული მსახიობი. ბევრ სერიოზულ ფილმშიც გადაიღეს და ეს უხაროდა. ერთხელ დროულად ვერ ჩაფრინდა მოსკოვში გადაღებაზე და ამის გამო მოხსნეს როლიდან. ყველას გვტკივა ზუზუ.

"კვირის პალიტრა" უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს

იხილეთ ფოტოგალერეა

თეა ხურცილავა