სამარხილე ბიზნესი ანუ ბორჯომული ნოუ-ჰაუ - კვირის პალიტრა

სამარხილე ბიზნესი ანუ ბორჯომული ნოუ-ჰაუ

"აბა, რას გვიბრძანებენ, ხალხმა პურის ფული როგორ იშოვოს?! ძაღლები კი არა, მალე ხალხი შეისვამს ტურისტებს ზურგზე და გაარბენ-გამოარბენინებს"

ამ დღეებში ბორჯომიდან ერთ-ერთმა დამსვენებელმა სოციალურ ქსელში გართობის ისეთი ფოტოები გაავრცელა, გაოცებისაგან ლამის ენა "გადავყლაპე". ბორჯომში გადაღებულ ფოტოებზე მარხილში შებმული ოთხი ძაღლი გვარიანად მოსულ მამაკაცს ენაგადმოგდებული მიაქროლებს. "სიუჟეტით" გაოგნებული დამსვენებელი ცხოველთა უფლებების დამცველებს გამოფხიზლებისაკენ მოუწოდებს და აღშფოთებული წერს: "თუ გული არ გამისკდება, არ მგონია: ორ ადამიანს რაღაც ბორბლებიან მანქანაზე შებმული ჰყავს საცოდავი ძაღლები და ტურისტებს დაატარებენ, - ერთი წრე 50 ლარი. ძაღლები საშინელ მდგომარეობაში არიან: წკმუტუნებენ, ყმუიან, სტკივათ. ბევრი ვეცადე, ამეხსნა, რომ ეს არაადამიანური უფლებადარღვევაა, მაგრამ ყურადღება არ მომაქციეს, არადა, ამ სურათის შემხედვარე, გავნადგურდი".

ამ ფაქტმა ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებიც აღაშფოთა, თუმცა საქართველოში ჯერჯერობით არ არსებიბს კანონი, რომელიც ამ ძაღლების პატრონებს "ჰუმანურ" საქმიანობას აუკრძალავს.

მოკლედ, ერთმა "საზრიანმა" ბორჯომელმა საქმე წამოიწყო: ალბათ, ბორბლები ბავშვის ეტლს ააგლიჯა, სკამები - სკვერებში ჩამობმულ საქანელებს და მარხილიც გააშანშალა. ძაღლები კურტნის აკიდებაშიც ავარჯიშა და სამარხილე ბიზნესიც გამართა. მარხილით "კატაობის" ათასი ჯურის მსურველი კი ყოველთვის მოიძებნება...

მოკლედ, ცოტა ფიქრის შემდეგ ბორჯომული მარხილის პატრონების მოძებნა გადავწყვიტე და რამდენიმე ბორჯომელი შევაწუხე. ბოლოს მარხილის პატრონების ნაცნობიც გამოვძებნე, რომელიც ინკოგნიტოდ საუბარზე დავითანხმე, თუმცა ისიც მითხრა, - რაც ცხოველების დამცველებმა შეუტიეს, ცოტა ხანს შეაჩერეს მუშაობა, მაგრამ მალე ისევ გამოჩნდებიანო.

- ბორჯომის რომელ ნაწილში მუშაობენ? - ძველი პოლიკლინიკის სკვერში. ეგ სკვერი ცოტა მოუვლელია, ძველი პოლიკლინიკის ნანგრევებიც ისევ ისეა, მაგრამ აქ გზა სოფელ სადგერისკენ მიდის და მარხილიც მაგ გზაზე "დაკატაობს". 450-მეტრიან წრეზე სირბილი 50 ლარი ღირს. სულ ეგ არის მაგ მარხილის ამბავი...

აბა, რას გვიბრძანებენ, ხალხმა პურის ფული როგორ იშოვოს?! ძაღლები კი არა, მალე ხალხი შეისვამს ტურისტებს ზურგზე და გაარბენ-გამოარბენინებს. ერთი კარგად მიათვალ-მოათვალიერეთ, ბორჯომში რამდენი ბავშვი მუშაობს - ერთბორბლიან ხის "კანოკებს" საკუთარი ხელით აკეთებენ და დამსვენებლებს კაბებზე ეკონწიალებიან, პატარები გაასეირნეთო.

- ცუდი არ არის, რომ ბავშვი შრომას სწავლობს, მაგრამ ზაფხულის სიცხეში ძაღლით 100-კილოიანი ტურისტები რომ არბენინო, ცხოველთა დამცველობა არ სჭირდება მათ შეცოდებას - საწყლები, ამ ხვატში ენაგადმოგდებული ქოშინებენ... - მაშინ სიცხეში ყველა ძაღლს მარაო უნდა ვუქნიოთ გასაგრილებლად! პირველად ნახეთ, რომ სიცხეში ძაღლი ქოშინებს? ყველა ქუჩის ძაღლი სიცხეში ჩრდილში შედის ენაგადმოგდებული. ვიდარდოთ, აბა, ყველა!

- ასეთი "ყოჩაღები" ბორჯომში სხვებიც არიან? ალბათ, მათ სხვებიც მიჰბაძავენ, რადგან მარხილით გასეირნება ახალი ბიზნესია... - ჯერჯერობით ბევრნი არ არიან, მაგრამ თუ მოინდომეს, გაჩნდებიან. ზამთარში მარხილი თოვლზე ისრიალებს და იმედია, მაშინ მაინც არ გამოეკიდებიან უკან!

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით "ცხოველთა უფლებების კომიტეტის" თავმჯდომარეს, თინათინ ჭავჭანიძეს:

- ბორჯომში ცხოველების არაეთიკური მოპყრობის ეს ფაქტი ჩვენთვის ცნობილია. ეს არის შინ ბინადარი ცხოველების გასართობად გამოყენების მორიგი ფაქტი, რომლის მსგავსი არა მხოლოდ ბორჯომში, საქართველოს სხვა ქალაქებშიც ხდება. მიზეზი ერთია: არ არსებობს კანონი, რომელიც შინ ბინადარი ცხოველების გასართობად გამოყენებას აკრძალავს, შესაბამისად, არ არსებობს აკრძალვის მექანიზმი. აღსანიშნავია, რომ ამ მიზნით კანონპროექტი ცხოველების დამცველმა სამმა ორგანიზაციამ ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში შევიტანეთ, თუმცა, კანონი ჯერაც არ მიუღიათ. ეს საქციელი შეგვიძლია შევაფასოთ არაეთიკურად, არაცივილიზებულად. ცხადია, ალასკის ყინულოვანი პირობებისთვის გამოყვანილი ძაღლის ბორჯომის სკვერში მარხილში შებმა მიუღებელია - მისი ამ მიზნით გამოყენება მხოლოდ ზამთარშია დაშვებული. ასეთ დროს მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ამ ფაქტს გააპროტესტებს. ბოლოს და ბოლოს, მცირე ბიზნესი შეგიძლია ხაჭაპურის გაყიდვითაც აწარმოო.

ეთერ ერაძე