კლავდიუსი საკუთარ იმპერატორობას დასცინოდა - კვირის პალიტრა

კლავდიუსი საკუთარ იმპერატორობას დასცინოდა

ახალი წელთაღრიცხვის 41 წელს რომში კალიგულა მოკლეს. მისი ნათესავებისგან მხოლოდ ბიძა კლავდიუსი გადარჩა, რომელიც ფარდის იქით დამალული ელოდებოდა

სიკვდილს, მაგრამ... პრეტორიანელებმა მისთვის მოულოდნელად ხელში აიტაცეს, ტახტზე დასვეს, რომის ქუჩებში ჩამოატარეს და მოსახლეობას ახალი იმპერატორის ზეობის დაწყება ამცნეს.

ეს ფარსი იყო. კლავდიუსი მახინჯი გახლდათ, წვრილი ფეხებითა და უზარმაზარი ტანით, მოხრილი ვიწრო მხრებითა და დიდი მოქანავე თავით მუდამ დაცინვის საგანი იყო.

ეს კიდევ არაფერი, ჭკუანაკლულადაც თვლიდნენ და მაღალ საზოგადოებაში გამოჩენასაც კი უკრძალავდნენ. ისე, არც თავად გამოუდვია თავი, გინდა თუ არა რომის რჩეულ საზოგადოებაში უნდა ვიტრიალოო. იჯდა თავისთვის და ჟინს მწერლობით იქარვებდა. სხვათა შორის, არცთუ სახუმარო თემებს იყო შეჭიდებული: დაწერა "ეტრუსკების ისტორია", "რომის რესპუბლიკის ისტორია", ამას "ავტობიოგრაფიაც" მიაყოლა.

მოულოდნელად გაიმპერატორებულ კლავდიუსს არაფერი ეშველა. ძალიან სასაცილო იყო რომის ფორუმის სასამართლო სხდომაზე მნიშვნელოვანი საქმის განხილვისას რომ ჩაეძინებოდა ხოლმე. კლავდიუსის ხვრინვა დამსწრეთა ჰომერულ ხარხარს იწვევდა. ამაზე კლავდიუსი არც ბრაზობდა, ის კი არა, თავადვე დასცინოდა თავის იმპერატორობას.