"არაკაცი ვარ... კიბოიან მამას ვკლავ, დედას ჯოჯოხეთურ შრომაში ვუღებ ბოლოს, ცოლ-შვილს ცხოვრებას ვუნგრევ" - კვირის პალიტრა

"არაკაცი ვარ... კიბოიან მამას ვკლავ, დედას ჯოჯოხეთურ შრომაში ვუღებ ბოლოს, ცოლ-შვილს ცხოვრებას ვუნგრევ"

გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს 34 წლის ლუდომანის უმძიმეს ისტორიას. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

34 წლის დათო რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე საბურთალოზე, ერთ-ერთ კაზინოსთან გავიცანი. გაცნობაც არის და გაცნობაც - იმ ადგილას მაშინ ჩავიარე, როცა უცნობი მამაკაცი თავის თავს ხმამაღლა ესაუბრებოდა უცნაური ჟესტიკულაციით, არაადეკვატურად იქნევდა ხელებს. დახმარება შევთავაზე... რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ მორიდებით 3 ლარი მთხოვა, სახლამდე როგორმე უნდა მივიდეო. მოკლედ, ჩემი ახალი ნაცნობი ლუდომანი აღმოჩნდა.

დათო: - დღესაც არ გამიმართლა, წავაგე. ამის გადამკიდემ, ცხოვრება წავაგე. ყველაზე საშინელი ის არის, რომ ვაცნობიერებ ჩემს მდგომარეობას და მაინც უძლური ვარ. შინ მამა მყავს ონკოლოგიური ავადმყოფი, გასულ წელს სიმსივნის მესამე სტადია დაუდგინდა. ყელზე ოპერაცია გავუკეთეთ და ლაპარაკი აღარ შეუძლია.

დედამ საბერძნეთიდან ფული გამოგზავნა წამლების საყიდლად და ის თანხა წავაგე - დედაჩემის ნაშრომი, ღამეების თევის ფასად შეკოწიწებული, მამაჩემის წამლის ფული.

დედა მეშვიდე წელია იქ არის. ამ ხნის განმავლობაში არ მინახავს და, ალბათ, ვერც ვერასდროს¬ შევხედავ¬ თვალებში. არაკაცი ვარ, აბა, რა?! უცხოეთში გადახვეწილი ვიღაც მოხუცს უვლის, რომ ჩვენ აქ არაფერი მოგვაკლდეს.

- ეს როდის დაიწყო?

- 16 წლიდან ამ დღეში ვარ. თავიდან მეგონა, თამაშზე დამოკიდებული არ გავხდებოდი. ვფიქრობდი, ვერთობი-მეთქი. ამ ჭაობმა როგორ ჩამითრია, ვერ გავაცნობიერე.

...

დაუსრულებელმა მოგების წყურვილმა შვილებზეც კი უარი მათქმევინა. ორი გოგონა მყავს, პატარები არიან. მე რა კაცი ვარ, შვილებს ლუკმას ვაცლი... ბევრჯერ მიცდია თავის დაღწევა, მაგრამ ყოველთვის აზარტი იმარჯვებს.

...

მე ის კაცი ვარ, რომელიც კიბოიან მამას ვკლავ, დედას ჯოჯოხეთურ შრომაში ვუღებ ბოლოს, ცოლ-შვილს კი ცხოვრებას ვუნგრევ - ამაზე მეტი სასჯელი რა უნდა მქონდეს?

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "მაპატიეთ ყველამ, ვინც მიცნობდით და გიყვარდით"

თორნიკე ყაჯრიშვილი