"არ ვიცი, რა­ტომ არ გა­მენ­დო მე მის დე­დას, რა­ტომ არ მითხრა გა­სა­ჭი­რი" - რას წერს დედა 16 წლის გოგონასი, რომელიც შანტაჟს ემსხვერპლა? - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, რა­ტომ არ გა­მენ­დო მე მის დე­დას, რა­ტომ არ მითხრა გა­სა­ჭი­რი" - რას წერს დედა 16 წლის გოგონასი, რომელიც შანტაჟს ემსხვერპლა?

ქალი, რომლის 16 წლის შვილმა შანტაჟის გამო თავი მოიკლა, "ფეისბუკზე" წერს, რომ გოგონას, სავარაუდოდ, ხალხის აზრის შეეშინდა, რადგან ოჯახს არასოდეს უმალავდა რამეს.

"ნატას უბედური დედა გპასუხობთ ხალხო... მე არც გული, არც ენერგია მაქვს ყველას გიპასუხოთ, მაგრამ ყველა თქვენთაგანის კომენტარს ვკითხულობ მაშინ, როცა ყველას ტკბილი ძილით გძინავთ! დიდი მადლობა მათ, ვინც ჩემი უსაზღვრო ტკივილი გაიზიარა, ასეთი ძალიან ბევრი ხართ. არ გაბედოთ ვინმემ და ნატას სული მცდარი აზრებით არ შეაწუხოთ, ის უკიდურესად სუფთა სულის ბავშვი იყო, ბავშვი იყო გამოუცდელი და კაციჭამია, სისხლისმსმელმა ვამპირმა შეაშინა... არ ვიცი, რატომ არ გამენდო მე მის დედას, მე მის მეგობარს, მე მის სათაყვანოს... რატომ არ უთხრა მისი გასაჭირი მის უბედურ მამას, რომელსაც არაფერს უმალავდა არასოდეს.... მას ხალხის აზრის შეეშინდა ალბათ თორემ, არ არსებობდა საქციელი, რომელსაც მისი ოჯახი ვერ გაუგებდა... ის ჩემი სიცოცხლე, ჩემი სუნთქვა და ჩემი ცხოვრების აზრი იყო და ეს კარგად იცოდა... ნუ ილაპარაკებთ ჩვენს დედაშვილობაზე, თუკი არ გვიცნობთ! მე თქვენთან ბრძოლის თავი არ მაქვს, ვისაც შეგწევთ ძალა დამეხმარეთ და ნატას სულის გადარჩენაზე ლოცვაში დამეხმარეთ. ის ჩემი ანგელოზი იყო და იცოდეთ უამრავი ადამიანი იხსნა მსგავსი გასაჭირიდან..." - წერს სოციალურ ქსელში თამუნა ძნელაძე.

ნატას წერილი:

"დედი! ჩემო კარგო, მინდა აქედანვე ბოდიში მოგიხადო იმაზე, რაც გავაკეთე...

არასდროს გიჯერებდი არაფერში, ყოველთვის ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც მე მინდოდა და აი, მანდ ვცდებოდი სულ. მაფრთხილებდი, რომ არ მიმეწერა ბიჭებზე და ასე შემდეგ. მაგრამ მე არ გიჯერებდი. ჰოდა, მოკლედ, ვწერდი ერთს გიორგი ჰქვია და ისე დავახლოვდით და შევეჩვიე, მომავალზეც კი ვილაპარაკეთ. მაგრამ, რაღაც დროის შემდეგ, გავიგე, რომ თურმე ის არ ყოფილა, ვინც მეგონა... თურმე, მისი ძმაკაცი მწერდა იმის ფეისბუკიდან. ნომერზეც ის მელაპარაკებოდა და ასე გამასულელეს. სიმართლე თვითონ ამ გიორგის ძმაკაცმა მითხრა. სიმართლის გაგების შემდეგ თვითონ გიორგიმ მომწერა და მითხრა, თუ იმას არ გავაკეთებდი, რასაც მეტყოდა ჩვენს ესემესებს დასქრინავდა და შენ და მამიკოს გამოგიზნავიდათ. მაგას კი ვერ დავუშვებდი და დავთანხმდი... ძალიან ბევრი საზიზღრობა ვიდეო გადამაღებინა და გამაგზავნინა. შემდეგ ამ ვიდეოებით დამიწყო შანტაჟი.... ეს დღეები რა გამოვიარე იმას ვერავინ ვერ გაიგებს, დედა. აი, შენ კი ვერ გამიგებ ვიცი. საკუთარი ხელით დავიღუპე თავი, მაგრამ ვერაფერს შევცვლი. შენგან იმ სიტყვების მოსმენას - რომ გრცხვენია შენი შვილი რომ ვარ, მირჩევნია მოვკვდე. ასე სიცოცხლე აღარ შემიძლია, დავიღალე, მინდა იმ ავადმყოფს მოვშორდე.

ვიცი, ჯოჯოხეთი არ ამცდება. მაგრამ, მირჩევნია, ეშმაკებმა დამიგლიჯონ სული, ვიდრე ცოცხალი ვიყო და ისე ვიტანჯო. გთხოვ, მაპატიე. მაპატიე, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ და არა შენზე.

გთხოვ, ნუ მიტირებ. მე შენი ერთი ცრემლის ღირსიც არა ვარ.

მერწმუნე, ასე უკეთესია. მე რომ თქვენს ცხოვრებაში აღარ ვიქნები. დრო გავა და შენი ტკივილიც შემსუბუქდება. არ გეგონოს, რომ ეს დასასრულია. პირიქით, ეს დასაწყისია ცხოვრების, ცხოვრების, რომელშიც მე არ ვიქნები.

გახსოვდეს დე! ყველაზე მეტად მიყვარხარ და სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.

გევედრები, მაპატიე ჩემი ეს საქციელი და გახსოვდეს, რომ ძალიან მიყვარხარ. ილოცე ჩემი სულისთვის.

მშვიდობით..."

გურიაში მომხდარ თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული მ.თ., თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნ.ბ. სოციალური ქსელის - „ფეისბუქის“ საშუალებით გაიცნო. მ.თ.-ს გოგონასთან გარკვეული დროის განმავლობაში, ამავე ქსელის მეშვეობით მიმოწერა ჰქონდა. მოგვიანებით, ბრალდებული ნ.ბ.-ს აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა. მას შემდეგ, რაც ნ.ბ.-მ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, ბრალდებულმა გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.