მივალ გურიაში, მარა... - კვირის პალიტრა

მივალ გურიაში, მარა...

გურია რომ მიყვარს, ტყუილია! ერთხელ, პატარაობაში, ზაფხულზე, დედაჩემის ბიძაშვილთან დათიკო ბიძიასთან ჩავედით დასასვენებლად. მთიანი გურია, ხუჭუჭი ბუნება, მწვანეში ჩაფლული, ფერდობზე შეპარული ეზო, მეზობლებისას აქეთ-იქიდან ალმაცერად რომ ებმება...

ხეზე ჯერაც მკვახე ადესა, ღობეზე დაბალი კიბე - ალაგე, აივანზე გასახმობად დაკრული ტყლაპი, რომელსაც სხვა ზაფხულებისა რა მოგახსენოთ და იმ ზაფხულს გახმობამდე მისვლა არ ეწერა.... მასპინძლები სიხარულით შემოგვეგებნენ, აი, ძაღლმა კი თავიდან ეჭვის თვალით შემოგვხედა, შემდეგ "პაუზა დაიჭირა" და ცოტა ხნის მერე დარბაისლური ზლაზვნით მოგვიახლოვდა - ძაღლური ღირსების ამბავი იყო, პირდაპირ კუდის ქიცინით ხომ არ მოცუნცულდებოდა, თორემ, რა თქმა უნდა, თავიდანვე მიხვდა მისი ჭკუისა, რომ ჩაუვედი.

უფროსებმა ჩვენი ბარგი მეორე სართულზე აიტანეს და სამზარეულოში ჩავიდნენ. მე ძაღლს ვეთამაშებოდი. ასე, თხუთმეტი-ოცი წუთი რომ გავიდა, დედამ სამზარეულოდან გამოიხედა და დამიძახა:

- ილიკო, მოდი, ვისადილოთ.

- მოდი, ილიკო, ბიძია, მოდი! - დაიძახა დათიკომაც და... ილიკო მოდიო!... ძაღლი ადგილს რომ მოსწყდა, ვინ იყო იმის დამწევი. თურმე, ამ ჩემი ცოდვით სავსესაც ილიკო ერქვა.

მერე გავარკვიეთ, რომ დათიკო ბიძიასთვის მეზობელს ლეკვი უთხოვია, დათიკოს უჩუქებია და იმასაც, მჩუქებლის პატივსაცემად, მისი სახელი დაურქმევია. ჰოდა, აბა, ასეთ ვალში დარჩენა როგორ იქნებოდა. სჭირდებოდა თუ არ სჭირდებოდა, ერთი ლეკვი დათიკო ბიძიამაც დაიტოვა (თუ, მერე საგანგებოდ შეიძინა,  ეგ აღარ ვიცი) და, რასაკვირველია, ილიკო დაარქვა. აი, ასე გავატარეთ ის ზაფხული მე და ილიკომ. ვინმე ჩვენს სახელს რომ დაიძახებდა, ორივენი გავრბოდით და იქღა ვარკვევდით, რომელს დაგვიძახეს, მე თუ იმას.

მოკლედ, მართლს გეუბნებოდით, გურიაში რომ ამბები ხდება, ტყუილია-მეთქი და რაკი სიტყვამ ძაღლების ამბავი მოიტანა, ერთსაც გიამბობთ, ოღონდ ეს უკვე ჩოხატაურში კი არა, ოზურგეთში მოხდა, სხვა ნათესავის სოფელში. პატრონს ძაღლი დაუბერდა. ზარალად იქცა, საჭმელს ჭამდა, ეზო-კარს კიდევ ვეღარ იცავდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პატრონმა ძაღლის თავიდან მოშორება გადაწყვიტა და მეზობელს უთხრა, ჩემი ხელით ვერ მოვკლავ, შეჩვეული მყავდა ნამეტანი, ჰოდა, შენ გეიყვანე, ძამია, საცხა მდინარის პირზე და შენ მოკალი, მეცი პატივიო. ამოიოხრა მეზობელმა. თავიდან კი სცადა გადაეთქმევინებინა, მაგრამ მერე ჯანდაბას, შენი და ჩემი თავი, ამასაც მე მოვკლავ და ახალ ძაღლსაც მოგიყვანო, დაჰპირდა.

გათენდა ავბედითი დილა. გამოუარა მეზობელმა მეზობელს, წაიყვანა ძაღლი და დაიკარგა ერთი-ორი დღით. ორი დღის მერე ისევ მიადგა ჭიშკარზე. უძახის, ხელს უქნევს. გვერდით ძაღლი ჰყავს ბაწარშებმული. ა, ძამა, რასაც დაგპირდი, შევასრულე, ის მოვკალი და ახალი მოგიყვანე. იმ "რიჟასგან" განსხვავებით ლამაზი შავი ძაღლია, არც ბებერია და ეზოსაც კარგად დაიცავსო. დაიღვარა პირველი კაცი მადლობებად. მეორემ უთხრა, იმ ძაღლიზა ნუ გეშინია, ისე მოვკალი, სულ არ უწვალია, საწყალს. ახლა გეტყვი, აგერ, რაფრა იყო, იციო...

გაჩუმდი, თუ ძმა ხარ, არაფერი მითხრაო.

- კაი, აბაო, - დაუტოვა ახალი ძაღლი და წავიდა თვითონ.

ორი დღის მერე კიდევ შეხვდნენ მეზობლები ერთმანეთს.

- რაფრაა ჩემი მოყვანილი ძაღლი? გამოგადგა? - ჰკითხა იმან ამას.

- შენ გეიხარე, შენ. გადვირიე კაცი. ეზოს ისე იცავს, გეგონება, სულ აქანა ნაცხოვრება. ყველა კუთხეს და კუნჭულს ამოწმებს, ღამე თვალს არ ხუჭავს, ოჯახის წევრებთან რაფრა მეიქცეს იცის...

კაი, აბა, კაიო, - იმან.

გავიდა კიდევ რამდენიმე დღე და... ოზურგეთში ძლიერი წვიმა წამოვიდა. თავსხმა, თქეში, უბედურება. არიქა, სარეცხი დასველდებაო, ცოლმა იქით დაიწყო სირბილი. არიქა, რაღაცას თავსახური უნდა დავაფაროო, ქმარი აქეთ გამოიქცა. დარბის ძაღლიც, თავშესაფარს ეძებს. დარბის, მაგრამ, რაღაც ვეღარაა ისეთი,… მთლად შავი. ჭრელია, უფრო. კი შეხედა კაცმა ერთი შეხედვა ეჭვის თვალით, მაგრამ არ ეცალა მაგისთვის.

მერე კი წვიმამ გადაიღო, ჩიტები აჭიკჭიკდნენ, მზემ გამოანათა და ნელ-ნელა ყველა გამოვიდა თავისი თავშესაფრიდან - ადამიანიც და ცხოველიც. გამოვიდა ჩვენი ძაღლის პატრონიც და რას ხედავს, არ მოძუნძულებს მისკენ მისი ბებერი "რიჟა". მოძუნძულებს და ტანიდან შავი საღებავი ჩამოსდის წურწურით...

ილია ბაბუნაშვილი,

"ათიანში" აგვისტო.