საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც შსს-ს აკადემიაში გამოცდები ვერ ჩააბარეს, სამსახურიდან გათავისუფლდნენ - კვირის პალიტრა

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც შსს-ს აკადემიაში გამოცდები ვერ ჩააბარეს, სამსახურიდან გათავისუფლდნენ

საპატრულო პოლიციის 500 თანამშრომლიდან დაახლოებით 50-მა შსს-ს აკადემიაში გადამზადების კურსი ვერ გაიარა, რის გამოც სამსახურიდან გათავისუფლდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა განუცხადა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გადამზადება სექტემბრიდან ისევ გაგრძელდება და ის დაახლოებით 1000 პატრულ-ინსპექტორს შეეხება.

„ჩვენ 2017 წელს დავიწყეთ პატრულის გადამზადება და პირველ ეტაპზე დაახლოებით 500 პატრულ-ინსპექტორი იყო გადამზადების კურსებზე. ნაწილმა გაიარა, ნაწილმა ვერ გაიარა და ასეთი ამ ეტაპზე დაახლოებით 50 პოლიციელი იყო. თავისთავად, ისინი, რომელმაც კურსი ვერ გაიარეს, გათავისუფლდნენ თანამდებობიდან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ვერასდროს იმუშავებენ პოლიციაში. მათ საბაზისო სასწავლო კურსის გავლის შემთხვევაში ნებისმიერ მიმართულებაზე დაბრუნება შეეძლებათ, ეს იქნება საპატრულო პოლიციის საბაზისო კურსი თუ სხვა“, - განაცხადა ივანე პაპიაშვილმა.

შსს-ს აკადემიის რექტორის ინფორმაციით, კურსი, რომელსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გადიან, ძირითადად სამი კომპონენტისგან შედგება. კერძოდ, პატრულ-ინსპექტორებს გამოცდის ჩაბარება უწევთ როგორც ფიზიკურ მომზადებაში, ისე იარაღის სროლაში. ასევე მოწმდება მათ მიერ ადმინისტრაციული ოქმების შევსების ხარისხი.

„კურსის პირველი კომპონენტი არის ფიზიკური მომზადება, რათა პატრულ -ინსპექტორი იყოს იმ ფიზიკურ ფორმაში, რასაც სთხოვს დღეს სამინისტრო. მეორეა საცეცხლე მომზადება და ჩვენ თითოეულ მათგანს მივეცით შესაძლებლობა, გაიმეორეს ის, რაც იარაღის გამოყენებისას უნდა სცოდნოდათ და ამის შემდეგ ჩავუტარეთ გამოცდა. რაც შეეხება მესამე კომპონენტს, ეს არის ადმინისტრაციული ოქმის შევსება. ჩვენ ვასწავლით, როგორ შეავსონ სწორად ოქმები“, - აღნიშნა შსს-ს აკადემიის რექტორმა.

მისივე განმარტებით, საპატრული პოლიციის თანამშრომლების გადამზადების პროცესის დასრულების შემდეგ სხვა მიმართულების კადრების გადამზადება დაიწყება, მათ შორის დაგეგმილია გამომძიებლებისა და მესაზღვრეების გადამზადება.