ფაქტები X-Factor-იდან - კვირის პალიტრა

ფაქტები X-Factor-იდან

"იურმალის" კონკურსის პრიზიორი, მომღერალი ნინი შერმადინი პოპულარულ მუსიკალურ მარათონში 45000 კონკურსანტიდან თექვსმეტეულში მოხვდა. უამრავი ტურისა და მღელვარე საღამოს მერე ფინალის დღეც დადგა.

და... მეორე ადგილზე გავიდა ნინი შერმადინი! - უზარმაზარმა ბერძნულმა აუდიტორიამ მას მეორე ადგილი მიაკუთვნა.

- "პირველი X Factor-ი რომ გადიოდა, საბერძნეთში ვიყავი და ვუყურებდი გადაცემებს. მაშინ ვიფიქრე, ნეტავ მეც თუ შემიძლია მონაწილეობა-მეთქი. ამ ყველაფრის მოგვარებაში ძალიან დამეხმარა ქალბატონი ლიგია მუშკუდიანი. დედასავით მედგა გვერდით საბერძნეთში.

აღმოჩნდა, რომ მონაწილეობის მიღების უფლება მქონდა, ოღონდ სავალდებულო იყო, ბერძნულად მემღერა და მელაპარაკა. ანკეტაში ჩავწერე - ბერძნული ვიცი-მეთქი. თუმცა, პირველივე კასტინგზე გამშიფრეს: მკითხეს - შენი სახელიო?! "რა გქვია" ვიცოდი, ეს უკვე - აღარ და ვუპასუხე - კი-მეთქი.

კიდევ გამიმეორეს, კიდევ არაადეკვატური პასუხი გავეცი და მიხვდნენ, რომ არ ვიცოდი მათი ენა. შემდეგ ეტაპზე მაინც გავედი - მითხრეს, როცა ადამიანი ასე კარგად მღერის, არ გვაქვს უფლება, მეორე ტურში არ გავუშვათო. ოღონდ პირობა დამადებინეს, რომ ბერძნულის სწავლას აქტიურად დავიწყებდი. მეორე, მესამე და მეოთხე ტურში დაინახეს, რომ ბერძნული ენა საკმაოდ კარგად მქონდა ათვისებული.

იქ სხვანაირი აუდიტორიაა. საქართველოში უფრო გულშემატკივრები გყავს, ვიდრე - ფანები. გეფერებიან, შორიდან გესალმებიან. იქ შეიძლება ტანსაცმელი შემოგახიონ, თმა დაგაწიწკნონ...

იქაური ემიგრანტები და ჩემი მეუღლე - ვაჟა ციცაგი ძალიან მეხმარებოდნენ. შვილი საქართველოში მყავდა და განსაკუთრებით მენატრებოდა, მაგრამ როცა ამხელა მიზანი გაქვს დასახული, მარტო შენს თავზე ვერ ფიქრობ. გინდა, შენი ქვეყანა არ შეარცხვინო, არ გააწბილო ხალხი, რომელიც გიყურებს და გგულშემატკივრობს. კონკურსს რომც გამოვთიშვოდი, მინდოდა ისეთი სახელი დამეტოვებინა, როგორიც მეკადრებოდა. ამის პრეტენზია ყოველთვის მქონდა.

თექვსმეტივე მონაწილეს გვყავდა ჩვენ-ჩვენი ვოკალის მასწავლებელი. მე ქალბატონი ელენა პატროკლუ მამეცადინებდა. ძალიან მეხმარებოდა ჩემი მენეჯერი გიორგოს თეოფანუსი.

მინდა ხაზი გაუსვათ - ყველა ინტერვიუში ქალბატონი ელენა მადლობას უხდიდა ჩემს პედაგოგს! აღფრთოვანებული ვარ შენი ნიჭით, მაგრამ გაოცებული ვარ, რამდენი აქვს შენს მასწავლებელს ნამუშევარი, მე შენიშვნა არ მჭირდებაო, - ამბობდა.

თუ დღეს მიცნობენ, როგორც მომღერალ ნინი შერმადინს, არის ქალბატონ ირმა ღვინიაშვილის დამსახურება.

რვა წლის ვიყავი, როდესაც ქუჩაში შემთხვევით შევხვდი ქალბატონ ირმას. მე და დედაჩემი წვიმაში მოვდიოდით და მანქანა გაგვიჩერეს მან და მისმა მეუღლემ, ბატონმა გიგიმ. მანქანაში ღიღინი დავიწყე. ქმარმა უთხრა - ნახე, ირმა, საშენო ბავშვიაო.

- აბა, იმღერე! - მითხრა ირმამ.

მეც ვიმღერე.

დედაჩემს სთხოვა, მომიყვანეთ ეს ბავშვიო.

რვა წლის მივედი და ოცის წამოვედი - ის უკრაინაში წავიდა, მე - საბერძნეთში. დღემდე მაკლია და მინდა ჩემთან იყოს.

არ არსებობს, ოდესმე ირმას ვალი გადავიხადო, ვერ მოვახერხებ ამას. ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა ერთმანეთს შეგვახვედრა.

მონაწილეების ბედს მაყურებელი ეს-ემ-ესებით წყვეტდა. ეს მაქსიმალურად დაცული რეიტინგი იყო, არც ერთმა ვიცოდით, რამდენი ხმა გვერგო, უბრალოდ, ადგილებს გვიცხადებდნენ.

წინასწარ არც ის ვიცოდით, რა იქნებოდა პრიზი. ამბობდნენ, სიურპრიზი იქნებაო. წინა წლისგან განსხვავებით, მეორე და მესამე ადგილს ფულადი ჯილდო არ ერგო, დანარჩენი პრიზები უცვლელი დარჩა - კონტრაქტები ხმის ჩამწერ სტუდიებთან -  SONY  და  HEAVEN და ტურნეები (რომელიც ჯერ არ ვიცი, სად არის დაგეგმილი). პირველადგილოსანს "შევროლეს" ჯიპიც გადაეცა.

მენეჯერმა ცოტა ხნით საქართველოში გამომიშვა დასასვენებლად. დღემდე მაქვს შემოთავაზებები, მაგრამ მე ვერ ვწყვეტ, სად წავალ და რას ვიმღერებ, ამისთვის მათ   ANTI-სთან ვუშვებ მოსალაპარაკებლად.

ვერასოდეს დავივიწყებ, როგორ მედგნენ გვერდით ქართველი ემიგრანტები, ქალბატონები, სულ მირეკავდნენ, მოდიოდნენ, მეხმარებოდნენ... ერთი ქალბატონი ამერიკიდან დამიკავშირდა და მთხოვა - აქედან ვერ გიმესიჯებო და ფული გამომიგზავნა, რომ ჩემს საკონკურსო ნომერზე დამემესიჯებინა. მეუბნებოდნენ, ერთი თვის ხელფასს ვხარჯავთ ეს-ემ-ესებში, რომ დავუმტკიცოთ ყველას, რა მაგრები ვართ ქართველებიო.

იმ მძიმე პირობებში, სადაც ისინი მუშაობენ, მე ერთადერთი გამონათება ვიყავი, ჩემით ხარობდნენ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ. ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი სიმღერა მათ გაახალისებს. ბოლოს სამი კონკურსანტი დავრჩით - სტავროს მიხალაკაკოსი, ჯგუფი "48 საათი" და მე. სტავროსი ძალიან ნიჭიერი მომღერალია და თავი დაჩაგრულად არ მიგრძნია, რომ გაიმარჯვა.

საოცარი შოუ დადგა ბოლო დღეს მესამე ადგილზე გასულმა "48 საათმა", მაიკლ ჯექსონის სიმღერა იმღერეს.

დასკვნით ეტაპზე რომ გავედი, ფინალის დღეს საერთოდ არ მინერვიულია. არ მქონდა ამბიცია, რომ მაინცდამაინც პირველი ადგილი უნდა ამეღო. ამასაც დიდ მიღწევად ვთვლი და დიდ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ მაყურებლებისგან.

მიხარია, რომ ამ კონკურსზე მოვხვდი, წარმატებას მივაღწიე და ჩემი ქვეყანა კარგად წარმოვაჩინე, ეს კიდევ ერთი ლამაზი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში.

უფალს მადლობას ვეუბნები, რომ ბედნიერი ვარ, რომ საყვარელი ადამიანები ჩემ გვერდით არიან და რაც შემიძლია მათთვის და ჩემი მსმენელისთვის გავაკეთო - სიმღერაა.

ესეც ბედნიერებაა.

მე ყოველთვის მთელი გულით ვიმღერებ მათთვის.

თამუნა თოდუა

”ბომონდი” აგვისტოს ნომერი