"სასწავლო პროცესი შეიძლება სერიოზული რისკის წინაშე დადგეს" - რა ხდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში?
21-08-2018
"სასწავლო პროცესი შეიძლება სერიოზული რისკის წინაშე დადგეს" - რა ხდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში?
ფინანსურმა პრობლემებმა, რომელთა წინაშეც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დგას, შესაძლოა, სასწავლო პროცესები სერიოზული რისკების წინაშე დააყენოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, უნივერსიტეტს სახელმწიფოს წინაშე აქვს შეუსრულებელი ფინანსური დავალიანება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისაგან თავის არიდების გამო დაუწესდა. სამინისტროს განცხადებით, იმისათვის, რომ გათვალისწინებული იყოს სტუდენტთა ინტერესები, მათთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით რისკების თავიდან ასაცილებლად, უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება 1 წლის ვადით შეეზღუდა.

„უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტები
ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. შეზღუდვა ეხებათ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც წელს აირჩიეს შავი ზღვის უნივერსიტეტი. მათთვის გამოცხადდება რიგგარეშე მობილობა გამარტივებული წესით. ისინი აირჩევენ სხვა ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. შესაბამისად, შეძლებენ ახალი სასწავლო წლის შეუფერხებლად დაწყებას. ხარისხის ცენტრი იშუამდგომლებს იმ დაწესებულებებთან, რომლებიც შესაბამისი მიმართულებით ახორციელებენ სასწავლო პროგრამებს.

2018 წლის 20 აგვისტოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ მიენიჭა ავტორიზაცია და 1 წლის ვადით შეეზღუდა სტუდენტთა მიღების უფლება,“ - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით