ვის შეიწირავს დაპატიმრებების ახალი ტალღა?! - კვირის პალიტრა

ვის შეიწირავს დაპატიმრებების ახალი ტალღა?!

"შემოდგომისთვის ვითარება კიდევ უფრო გართულდება"

კრედიტორთა "შავი სია" და "უცხო სხეულები" ხელისუფლებაში

ქართველ ექსპერტებს ბოლო დროს არაერთხელ უთქვამთ, რომ მოსალოდნელია დაპატიმრებათა ახალი სერიის დაწყება და როგორც ჩანს,  არცთუ  უსაფუძვლოდ. "ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილი მფლობელი ანზორ ქოქოლაძე, ექსპარლამენტარი ნიკა კვეზერელი, თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი თამარ ნემსიწვერიძე... არავინ იცის, რა ბედი ელის თავად გია ხუბუასაც, რომელმაც ახლახან რექტორის თანამდებობა დატოვა.

ეკონომიკური ექსპერტების ვარაუდით, დაპატიმრებები შემოდგომაზე უფრო გახშირდება და სახელმწიფო მოხელეებთან ერთად ბიზნესმენებსაც შეიწირავს. ამ თემაზე "კვირის პალიტრას" გია ხუხაშვილი ესაუბრა:

- ვფიქრობ, ხელისუფლებას "ხარკის" ასაკრეფი საშუალებები შემოელია და ახლა თავისიანებსაც მიადგა, რადგან ბიუჯეტი შესავსებია. ამის ნათელი მაგალითია "ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილი დირექტორის, ანზორ ქოქოლაძის დაკავება. არ გახსოვთ, სააკაშვილი  თავად რომ ჭრიდა წითელ ლენტებს ქოქოლაძის ახალ-ახალ ობიექტებში?! ისიც გუნდრუკს მუდამ სააკაშვილის ხელისუფლებას უკმევდა.

სავარაუდოდ, ხელისუფლებამ ბანკებიდან კრედიტორების "შავი სიები" ამოიღო, ე.ი. ის ზოგიერთ სხვა კომპანიასაც "მიხედავს".

ვფიქრობ, შემოდგომაზე ვითარება კიდევ უფრო გართულდება. სააკაშვილის ძალიან ვიწრო გარემოცვას ამ ხელისუფლებაში მყოფი ზოგიერთი პირი "უცხო სხეულად" მიაჩნია. ჩემი აზრით, სწორედ მათი შევიწროება დაიწყება, რასაც ხელისუფლება პიარისთვისაც  შესანიშნავად გამოიყენებს და ბიუჯეტის შესავსებადაც.

კრედიტორებსა და მევალეებს შორის დავა ცივილიზებულად, სასამართლო წესით უნდა გადაწყდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ბანკებიდან აღებული კრედიტების დავალიანებები სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა.

არ გამოვრიცხავ,  შეთანხმება არსებობდეს ხელისუფლებასა და ბანკებს შორის, რის გამოც სამართალდამცავებმა მევალეებისგან ფულის ამოღების ფუნქცია იტვირთეს.

თუ ეს ასეა, მოვლენების სახიფათო  განვითარებას უნდა ველოდოთ.

- "თიბისი ბანკმა" გაავრცელა განცხადება, რომ მას არ მიუმართავს საჩივრით ძალოვანი უწყებებისთვის, რასაც ზოგიერთები ქოქოლაძის დაკავებას უკავშირებენ.

- გამოდის, ხელისუფლებამ ბანკებისგან კრედიტორთა "შავი სია" თავად ამოიღო. ამით მან რეკეტირის ფუნქცია შეითავსა. მოგეხსენებათ, დავის სასამართლო განხილვის გზა საკმაოდ გრძელია, რეკეტით კი ფულის ამოღება უსწრაფესად შეიძლLება. ე.ი. ხელისუფლება იმავე საქმეს აკეთებს, რასაც ადრე ქურდული სამყარო მევალეებთან. სიმართლე გითხრათ, არსებული დავის გაანალიზებისას ქოქოლაძის მხარეს ნამდვილად არ ვიყავი, არ მომწონდა მისი ბოლოდროინდელი საქმიანობა.

ვგულისხმობ შუამავალი და ვითომ კონკურენტი ფირმის შექმნას, სამჯერ მეტ ფასად აქციების გამოსყიდვას და სხვა მანიპულაციებს, მაგრამ ამჯერად იმ სახიფათო ტენდენციებზე ვლაპარაკობ, რომელიც კარგს არაფერს მოიტანს და კიდევ ერთხელ ვამბობ, ბანკებისთვისაც ცუდი შედეგით დასრულდება. ჩემი აზრით, კრედიტორთა "შავ სიაში" ძალიან ბევრი ცნობილი და ამჟამად ხელისუფლებასთან დაახლოებული გავლენიანი პირია.

- ვის გულისხმობთ?

- ბევრნი არიან. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა სამშენებლო კომპანიებს აქვთ. სხვათა შორის, არაერთს ჰქონდა იმედი, რომ ძველი თბილისის რეაბილიტაციის მისი პროექტი გაიმარჯვებდა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. მერიის კონკურსში იმ კომპანიებმა გაიმარჯვეს, რომელთა სახელებიც ხელისუფლების ძალიან ვიწრო წრის წარმომადგენლებთან ასოცირდება. ამიტომაც, შესაძლოა, ბიზნესმენებთან ერთად სახელმწიფო მოხელეების დაპატიმრების მოწმენიც გავხდეთ.