"ცხოვრებაში არავისგან ისეთი კეთილი დამოკიდებულება არ მიგრძვნია, როგორც ქართველებისგან" - კვირის პალიტრა

"ცხოვრებაში არავისგან ისეთი კეთილი დამოკიდებულება არ მიგრძვნია, როგორც ქართველებისგან"

ფოტოგალერეა

ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის წინ გერმანული პრესაში არარეთი სტატია გამოჩნდა ჩვენს ქვეყანაში.  მაგალითად გამოცემა «Spiegel»-ში  გამოქვეყნდა სტატია, სათურით: "საქართველო - სამხრეთკავკასიური ქვეყანა მოგზაურებისათვის სულ უფრო პოპულარული ხდება, რომელშიც ვკითხულობთ: "რით ცხოვრობს საქართველო? რომელი პრობლემები აღელვებს ქართულ საზოგადოებას? საქართველომ, რომელმაც მრავალი ოკუპაცია და ურიცხვი შეიარაღებული კონფლიქტები გადაიტანა, თანდათან ვითარდება და საინტერესო ხდება მოგზაურებისათვის". ფოტოგრაფი ანდრეას ექთერკასტი საქართველოში რამდენიმე თვე ცხოვრობდა და საკუთარი თვალით დაინახა ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრება, ყველაფერი დააფიქსირა და შესაბამისი ფოტოალბომიც მოამზადა. ფოტოხელოვანს ჟურნალისტი ინეზა ჰეილშერი ესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან: - როდის ეწვიეთ პირველად საქართველოს და რა წარმოდგენა გქონდათ ამ ქვეყანაზე?

- პირველად თბილისში 2011 წელს მიმიწვიეს, საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად. იმ დროს მე ძალიან ცოტა რამ ვიცოდი ამ ქვეყნის შესახებ - მასმედიაში მხოლოდ იმას წერდნენ, რომ კონფლიქტები მიმდინარეობსო. როცა თბილისში ჩავედი, გაკვირვებული დავრჩი ქართველთა სტუმართმოყვარეობით, მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და ტრადიციებით, მათი ქვეყნის ლამაზი ბუნებით... ფოტოების გადაღება ჩასვლისთანავე დავიწყე, ურთიერთობა გავაბი ქართველ კოლეგებთანაც. მათგან ბევრი რამ საინტერესო გავიგე.

- როგორ გაგიცნეს ქართველებმა? - ცხოვრებაში არავისგან ისეთი კეთილი დამოკიდებულება არ მიგრძვნია, როგორც ქართველებისგან. ისინი ხშირად სახლში მპატიჟებდნენ და როცა ვთანხმდებოდი, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.. ბევრი ქართველი გავიცანი, რომლებმაც თავიანთ ქვეყანაზე საინტერესო ამბებს მომიყვნენ. საერთოდ, ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკაზე ბევრს საუბრობენ, რასაც, ალბათ, ქვეყნის მღელვარე უძველესი ისტორია და გასულ საუკუნეში მომხდარი პოლიტიკური მოვლენები განაპირობებს - დამოუკიდებელი რესპუბლიკა, გასაბჭოება-ოკუპაცია, დამოუკიდებლობის აღდგენა 1990-იანი წლების დასაწყისში, თანაც სამოქალაქო ომის პირობებში, „ვარდების რევოლუცია“, თავისუფალი არჩევნები და მრავალი სხვა მოვლენა. სამწუხაროდ, საქართველოს ბევრი სოციალური პრობლემა აქვს, მათ შორის უმუშევრობის მაღალი დონე, მაგრამ პოლიტიკურად ქვეყანა დემოკრატიის გზით მიდის.

- კვლავ იგრძნობა თუ არა საბჭოთა ეპოქის გავლენა დამოუკიდებლობის აღდგენიდან მეოთხედი საუკუნის გასვლის შემდეგ?

- რასაკვირველია, მოსახლეობას კარგად ახსოვს უახლოესი წარსული. ისინი თვლიან, რომ საქართველოს ძლიერი მეზობელი - რუსეთი მათი ქვეყნისათვის საფრთხის მომტანია, განსაკუთრებით ამჟამინდელი პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით. არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება დღევანდელი მშვიდობა, რადგან საქართველოში კონფლიქტის კერები ჯერ კიდევ არსებობს.

- რომელი ადგილი მოგეწონათ ყველაზე მეტად?

- ძალიან მომეწონა თბილისი, სადაც ადამიანთა ენერგია ძალუმად იგრძნობა. მართალია, დედაქალაქში ავტომობილის გამონაბოლქვი გაზის გამო ზოგჯერ სუნთქვაც ჭირს, მაგრამ იქ მე თავს მაინც კომფორტულად ვგრძნობ. თბილისი ჭეშმარიტად ევროპული ქალაქია, ყოველ ნაბიჯზე მუზეუმი და კაფე-რესტორანია, უფასო ინტერნეტი (Wi-Fi). ქალაქის გარეთ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსმა, სადაც განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევს.

- რას იტყოდით საქართველოს ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე?

- საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მასში თითქმის ყველა კლიმატური სარტყელია წარმოდგენილი: იქ კავკასიონია - მარადთოვლიანი მთები, იქ არის სუბტროპიკული შავი ზღვის ნაპირიც, მათ შორის კი ნაყოფიერი მიწები. საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში ნახავთ უდაბნოსაც. კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტად უნდა ჩაითვალოს ქართული ღვინოც: საქართველო მეღვინეობის აკვნად არის მიჩნეული. თუ თქვენ კახეთს ეწვევით, ქართული ღვინის საოცრებაში თვითონვე დარწმუნდებით.

- თქვენი აზრით, როგორია საქართველოს ტურისტული პერსპექტივა?

- მე ვიტყოდი, რომ ძალიან პოზიტიური: საქართველოს იმდენი რამ აქვს საინტერესო, მას იმდენი სასიამოვნო კომფორტის შეთავაზება შეუძლია, რომ ადამიანმა მოგზაურობა სწორედ ამ ქვეყნით უნდა დაიწყოს. წყარო

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა სიმონ კილაძემ