რისთვის ან ვისთვის გაწირეს უნივერსიტეტის რექტორი?! - კვირის პალიტრა

რისთვის ან ვისთვის გაწირეს უნივერსიტეტის რექტორი?!

"რა წიგნები, რის წიგნები, არ იცით, რომ ყველა ამდაგვარი  ამბავი შეთხზულია?"

გიორგი ხუბუასთან ხუთწლიანი ომი დასრულდა, უნივერსიტეტის რექტორმა თანამდებობა დატოვა. კულუარებში შაშკინი-ხუბუას ომად მონათლული დაპირისპირება მინისტრის გამარჯვებით დასრულდა. არადა, სულ რამდენიმე კვირის წინ თეა თუთბერიძე  იფიცებოდა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოვხსნიო. ლომაიას მხარდამჭერ "თავისუფლების ინსტიტუტს" შაშკინი ბოლო დროს თვალში რომ არ მოსდის, მიზეზი ის არის, რომ ახალმა მინისტრმა ლომაიას გაკვალულ გზას გადაუხვია.

შაშკინმა სამინისტროში ლომაიას  მიერ  დამკვიდრებული წესების (რომელსაც გია ნოდია - მორჩილად, ნიკა გვარამია კი უმნიშვნელო კორექტივებით მისდევდა) შესრულება სავალდებულოდ არ მიიჩნია.  განათლების ახალმა მინისტრმა არ მოიწონა ლომაიას "ნოუ ჰაუ" - დირექტორების ლოტოტრონით დანიშვნა და არც ლომაიას დროინდელი "სამართლიანობის ეტალონად" შერაცხილი სტუდენტის დაფინანსება უნარების გამოცდის მიხედვით. ეს მხოლოდ მარტივი და ყველაზე თვალში საცემი მაგალითებია.

რადგან შაშკინმა "თავისუფლების ინსტიტუტის" მოწონებულ გეზს გადაუხვია, მასზე იერიში თეა თუთბერიძის მეშვეობით მიიტანეს.  მაგრამ ჯაბანი არც შაშკინი გამოდგა, არ დაელოდა, როდის აუსრულებდა მუქარას თუთბერიძე და ვა-ბანკზე წავიდა. განათლების და მეცნიერების სამინისტროს "თემატურად შესამოწმებლად" პროკურატურა მოითხოვა. როგორც სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა შემოწმება და დაადგინა, რომ 2007-2009 წლებში სამინისტროს აპარატსა და მის სისტემაში შემავალ დაწესებულებებში წარმოქმნილია დებეტორულ-კრედიტორული დავალიანებები. სავარაუდოდ, აღნიშნული დავალიანებების წარმოქმნა განპირობებულია არამართლზომიერი გარემოებებით.

საკითხის სამართლებრივი შეფასების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის ოფიციალური თხოვნის საფუძველზე სამინისტროში შემოსულია მთავარი პროკურატურა, რომელიც აწარმოებს თემატურ შემოწმებას".

KvirisPalitra.Geმაშ ასე, პროკურატურა "თავისუფლების ინსტიტუტის" მოწონებული მინისტრების - ლომაიას, ნოდიასა და გვარამიას საქმიანობის დროინდელ დარღვევებს შეისწავლის. გვარამიას დროინდელ დარღვევებზე საზოგადოებამ ჯერ არაფერი იცის, გია ნოდიას დროინდელი დარღვევებიდან კი წარმოუდგენლად მაღალმა, ხუთნიშნა ციფრებში გამოხატულმა პრემიებმა მოსჭრა ყური საზოგადოებას.

მაგრამ შაშკინი მხოლოდ ამისთვის გაირჯებოდა? ჩნდება ეჭვი, რომ შაშკინის მიზანი ლომაიას დროინდელი საქმეების გამოქექვაა. ალბათ, ითქმება ყბადაღებულ 40 მილიონზეც, რომლის შესახებაც კონტროლის პალატის დასკვნაშია მითითებული. მასალებს, რომელიც პროკურატურაში ჯერ კიდევ ნინო ბურჯანაძის მოთხოვნით გადაიგზავნა, შესაძლოა, მტვერი გადააცალონ.

მით უმეტეს, რომ ამას წინათ თეა თუთბერიძემ პრესაში შაშკინისა და ადეიშვილის შეხმატკბილებულ ურთიერთობაზეც ილაპარაკა.

შაშკინმა შეუტია უნივერსიტეტის რექტორ  გიორგი ხუბუასაც, რომელიც ექსმინისტრ ლომაიას კეთილგანწყობით სარგებლობდა. თავის დროზე, როდესაც ხუბუამ უნივერსიტეტის ლექტორები დარბაზში გამოკეტა და როგორც  ამბობდნენ, გაუგონარი მკრეხელობა ჩაიდინა, უნივერსიტეტში პოლიცია შეიყვანა, სწორედ ლომაიას მფარველობით შეინარჩუნა რექტორმა თანამდებობა.

ხუბუას გარექტორება ყველაზე ადრე აწ გარდაცვლილმა აკადემიკოსმა გურამ შარაძემ გააპროტესტა, როგორ შეიძლება მიხეილ ჯავახიშვილის სავარძელში თხების მწყემსი ხუბუა იჯდესო, მაგრამ მაშინ ლომაიას მხარდაჭერა შარაძის პროტესტზე ძლიერი გამოდგა. ახლა კი შარაძის სანუკვარი ოცნება შაშკინმა აასრულა.

KvirisPalitra.Geგიორგი ხუბუამ თანამდებობა 13 აგვისტოს პირადი სურვილით დატოვა და მიზეზად მეცნიერული საქმიანობის გაგრძელება დაასახელა, თუმც ამას წინ სკანდალი და რექტორისთვის წაყენებული ბრალდებები უძღოდა: ფინანსური დარღვევები, აღურიცხავი ქონება და უკანონოდ გაზრდილი ხელფასი. ხუბუას გადადგომა ასევე დაემთხვა უნივერსიტეტის ორი თანამშრომლის დაპატიმრებას.

არაოფიციალურად ხუბუას გადადგომას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან დაკარგული წიგნების სკანდალსაც უკავშირებენ. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი თამარ ნემსიწვერიძე სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს. მისი სახლის ჩხრეკისას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან დაკარგული XVIII-XIX საუკუნეებში გამოცემული ძვირად ღირებული 92 წიგნი აღმოაჩინეს. ყველაზე იაფი გამოცემის ღირებულება 5 ათასი დოლარია. დაკავებულია ასევე ბიბლიოთეკის ყოფილი კომენდანტი თამაზ ნიკოლეიშვილი, რომელიც წიგნების ქურდობაშია ეჭვმიტანილი.

ასევე დააპატიმრეს დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთი წევრი - მფრინავთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჭელიძე, რომელიც უნივერსიტეტის თანამშრომლებს წიგნების უკრაინაში გადაზიდვასა და რეალიზაციაში ეხმარებოდა. წიგნების საზღვარგარეთ გატანის სანაცვლოდ მერაბ ჭელიძემ ბოლოს 6 ათასი დოლარი აიღო, მაგრამ უკრაინის საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა წიგნები აღმოაჩინეს. საქართველოდან გატანილი XVIII-XIX საუკუნეების უნიკალური წიგნების ნაწილი ამჟამად უკრაინის ისტორიულ ბიბლიოთეკაში ინახება, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება მათ დასაბრუნებლად.

არის თუ არა უნივერსიტეტიდან ხუბუას წასვლის მიზეზი ეს სკანდალი? - ამ კითხვას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა გუგული მაღრაძემ მოკლედ, მაგრამ ამომწურავად უპასუხა:  "რა წიგნები, რის წიგნები, არ იცით, რომ ყველა ამდაგვარი  ამბავი შეთხზულია?". თუმც შევნიშნავთ, რომ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი ხუბუას ცოლის ახლობელია და როგორც ამბობენ, უნივერსიტეტის რექტორის მფარველობით სარგებლობდა.

მართალია, ნემსიწვერიძეების ოჯახი ირწმუნება, თამარს არ უქურდია, ეს იშვიათი გამოცემები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორის, აწ გარდაცვლილი შოთა აფაქიძის ნაჩუქარიაო, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, ბიბლიოგრაფიული იშვიათობანი ჰაიჰარად გაეჩუქებინა კაცს, რომელმაც წიგნის ფასი კარგად იცოდა.

უნივერსიტეტის თანამშრომლები, რომლებიც ხუბუას უკანონო საქმიანობასა და თანხების მითვისებაზე უკვე წლებია ლაპარაკობენ, ვარაუდობენ, რომ ხუბუას გადადგომა არ უშველის. "ვფიქრობთ, დაჭერა თუ არა, საპროცესო შეთანხმება მაინც არ ასცდება. ხუბუამ რაც მოიპარა, უკან უნდა მიატანინონ", - გვითხრა ერთმა მათგანმა, რომლის ინფორმაციით, ხუბუას ბედი ქვეყნის პირველმა პირმა გადაწყვიტა.

"გვარამიაც ებრძოდა ხუბუას, მაგრამ პრეზიდენტის ნებით გადარჩა, ახლა ჩანს, პრეზიდენტს განწყობა შეეცვალა, თან საქართველოში არც ხუბუას მფარველი ლომაიაა", - გვითხრა უნივერსიტეტში ინკოგნიტო წყარომ.