20 დღეში ნომრის ამომცნობმა "ჭკვიანმა კამერებმა" თბილისში 80 ათასამდე ვიდეოდარღვევა დააფიქსირა
23-08-2018
20 დღეში ნომრის ამომცნობმა "ჭკვიანმა კამერებმა" თბილისში 80 ათასამდე ვიდეოდარღვევა დააფიქსირა
20 დღეში - 11 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედაქალაქში ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით აამოქმედა, თბილისში 79 168 ვიდეოდარღვევა დაფიქსირდა, - შესაბამისი ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოითხოვა.

როგორც სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, 11 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით ყველაზე ხშირად - 47 943 შემთხვევაში მძღოლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 ნაწილს არღვევდნენ, რაც გულისხმობს: "სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო
მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგანლიზაციის სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის
ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევას ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში ისეთი სახით მონაწილეობას, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან მოძრაობის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს". ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, აღნიშნულ დარღვევაზე ჯარიმა 20 ლარია.

აღნიშნულის შემდეგ ყველაზე ხშირი დარღვევა, რომელიც ე.წ ჭკვიანი ვიდეოკამერების მიერ 24 703-ჯერ დაფიქსირდა, ასკ-ს 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევაა, რაც დადგენილი სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ით გადაჭარბებას გულისხმობს. აღნიშნული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში პირი 50 ლარით ჯარიმდება.

მესამე ყველაზე ხშირი სამართალდარღვევა, რომელიც 11 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით 2 395-ჯერ დაფიქსირდა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევაა, რომელიც ასევე 50 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. დარღვევა გულისხმობს მარეგულირებლი ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული ან ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობას, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევასა და გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისთვის დაბრკოლების შექმნას.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით