"სიგარეტი აკრძალეს და მარიხუანა ლეგალიზებული გახადეს - არც კი ვიცი, ამას რა ვუწოდო!.."
23-08-2018
"სიგარეტი აკრძალეს და მარიხუანა ლეგალიზებული გახადეს - არც კი ვიცი, ამას რა ვუწოდო!.."
ბოლო წლებში ჩვენთან სიგარეტის მოხმარება გაიზარდა, რაც უფილტრო სიგარეტის ხარჯზე მოხდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს სულ 25,6 მილიონ კოლოფ უფილტრო სიგარეტზე გაიცა აქციზური მარკა, 2017 წელს ამ რიცხვმა 79 მილიონ კოლოფს მიაღწია, 2018 წლის პირველ ნახევარში კი - უფილტრო სიგარეტზე 40 მილიონი აქციზური მარკაა გაცემული, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება. მოკლედ რომ ვთქვათ, ფილტრიანი სიგარეტის გაძვირების გამო მოსახლეობის ერთი ნაწილი უფილტრო თამბაქოზე გადავიდა.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ
"გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან, სადაც ცნობილები გულახდილად საუბრობენ ამ პრობლემაზე:

გიორგი შენგელაია, კინორეჟისორი:
- ნარკოტიკებისა და ნიკოტინისკენ სწრაფვა ყველაზე მეტად იგრძნობა განვითარებად, ღარიბ ქვეყნებში, სადაც ადამიანი არარეალიზებულია, ნორმალური ცხოვრების პირობები არა აქვს
და ცდილობს, ილუზიებით იცხოვროს. გამოასწორეთ ამ ხალხის სოციალური მდგომარეობა, მიეცით სამუშაო, მომავლის იმედი, სიხარული და მსგავსი პრობლემები აღარ გვექნება. ჩვენთან კი რა ხდება? - სოციალური მდგომარეობა დღითი დღე უარესდება და ხალხმაც აღარ იცის, როგორ დააღწიოს თავი მკაცრ რეალობას. ბოლო ხანებში ხომ ნამდვილი აბსურდის მოწმენი გავხდით: სიგარეტი აკრძალეს და მარიხუანა ლეგალიზებული გახადეს - არც კი ვიცი, ამას რა ვუწოდო!.."

მედეა ლორთქიფანიძე, მსახიობი:
- ჩემი აზრით, სიგარეტის გაძვირებამ უფრო გააღიზიანა ხალხი, მართალია, ბევრს მატერიალურად ძალიან უჭირს, მაგრამ მოწევას თავს ვერ ანებებს. სიგარეტი არ უნდა გააძვირონ, რადგან ამით ბევრი ოჯახი კიდევ უფრო გაღარიბდება. გაძვირება და აკრძალვა არასწორი მეთოდებია. რაც უნდა აუკრძალო, რაც უნდა შეზღუდო, ამით ბევრს ვერაფერს შეცვლი..."


ნიკა ლომიძე, პროდიუსერი, ტელეწამყვანი:

- არ დაგიმალავთ: მეც მწეველი ვარ და რაღაც ვერ ვატყობ, რომ სიგარეტის გაძვირებისა და აკრძალვის შემდეგ მწეველთა რიცხვი შემცირებულიყო. ამის უკან მგონი ვიღაცების კომერციული ინტერესები იმალება და არა - ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ჩემი აზრით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გაძვირება და მკაცრი სანქციების დაწესება..."

ამ და სხვა ცნობილი ადამიანების ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 23 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ...

ხათუნა ჩიგოგიძე
...
25 აგვისტო 2018 00:57
თუ პრეზიდენტი სხვა პარტიიდან იქნება ყველა იფიქრებს რომ, ის აგენტია.
გიორგი.
24 აგვისტო 2018 23:09
და ფულის მჭრელებმა.
!
24 აგვისტო 2018 09:42
ამას პირობითად უწოდეთ საქართველო

რედაქტორის რჩევით