"ბრძოლის წინ უთქვამს - მე ლამაზ სიკვდილს გაჩვენებთო და"... - კვირის პალიტრა

"ბრძოლის წინ უთქვამს - მე ლამაზ სიკვდილს გაჩვენებთო და"...

"ჩემს შვილს როგორ ვკადრებდი, ჯარში არ წახვიდე-მეთქი?!"

2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსული ტელეარხები ხშირად გადმოსცემდნენ ორ ერთმანეთთან დაკავშირებულ სიუჟეტს. ერთ შემთხვევაში სეპარატისტები ქართველი მეომრის გვამს ორჯერ წვავენ, მეორედ კი რუსი ჟურნალისტი სწორედ ამ გვამზე მიუთითებს, აფროამერიკელი ჯარისკაციაო. "აი, ვინ ეხმარებოდა საქართველოს სამხრეთ ოსეთში, ვინ აჭრიდა თავებს ქალებსა და ბავშვებს", - უსინდისოდ ცრუობდა კორესპონდენტი, რადგან კარგად იცოდა, რა ეწერა მეომრის კისერზე შერჩენილ ჟეტონს.

მასზე გარკვევით იკითხებოდა მისი გვარ-სახელი - სერგო მელია. ჟეტონი რუსების ვიდეოფირში კარგად ჩანს. სერგოს ბრძოლის წინ ვინაობის დამადასტურებელი ფირფიტა არ მოუხსნია. თურმე ყოველთვის ამბობდა, თუ რამე მოხდება, ამით მიპოვითო. მიუხედავად ამისა, მისი გვამის მოძიება რამდენიმე თვე გაგრძელდა?!

"სერგოს ყველა თანამებრძოლმა იცოდა, რომ ის დაიღუპა, გივი თარგამაძემ კი რატომღაც უგზო-უკვლოდ დაკარგულებს მიათვალა. არადა, გული მიგრძნობდა, რომ ის სწორედ მათ შორის იყო, ვინც 26 აგვისტოს გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. ყველა ბიჭი ერთად დავიტირე.

როდესაც ცხედრები ჩამოასვენეს, სისხლის ანალიზი აგვიღეს, გვითხრეს დნმ-ს პასუხი ოთხი დღის შემდეგ იქნებაო, არადა, ოთხი თვე დასჭირდა ამის დადგენას?! მის სახელზე სკვერის გაკეთებაც გაჭიანურდა. არადა, ამდენი ლამაზი სკვერი იხსნება. შთამომავლობა არ დარჩენია, ამით მაინც დავამახსოვროთ ხალხს მისი სახელი. ასე ძნელია ამ მცირე პატივის მიგება ჩემი შვილის ხსოვნისთვის?" - ამბობს სერგოს დედა ზაირა მელია.

2008 წლის 15 აგვისტოს ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში დაჭრილების მონახულებისას შევნიშნე, რომ ერთ-ერთ პალატაში ბიჭები იცრემლებოდნენ. სერგო მელიას მამა ეძებდა. ვერ ვუთხარით, რომ მკვდარია, ჩვენ თვალწინ დაიღუპა დაბომბვის დროს,  სიკვდილამდე რამდენიმე კაცის სიცოცხლე იხსნაო, იხსენებდნენ ბიჭები.

8 აგვისტოს, ქართული სამხედრო ძალების უკან დახევისას, მეოთხე ბრიგადის 42-ე ბატალიონის მეორე ქვეითი ასეულის მეთაური სერგო მელია შტაბს მიამაგრეს, მისი ასეული კი ოფიცერ ნატროშვილს ჩააბარეს. გაგრელ ბიჭს შტაბში რა დააყენებდა და მეგობართან, სოხუმელ მურად ტორჩინავასთან ერთად გაჰყოლია თავის "ბრაოს" ასეულს. ბრძოლის დროს ასეულის ერთი ნაწილი ავტოგასამართი სადგურის ახლოს მოხვდა. მტერმა ცეცხლი გახსნა და საწვავით სავსე ავზები აფეთქდა. ნატროშვილი ცოცხლად დაიწვა. წინ წასული სერგო  მობრუნდა და დაუფიქრებლად გაექანა დაჭრილების გადასარჩენად.

KvirisPalitra.Ge"ერთი რომ ამოიყვანა, ჟილეტი გაიხადა, ხელს მიშლისო. მეორეც ამოიყვანა (ორივე დაჭრილი გადარჩა). ამასობაში მანქანაც მოვიდა მათ გადასაყვანად. სანამ მედდები დაჭრილებს მიხედავდნენ, დაღლილი ბიჭები მიწაზე ჩამოსხდნენ სულის მოსათქმელად. უცებ ავიაციის მიერ მასობრივი დაბომბვა დაიწყო და მათ უკან ბომბი აფეთქდა. მურად ტორჩინავა 7 მეტრზე გაისროლა.

ფეხში დაიჭრა, მაგრამ მოძრაობა შეეძლო. ზვიად მემანიშვილს ჩაფხუტი გახეთქოდა და ტვინი გადმოსდიოდა (გადარჩა, კვლავ ჯარშია), სერგოს მიწა ეყარა, მურადმა გადაფერთხა, თვალები და პირი დარჩენოდა ოდნავ ღია. თვალები რომ დაუხუჭა, სველი ჰქონდა, ეტყობა, სიმწრისა და აუსრულებელი ოცნების ბოლო ცრემლი გადმოუგორდა", - იხსენებენ მეგობრები. ცხინვალში შესვლისას რუსულენოვანი ტრაფარეტი რომ წაუქცევიათ, სერგოს უთქვამს, ასე შევალთ გაგრაშიცო. არ დაგავიწყდეს, სერგო, გაგრამდე სოხუმიაო, შეუხსენებია ღიმილით მურად ტორჩინავას. მას სჯერა, რომ სერგოს ოცნება ასრულდება...

8 აგვისტოს ცხინვალში, ე.წ. "დუბოვაია როშჩაში" მანქანა დაჭრილებით დატვირთეს. სერგო დატოვეს, რადგან სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ფეხში დაჭრილმა ტორჩინავამ ვერ გაიმეტა მეგობარი და ტყიდან ტრასამდე ზურგით ატარა. მერე მანქანაც ნახეს. სერგო ძარაზე აიყვანეს, მაგრამ ძრავა ჩაქრა.

უკან დახევისას მანქანაც და სერგოც დატოვეს. ის ჟილეტი რომ არ გაეხადა, იქნებ გადარჩენილიყო, ამბობენ ჯარისკაცები და მის მოწოდებას იხსენებენ: "ნუ გეშინიათ, მეომრებო! თუ დავეცემით, იცოდეთ, არასოდეს მოვკვდებით! ჩვენ მუდამ ცოცხლები ვიქნებით!" - უთხრა სერგომ ბრძოლაში ჩაბმის წინ ასეულს, რომლის თითოეულ ჯარისკაცსაც თვალისჩინივით უფრთხილდებოდა. ახლა მისი ომახიანი მოწოდება საფლავის ქვაზე წერია.

"სერგო გაგრაში დაბრუნებაზე ოცნებობდა, სამხედრო აკადემიაშიც ამიტომ ჩააბარა. ამბობდა, ყველას ჩაგასწრებთ ჩემს ქალაქშიო. გაგრის დაცემის ცნობილი ფოტო კაბინეტში ეკიდა. სურათის ზედა მხარეს ""ჩვენ დავბრუნდებით!"," ქვედა მხარეს კი ,,აბიზატელნოო"," მიაწერა. აკადემიაში სწავლის დროს რამდენჯერმე ძლივს გადავათქმევინეთ აფხაზეთში პარტიზანად წასვლა.

1999 წლიდან მსახურობდა სენაკის სამხედრო ნაწილში, მაგრამ ჯარში უმძიმესი მდგომარეობის გამო იძულებული გახდა 2003 წელს მიეტოვებინა სამხედრო სამსახური. სინანულით ამბობდა, ჯარისკაცს ქვეყნის დაცვას ვერ მოსთხოვ, როცა ფეხზე ჩუსტი აცვია და მხოლოდ პურს ჭამსო". ამის გამო ერთხანს დაკარგა აფხაზეთში დაბრუნების იმედიც, რაც გულს უკლავდა. ამას ემატებოდა ოჯახში სიდუხჭირე, რის გამოც იძულებული გახდა მოსკოვში წასულიყო სამუშაოდ, მაგრამ 2005 წელს დაბრუნდა და სამხედრო სამსახურში აღიდგინა თავი", - იხსენებს სერგოს და ნანა.

ზაირა მელია: "ზოგმა მითხრა, ჯარში როგორ გაუშვიო. მე შვილს ვაჟკაცად ვზრდიდი, როგორ შევკადრებდი, ჯარში არ წახვიდე-მეთქი. ყოველთვის განიცდიდა, დედები რომ შვილებს ჯარს არიდებდნენ. მახსოვს, მეთერთმეტე კლასში თავისუფალი თემა დაწერა "მე და საქართველო". წერდა, სად არიან ის დედები, ვინც სამშობლოს დამცველად ზრდიდნენ შვილებს და გზას ულოცავდნენ შეგონებით, მტერს ზურგი არ აჩვენოთო?!

"სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედაო", ამბობდა და როდესაც არჩევანი სამშობლოსა და დედას შორის დაუდგა, უყოყმანოდ გამცვალა საქართველოზე. ის ხელფასისთვის კი არ იყო ჯარში, არამედ საქართველოს გასამთლიანებლად. ასეთი ჯარისკაცის დედამ შვილის გაყინული ხელფასი რომ მოვითხოვე, მიპასუხეს, ჩვენს დროს არ გაყინულა ეგ ფული, მაშინ მინისტრი ვინც იყო, იმას მოსთხოვეთო.

კი მაგრამ, საქართველო ხომ ყოველთვის ერთი სახელმწიფო იყო, წინა მინისტრის დროსაც და ახლაც?"

ბრძოლის წინ იარაღს რომ არიგებდა, სერგოს ჯარისკაცებისთვის ღიმილით უთქვამს, დღეს მე ლამაზ სიკვდილს გაჩვენებთო. გმირები მართლაც ლამაზად კვდებიან!