საქართველოში მოზარდების მწეველობის მაჩვენებელი საგანგაშოა! - კვირის პალიტრა

საქართველოში მოზარდების მწეველობის მაჩვენებელი საგანგაშოა!

საქართველოში მოზარდების მიერ თამბაქოს მოხმარების სტატისტიკას შემაშფოთებელს უწოდებენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ინგლისიდან იან გრეი და პოლ ჰუპერი, რომლებიც საქართველოში სპეციალური ვიზიტით, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის გამოცდილების გასაზიარებლად იმყოფებოდნენ. ლუგარის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე მათ ინგლისის თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების გამოცდილება გაუზიარეს შემოსავლების სამსახურის ოფიცრებს და განსაკუთრებული ყურადღება აღსრულების იმ მექანიზმებზე გაამახვილეს, რომელთა საშუალებით შეუძლებელი უნდა გახდეს ბავშვებზე, მოზარდებზე თამბაქოს ნაწარმის მიყიდვა და ხელმისაწვდომობა. ექსპერტების თქმით, საქართველოში მოზარდების მწეველობის მაჩვენებელი საგანგაშოა, თუმცა, არა უცხო ინგლისისთვის, სადაც დღევანდელი საქართველოს მსგავსი მდგომარეობა გასული საუკუნის 90-იან წლებში ყოფილა. იმდროინდელ ინგლისშიც მოზარდების დიდი ნაწილი თამბაქოს ნაწარმს მოიხმარდა და არასახარბიელოდ კონტროლირდებოდა მათზე აღნიშნული პროდუქტის რეალიზაციაც, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში მოზარდებისთვის თამბაქოს ნაწარმის მიყიდვა ჯერ კიდევ 1939 წლიდან იკრძალება. სწორი აღსრულების პოლიტიკის წყალობით, ინგლისში დღეს მოზარდების მხოლოდ 5% ეწევა, საქართველოში კი, ნიშნული 15%-ზე მეტია. პოლ ჰუპერი: - ინგლისში ვამბობთ, რომ მოწევა ვიქტორიანული ეპოქის გადმონაშთი და ძალიან ძველმოდურია, მაგრამ დღესაც ბევრი ბავშვი მოიხმარს თამბაქოს, რაც შოკისმომგვრელი და ძალიან ცუდია მოზარდებისთვის, რადგან ვიდრე მოწევის შედეგად გამოწვეული დაავადება გამოაჩნდება, შესაძლოა ის უკვე ძალიან შორს წასული იყოს. თუ ადამიანი ბავშვობაში დაიწყებს მოწევას და არც არასდროს შეწყვეტს, დიდი შანსია, ახალგაზრდა გარდაიცვალოს. თუ ბავშვობაში დაანებებს თავს, მოწევით მიყენებული ზიანი მალე აღმოიფხვრება. სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რომ ბავშვი ოთხ კვირაში შეიძლება გახდეს თამბაქოზე დამოკიდებული.

საქართველოში მოკლე დროით ვიზიტის მიუხედავად, შესაძლებლობა გვქონდა შემოსავლების სამსახურის ოფიცრებთან ერთად გავსულიყავით და გვენახა ყიდიან თუ არა სიგარეტს ღერებით. სამწუხაროდ, ეს პრობლემა არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ღერებით ვაჭრობის შესახებ ჯერ კიდევ 2003 წელს მიგიღიათ. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აღმასრულებელი ოფიცრების მუშაობამ, ისინი გულითადად უდგებიან საქმეს, აკვირდებიან, უთვალთვალებენ ღერებით მოვაჭრეებს, რომ ფაქტებზე დაიჭირონ. სამწუხაროდ, ასე საქმე წინ ვერ წავა. ამიტომაც საქართველოშიც უნდა ამოქმედდეს საერთაშორისო პრაქტიკა და კანონდამრღვევი მოვაჭრეების გამოსავლენად და პრევენციისთვის საქმეში არასრულწლოვნები უნდა ჩართოთ. ჩვენ ამ კუთხით საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ საქართველოს შემოსავლების სამსახურის ოფიცრებს. ევროპის ქვეყნებში არასრულწოვნებს ამ მეთოდში ეთიკური ნორმების ზედმიწევნით დაცვით, მშობლებთან შეთანხმებით, სამართალდამცველების სრული კონტროლის ქვეშ რთავენ. მოზარდები მაღალი სამოქალაქო მოვალეობის შემსრულებელ პირებად მიიჩნევიან, მათ იციან, რომ ჯანსაღი მომავალი თაობისთვის მუშაობენ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ოფიცრებს შესაბამისი სამინისტროსგან მწვანე შუქი აუნთონ ამ საქმეში არასრულწლოვნების ჩასართავად. ჩვენ მასტერ-კლასის ფორმატში, როლური თამაშების სახით წარმოვადგინეთ როგორ ხდება ეს პროცესი ინგლისში და ვფიქრობ, ამის განხორციელება პრობლემა საქართველოშიც არ უნდა იყოს. ღერებით მოვაჭრეების მიმართ მხოლოდ დადარაჯებით და დაკვრივებით, წარმოუდგენელია ეს კანონი დაინერგოს. თუ საქართველო მიაღწევს წარმატებას ამ კუთხით, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვები გაიზრდებიან თამბაქოს გარეშე. იან გრეი: - ჩვენ აქ მოვლინებული ვართ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს ჩარჩო კონვენციის სამდივნოს მიერ და რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას მივაწვდით რეკომენდაციებს, რათა მან ოფიციალურად შესთავაზოს საქართველოს მთავრობას საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა ქართულ სინამდვილეში. უკვე სამჯერ ჩამოვედით საქართველოში. ერთხელ კანონის მისაღებად განხილვებზე, შედეგი წარმატებული იყო, კანონი მიიღეთ. მეორედ პოლიციის ოფიცრები მოვამზადეთ კანონის აღსრულებისათვის, სამიოდე თვეში შესანიშნავი შედეგიa, ქუჩიდან რეკლამები სრულიად გამქრალია, რესტორნებში არ ეწევიან. ასე მოკლე ხანში მსგავი მიღწევა იოლი არ არის. ვიმედოვნებ, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის და განლაგების კონტროლსაც ასე წარმატებით შეძლებთ, რაც შემოსავლების სამსახურმა უნდა გააკეთოს. ვერ ვხედავთ მიზეზს, რის გამოც რეგიონში საქართველო თამბაქოს კონტროლის კუთხით ვერ გახდება ძალიან წარმატებული ქვეყანა. თქვენი კანონები საკმოდ ძლიერია, პროფესიონალი ოფიცრები გყავთ და მთავრობა აცხადებს, რომ ერთგულია ამ საკითხის მიმართ. შესაძლოა, ინგლისის მსგავსად მალე გაგიჩნდეთ თამბაქოსგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის ამბიცია.

პ.ს. მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან იკრძალება თამბაქოს ნაწარმის (მათ შორის ელექტრონული სიგარეტის) გამოდება ვიტრაჟებსა და ვიტრინებში. ასევე იკრძალება ე.წ. „დრაივ თობაქოს“ ჯიხურებიდან თამბაქოს ნაწარმის შეძენა მანქანიდან გადმოუსვლელად. საჯარიმო სანქცია განისაზღვრა 2000 ლარის, განმეორების შემთხვევაში კი 4000 ლარის ოდენობით. ამ მიმართულებების დარღვევებზე რეაგირება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ევალება.