თბილისში, ერთ-ერთ ქუჩასა და სკვერს შმაგი სოფრომაძის და გიორგი ქარაიას სახელი მიენიჭება - კვირის პალიტრა

თბილისში, ერთ-ერთ ქუჩასა და სკვერს შმაგი სოფრომაძის და გიორგი ქარაიას სახელი მიენიჭება

თბილისში ქუჩასა და სკვერს შმაგი სოფრომაძის და გიორგი ქარაიას სახელი მიენიჭება. როგორც "ინტერპრესნიუსს“ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ საჯარო განხილვა გამართა, რომელშიც დაინტერესებული მხარეები და ცნობილი მეცნიერები მონაწილეობდნენ.

კომისიამ სულ სახელდების 25 საკითხი განიხილა. კომისიის სხდომაზე მხარი დაუჭირეს ჩუღურეთის რაიონში, ერთ-ერთ უსახელო სკვერს, 2004 წელს ცხინვალის რეგიონში საბრძოლო ოპერაციებში გმირულად დაღუპული გიორგი ქარაიას სახელი მიენიჭოს. საკითხი საკრებულოში ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ წარადგინა. ასევე, ისნის რაიონში, ე.წ. სამხედრო ქალაქში მდებარე უსახელო ქუჩას და შესახვევებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელი ეწოდება.

კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, შმაგი სოფრომაძის სახელობის ქუჩა, გიორგი ანწუხელიძის ქუჩის მიმდებარედ იქნება, რაც სიმბოლურია.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, სამშობლოს წინაშე მისი დამსახურებისა და სახელის უკვდავსაყოფად, თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის შმაგი სოფრომაძის სახელის მინიჭების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ’’მებრძოლ პატრიოტთა კავშირის’’ თხოვნის საფუძველზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, ქ. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს, მიმდინარე წლის 29 ივნისს მიმართა.