"ნათია რომ არა, დღეს ჩემი გადიდებული სურათი დაგხვდებოდათ კედელზე" - კვირის პალიტრა

"ნათია რომ არა, დღეს ჩემი გადიდებული სურათი დაგხვდებოდათ კედელზე"

ზაზა კოლელიშვილმა დასამახსოვრებელი სახეები შექმნა კინოში. მერე თვითონაც გადაიღო ფილმები. მის გვერდით მომხიბვლელი მეუღლე, ნათია გოგოჭური დგას. უკვე ხუთი შვილის მშობლები და ხუთი შვილიშვილის პაპა და ბებია არიან. მიუხედავად ყველაფრისა, ნათია ჩემი ყველაზე დიდი მონაპოვარიაო, ამბობს ბატონი ზაზა.

- გადასარევ ოჯახში გავიზარდე. ერთი ბიჭი ვიყავი შვილიშვილებში და გადაყოლილი იყვნენ ჩემზე. პაპა ჯერ რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო, მერე - თელავის. დედის ძმა გია მატარაძე რეჟისორი გახლდათ. მეც თეატრში გავიზარდე. თუმცა ბავშვობიდან მხატვრობა მინდოდა, მაგრამ ჩარლი ჩაპლინის მონაწილეობით ვნახე ფილმი და მოსვენება დავკარგე.

- თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარეთ? - ჯერ აკადემიაში ჩავაბარე. იქიდან წამოვედი და პედაგოგიურზე დავიწყე სწავლა. სანამ დავამთავრებდი, თენგიზ აბულაძემ "ნატვრის ხეში" შეთეს როლზე ამიყვანა. გადაღებებისას თინა ბურბუთაშვილმა, დუტა სხირტლაძის ბებიამ ("ნატვრის ხეში" დედაჩემს ასახიერებს), მითხრა, სხვაგვარად წარმოუდგენელია, თეატრალურზე უნდა ჩააბაროო. ჰოდა, ყველაფერი მივატოვე, დავკარი ფეხი და ჩავაბარე თეატრალურზე. ახლა ვფიქრობ, კიდევ შევიცვალო საქმიანობა - მეურნეობას მოვეკიდები კახეთში.

- პირველ ფილმზე მიამბეთ... შეთეს როლზე ბევრი კონკურენტი გეყოლებოდათ... - როგორც ვიცი, 600-მდე ბიჭი გაუსინჯავთ. მარიტაზე აღარაფერს ვამბობ - ბატონ თენგიზს 1500 გოგო ჰყოლია გასინჯული და მაინც განაგრძობდა ძებნას. შემთხვევით გადაჰყრია ერთად მომავალ სოსო ჯაჭვლიანსა და ლიკა ქავჟარაძეს და წამოუძახია, გედია და მარიტა მოდიანო. კარგად მახსოვს ის დღე, სამივე ერთად რომ გადაგვიღეს გრიმებით, კოსტიუმებით. რომ გამომიცხადეს, შეთეს როლზე დაგამტკიცეთო, ეს ჩემთვის შვილების დაბადების სადარი მოვლენა იყო.

ერთი სცენა მახსოვს განსაკუთრებით - მე და ლიკა რომ ვართ განმარტოებით და ამ დროს ჩიტი შემოფრინდაო, წამოიძახებს ლიკა. ამაზე შეთე შმაგდება და ამტვრევს ყველაფერს. ამ სცენის სამი დუბლი გადავიღეთ და არ გამოდიოდა, არ მოსწონდა აბულაძეს. ნანა ჯანელიძე, რამაზ გიორგობიანი, გია მატარაძე იქვე იყვნენ. გამიყვანეს და გამამწარეს, მომწამლეს, გამაგიჟეს... ახლა გადაიღეთ, ბატონო თენგიზო, ანიშნეს. "მატორ!" - რომ გაისმა, გადასაღებ მოედანზე მათრახის ქნევით შევვარდი და მივლეწე იქაურობა... ერთი დუბლი ეყო ყველაფერს. ისეთი გააფთრებული ვიყავი, ჩიტიც კი ემსხვერპლა ჩემს მათრახს. გადაღება რომ დამთავრდა, წავედით და დავმარხეთ ის ჩიტი.

- "ნატვრის ხემდე" იცნობდით ლიკას? - ლიკა გადაღებაზე გავიცანი. ბავშვი იყო, დედა პატრონობდა. ის სცენა მახსოვს, ვირზე რომ შესვამენ. ძალიან ცუდი ამინდები იყო - ნისლი, წვიმა... გადაღებების შემდეგ გაყინული იყო და ნაბადში გახვეული ხელით მიმყავდა ავტობუსამდე. სიღნაღის სასტუმროში მხოლოდ ერთ ნომერში მოდიოდა ცხელი წყალი და ლიკა იქ ჰყავდათ დაბინავებული.

"ნატვრის ხემ" შექმნა ჩვენი კარიერა და სამომავლო ცხოვრებაც გადაწყვიტა...

- "კუკარაჩაში" რამდენი წლის იყავით? - ფილმი როცა გამოვიდა, 22 წლის ვიყავი. ქეთი დოლიძეს უნდოდა, მურტალოს როლი შემესრულებინა - ზედგამოჭრილიაო, ამბობდა. ბატონმა სიკომ მომცა როლის გასაღები, როგორი ტიპი უნდა განმესახიერებინა. უნდა მეთამაშა ადამიანი, რომელსაც 1937 წელს ახლობლები დაუხვრიტეს და მანაც ვიოლინოს მაგივრად იარაღი აიღო ხელში... ამ ფილმმა საბჭოთა კავშირსა და სხვა სოციალისტურ ქვეყნებში რეკორდი მოხსნა - 47 მილიონმა ადამიანმა ნახა. ცოტა ხნის წინ "კუკარაჩა" გადიოდა და ქეთიმ მომწერა, რა კარგი ხარ, შე ოხერო, მეტირებაო... ძალიან გამიხარდა. სიყვარული არც მაყურებლებისგან მომკლებია, თუ მას არ ეყვარები, კაპიკია შენი ფასი, მაგრამ ჯერ კარგი ადამიანი უნდა იყო და მერე - კარგი მსახიობი.

- ალბათ, თვალს ადევნებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, არც პოლიტიკისგან ხართ შორს... - მე მხარში ვედექი "ქართულ ოცნებას"... ახლა ისეთ ასაკში ვარ, ქვეყანას ჩემი პოზიციით, სიტყვით თუ საქმით უნდა მივხედო. ბოლოს არც მიმიღია არჩევნებში მონაწილეობა. შემდეგი არჩევნების დროს კი ისეთ ასაკში ვიქნები, რაღა მინდა პარლამენტში. პარლამენტი კანონშემოქმედი ხალხის ადგილია, თუმცა, შესაძლოა, იყვნენ ხელოვანებიც, სპორტსმენებიც. ისინი იდეოლოგიის მატარებლად უნდა გამოიყენონ...

რაც შეეხება მარიხუანას, მომხრე ვარ, რომ მისი მომხმარებლები არ დაიჭირონ, მაგრამ რეგულაციები უნდა დაწესდეს - თუ მოსწევ, ზოგიერთ სამსახურში ვერ იმუშავებ. დაბოლილი მასწავლებელი, დეპუტატი, ექიმი, მძღოლი არავის სჭირდება.

- ოჯახზეც მიამბეთ... - ხუთი შვილი მყავს, ხუთი შვილიშვილი... ყველაფერი მეუღლის დამსახურებაა. ახლა რომ გესაუბრებით, ისიც, რადგან ნათია რომ არა, დღეს ჩემი გადიდებული სურათი დაგხვდებოდათ კედელზე. ძალიან ბევრს ვსვამდი. როლები როლებად, მაგრამ ნათია ყველაზე დიდი მონაპოვარია ჩემს ცხოვრებაში.

ეკა სალაღაია